მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

ქართველები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე - ბრძოლა პირველი მედლებისთვის

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სულ უფრო ახლოვდება - ტურნირს იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, მილანი და კორტინა-დ'ამპეცო უმასპინძლებს. ლომბარდიის დედაქალაქისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიადა იქნება, კორტინა-დ’ამპეცოსთვის კი - ერთგვარი რეტროსპექტივა, რადგან მან ზამთრის თამაშებს ჯერ კიდევ შორეულ 1956 წელს უმასპინძლა.

სწორედ 1956 წელს, კორტინა-დ'ამპეცოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, პირველმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. კობა წაქაძე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრამპლინიდან მხტომელი გახლდათ. კარიერის განმავლობაში, “მფრინავ ტორპედოდ” წოდებულმა სპორტსმენმა ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე იასპარეზა (1956, 1960, 1964, 1972) და მისი საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილი იყო. წაქაძე ხტომის ორიგინალური მანერით გამოირჩეოდა, რამაც ამერიკელი ნოველისტი და პოეტი ჯონ აპდაიკი იმდენად აღაფრთოვანა, რომ ქართველ სპორტსმენს ლექსიც კი მიუძღვნა (Tsokadze O Altitudo).

დამოუკიდებელი საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე

კობა წაქაძის შემდეგ, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, საქართველოს ზამთრის ოლიმპიადებზე წარმომადგენელი აღარ ჰყოლია. პაუზა 1994 წელს, ლილეჰამერის თამაშებზე დასრულდა, სადაც საქართველო ოთხი სპორტსმენით წარსდგა. ეს იყო პირველი ზამთრის ოლიმპიადა, სადაც გახსნის ცერემონიალზე საქართველოს დროშა აღიმართა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ დელეგაციაში კობა წაქაძის შვილი, კახა წაქაძეც ირიცხებოდა, რომელმაც ჯამში სამ ოლიმპიადაზე იასპარეზა.

1998 წლის ნაგანოს ოლიმპიადაზე კი ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა: საქართველოს სახელით პირველმა ქალმა სპორტსმენმა, სოფიკო ახმეტელმა (სლალომი) იასპარეზა. ამავე თამაშებზე ქართული დელეგაციისთვის საუკეთესო შედეგი ზურაბ ჯიჯიშვილმა აჩვენა, რომელმაც ძალები სწრაფად აშვებასა და სლალომში მოსინჯა.

ელენე გედევანიშვილი

2002 წლის სოლტ ლეიკ სიტის ოლიმპიადაზე საქართველომ ფიგურულ ციგურაობაში პირველი წარმომადგენელი ვახტანგ მურვანიძის სახით წარადგინა, რომელმაც მე-17 ადგილი დაიკავა. მოგვიანებით, 2006 წელს მისი შედეგი 16 წლის ელენე გედევანიშვილმა გააუმჯობესა.

ელენეს დებიუტი დიდებს შორის 2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე შედგა, სადაც მან მე-5 ადგილი მოიპოვა. იმავე წლის ტურინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ელენემ მოკლე პროგრამაში ბრწყინვალედ იასპარეზა და მე-6 ადგილი დაიკავა, რაც ყველასთვის მოულოდნელი შედეგი იყო. თავისუფალ პროგრამაში ნერვიულობამ და გამოუცდელობამ თავისი გაიტანა, გედევანიშვილმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ მე-10 ადგილზე გავიდა.

2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადას ელენე უკვე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის სტატუსით შეხვდა. მასზე დიდი იმედები მყარდებოდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა თავისუფალ პროგრამაში დაშვებული შეცდომა მას ქულების დაკარგვად დაუჯდა და საბოლოოდ, ელენემ მე-14 ადგილი დაიკავა.

2014 წლის სოჭის ოლიმპიადა ელენეს მესამე და უკანასკნელი ოლიმპიადა იყო. ამ პერიოდში, სპორტსმენს უკვე ტრავმები აწუხებდა და ფორმის შენარჩუნება უჭირდა. შედეგად, გედევანიშვილმა მე-19 ადგილი დაიკავა, თუმცა განვლილი კარიერით დაამტკიცა, რომ საქართველოს სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო ელიტაში ყოფნა შეეძლო.

ნოდარ ქუმარიტაშვილი

2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ქართველი მოციგავე, ნოდარ ქუმარიტაშვილი. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქუმარიტაშვილი უისტლერის საციგაო ცენტრში საკვალიფიკაციო ვარჯიშს გადიოდა. უისტლერის ტრასა იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და საშიშ საციგაო გზად ითვლებოდა. სპორტსმენები იქ ისეთ სიჩქარეს ავითარებდნენ, რისთვისაც თავად ტრასა მზად არ იყო. ბოლო მოსახვევში ნოდარის ციგა ტრასის კიდეს შეეჯახა, ინერციამ კი სპორტსმენი გარეთ გაიტყორცნა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქართულმა დელეგაციამ, მძიმე ტრაგედიის მიუხედავად, მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეტოვებინა ოლიმპიადა და ნოდარის ხსოვნის პატივსაცემად ეასპარეზა. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრები შავი სამკლავურებითა და ნოდარის სურათიანი დროშით გამოვიდა, რასაც მაყურებელი ფეხზე წამოდგომითა და ოვაციებით შეხვდა.

