ქართულმა ტექნოლოგიურმა სექტორმა საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა - ვაკო თურნავა
ქართულმა ტექნოლოგიურმა სექტორმა საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.
სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანია, მოქალაქემ საკუთარ ქალაქში შეძლოს პროფესიის დაუფლება და როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში დასაქმება - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:14
მნიშვნელოვანია, მოქალაქემ საკუთარ ქალაქში შეძლოს პროფესიის დაუფლება და როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში დასაქმება, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ყველაფერი პროცესია, როგორც ხედავთ, და ეს არის ისეთი პროცესი, სადაც ჩვენი მთავრობა ზუსტად ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება იმ სტრატეგიას, რაც გაცხადებული გვაქვს IT სექტორში.
ჩვენ საქართველოში გვყავს საერთაშორისო IT კომპანიები. რატომ შემოვიდნენ? იმიტომ, რომ ჩვენ დავაანონსეთ და დღეს საქართველოში მუშაობენ საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიები, რომლებიც თითქმის მხოლოდ 5%-ით იბეგრებიან. შესაბამისად, ეს არის ძალიან მიმზიდველი. ძალიან ბევრი IT კომპანია ამის გამო ჩამოვიდა.
ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯი იყო სამწლიანი ცხოვრების უფლება, რაც კიდევ უფრო აძლევს საშუალებას უცხოელებს, უცხოელ სპეციალისტებს, საქართველოში ჩამოვიდნენ, აქედან იმუშაონ და სპილოვერის ეფექტი მისცენ ჩვენს მოქალაქეებს, ანუ ასწავლონ ჩვენს მოქალაქეებს.
ასევე ბევრი ინიციატივაა იმისთვის, რომ განათლებაში ძალიან ბევრი თანხა იდება, რასაც თუნდაც ეს კოლეჯები განაპირობებს. სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ყველა კოლეჯში, არამარტო Skillwill-ში. ყველა კოლეჯში, სადაც ადამიანი მოისურვებს, მოქალაქე მოისურვებს, რომ ისწავლოს, სახელმწიფო გვერდში უდგას და აფინანსებს ამას. ეს არის ინვესტიცია ადამიანებში, ინვესტიცია ჩვენს მომავალში. ამიტომ ეს აუცილებლად გაგრძელდება.
ჩემთვის შედეგი არის ის, რომ ადამიანს, როდესაც შეეძლება საკუთარ ქალაქში ისწავლოს პროფესია და შემდეგ იქიდან იმუშაოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებში, უკვე ეს პროცესი მიდის და ეს არის სწორი მიმართულება. ასე დავინახავთ, სწორად მივდივართ თუ არა.
მე, როდესაც ვხედავ, რომ ერთ-ერთ კომპანიას, მაგალითად, 4 000 პროგრამისტი ჰყავს დასაქმებული, მეორე კომპანიას 1 000 პროგრამისტი ჰყავს დასაქმებული, რაც უფრო მეტი ადამიანი ისწავლის ამ პროფესიას, კიდევ უფრო მეტი დასაქმდება, ვინაიდან მოთხოვნა არის ძალიან დიდი. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა და არა მარტო საქართველოში. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ცხოვრობ, კარგი ინტერნეტი თუ გაქვს, შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმუშაო. ამიტომ ჩვენ, ქართველები და არამარტო ქართველები, საქართველოდან ვეჯიბრებით სხვა ქვეყნებს“, - აცხადებს ვაკო თურნავა.