2018-2022 წლები

2018 წლის პიონგჩანგის (სამხრეთ კორეა)თამაშებზე ქვეყანა ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. საუკეთესო შედეგი (XXIV) დებიუტანტმა, მორის ყვითელაშვილმა დაიკავა, რომელმაც 4 წლის შემდეგ საკუთარი შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა, მე-10 ადგილზე გადაინაცვლა და ელენე გედევანიშვილის მიღწევა გაიმეორა.

2018 წელს თავის მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა ბაკურიანელმა სამთო მოთხილამურემ იასონ აბრამაშვილმა, რომლის ოლიმპიური დებიუტიც 2006 წელს ტურინში შედგა.

2022 წლის პეკინის XXIV ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველომ სარეკორდო, 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ამასთანავე, განსაკუთრებული, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ოლიმპიურ ნაკრებში ნოდარ ქუმარიტაშვილის ახლო ნათესავის, ასევე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილის ყოფნას, რომელმაც ნოდარის ტრაგედიიდან 12 წლის შემდეგ ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზა.

პეკინში ისტორიული შედეგი დააფიქსირა ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილმაც (მე-9 ადგილი).

აღსანიშნავია, რომ პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მიიღო საქართველოს ფიგურული ციგურაობის ოლიმპიურმა ნაკრებმა მონაწილეობა გუნდურ შეჯიბრებაში, სადაც 10 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა მე-6 ადგილი.

ქართველი სპორტსმენები 2026 წლის ოლიმპიადაზე

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ისტორიული მაჩვენებელი აქვს - ბრწყინვალედ მოასპარეზე ჩვენმა სპორტსმენებმა ლიცენზიები ოთხივე დისციპლინაში მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაშიც მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის მონაწილეები იქნებიან:

• ნიკა ეგაძე - ფიგურული ციგურაობა, ერთეულები | 10 და 13 თებერვალი;

• ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა, ერთეულები | 17 და 19 თებერვალი;

• ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა, სპორტული წყვილები | 15-16 თებერვალი;

• დიანა დევისი და გლებ სმოლკინი - ფიგურული ციგურაობა, სპორტული ცეკვები | 9 და 11 თებერვალი;

• საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები - გუნდური შეჯიბრება | 6-8 თებერვალი;

• ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა | 15 და 18 თებერვალი;

• ლუკა ბუჩუკური - სამთო თხილამურობა | 14 და 16 თებერვალი.

ნიკა ეგაძე

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ქართველი მოციგურავეების ბოლოდროინდელი წარმატების შესახებ: 2026 წლის იანვარში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ნიკა ეგაძემ მოკლე და თავისუფალი პროგრამების (91.28 და 181.72 ქულა) ჩინებულად შესრულების შემდეგ, ყველა მეტოქე ჩამოიტოვა და 273 ქულით, ასპარეზობა ჩემპიონის ტიტულით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ეგაძემ საქართველოს ისტორიაში პირველად მოუტანა ქვეყანას ევროპის ჩემპიონობა ვაჟთა თანრიგში და ამით, ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლის ამბიცია რეალობად აქცია.

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავა

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ამ წყვილს წინა ჩემპიონატებზე უკვე ჰქონდა მოპოვებული ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. თავად სპორტსმენების განცხადებით, 2026 წლის ოლიმპიადაზე მათი სამიზნე მხოლოდ და მხოლოდ ოქროს მედალი იქნება.

ანასტასია გუბანოვა

ევროპის ჩემპიონატი მოგებული აქვს ანასტასია გუბანოვასაც, რომელმაც 2023 წელს საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუპოვა. მანამდე ევროპის ჩემპიონატი არცერთ სპორტსმენს საქართველოდან არ ჰქონდა მოგებული. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავად იასპარეზა და მე-2 ადგილი დაიკავა, თუმცა პირველი დღის მნიშვნელოვანი ჩამორჩენის აღმოფხვრა (მოკლე პროგრამაში მე-11 ადგილი) ვეღარ შეძლო და საბოლოოდ ტურნირზე მე-5 პოზიციას დასჯერდა.

დიანა დევისი და გლებ სმოლკინი

წარმატებული იყო 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილისთვისაც, რომლებმაც საერთო ჩათვლაში მეექვსე ადგილი დაიკავეს. თუმცა მათი წყვილი ამაზე არ ჩერდება: “შეგვიძლია კიდევ უფრო უკეთესად ვიასპარეზოთ”, - თქვა სმოლკინმა შეჯიბრების დასრულების შემდეგ.

ნინო წიკლაური

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ჩვენი სამთო მოთხილამურეებიც. ნინო წიკლაური, რომელიც საქართველოს ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრია - 2026 წლის მილანი-კორტინას თამაშები მისთვის მეხუთე ოლიმპიადა იქნება, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია ქართული ზამთრის სპორტის ისტორიაში.

ლუკა ბუჩუკური

წიკლაურთან ერთად იასპარეზებს ლუკა ბუჩუკური, რომელიც სამთო მოთხილამურეების შედარებით ახალ თაობას წარმოადგენს. ლუკამ დუბაისა და თურქეთში გამართულ ტურნირებზე წარმატებით იასპარეზა, სადაც, შესაბამისად, მე-4 და მე-7 ადგილები დაიკავა. ამ შედეგებმა მისცა მას საშუალება, დაეგროვებინა საჭირო სარეიტინგო ქულები და ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მოეპოვებინა.

წინ ისტორიული თამაშებია. 70 წლის შემდეგ, ქართული ზამთრის სპორტი ისევ ბრუნდება კორტინა-დ'ამპეცოსა და მილანის თოვლიან ტრასებზე და არენებზე, თუმცა ამჯერად, გაცილებით დიდი ამბიციით, რადგან ზამთრის ოლიმპიური მედლების რეალური მოლოდინი გვაქვს. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ფიგურულ ციგურაობაში ოლიმპიურ თამაშებზე გაცილებით მეტი კონკურენციაა - აზიისა და ამერიკის კონტინენტიდან ტურნირს ერთ-ერთი საუკეთესო მოციგურავეები შემოუერთდებიან. ამის მიუხედავად, პირველ ქართულ მედალზე ფიქრი აბსოლუტურად რეალისტურია. ასე რომ, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს სპორტსმენებს, რათა 2026 წელი ქართული ზამთრის სპორტისთვის ახალი ეპოქის დასაწყისად იქცეს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველს სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image School 360 მობილური აპლიკაციის შექმნასა და ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს

24.11.2026.12:00

School 360 საქართველოში პირველი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც სკოლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის საჭირო პროდუქტებსა და სერვისებს ერთ სივრცეში აერთიანებს. კომპანია აქტიურად აფართოებს საქმიანობის მიმართულებებს და სასკოლო ნივთების ონლაინ მაღაზიიდან მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო პლატფორმად ვითარდება. School 360-ის საქმიანობის შედეგების, მომხმარებელთა მოთხოვნის, სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, მეგი კიკალეიშვილ-ქავთარაძეს, და კომპანიის დირექტორს, ანნა ქათამაძეს, ესაუბრა.

როგორია School 360-ის მიმდინარე სიახლეები? რა ახალი სერვისები ან შესაძლებლობები დაამატეთ პლატფორმას და რა ცვლილებები განხორციელდა მისი ამოქმედების შემდეგ?

დღეს School 360 უკვე აღარ არის მხოლოდ სასკოლო ნივთების ონლაინ მაღაზია - ის ვითარდება მრავალფუნქციურ პლატფორმად, რომელიც აერთიანებს პროდუქტებს, სკოლებთან თანამშრომლობასა და მოსწავლეებისა და მშობლებისთვის საჭირო სხვადასხვა სერვისს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა გამომცემლობებთან პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც პლატფორმას დაემატა წიგნების განყოფილება და მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების შეძენა, მათ შორის სახელმძღვანელოების. ასევე, მშობლებს აღარ უწევთ ცალ ცალკე წიგნების მაღაზიებში სიარული და სასკოლო სახელმძღვანელოების მოძიება, რადგან ჩვენ ვაწვდით სრულ კომპლექტს სიის მიხედვით. ამით ვუზოგავთ მათ დროს და ენერგიას.

აქტიურად განვავითარეთ სკოლებთან თანამშრომლობა: სკოლების მიერ მოწოდებული სიების მიხედვით ვქმნით პერსონალიზებულ საკანცელარიო ნაკრებებს, რაც მშობლებს სასკოლო ნივთების შერჩევასა და შეძენას უმარტივებს.

კიდევ ერთი ახალი მიმართულებაა მაღალი ხარისხის სასკოლო ფორმები, რომლებიც მოსწავლეებისა და სკოლების საჭიროებებზეა მორგებული.

გარდა ამისა, ფართოვდება საკარნავალო და სარეპეტიციო ფორმების არჩევანი, ემატება სპორტული მიმართულება და სხვადასხვა თემატური სასაჩუქრე ნაკრებები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, სადღესასწაულო ღონისძიებებისა და ხატვის მოყვარულებისთვის.

პლატფორმის სერვისების კატალოგი ყოველდღიურად ივსება ახალი შეთავაზებებითა და პარტნიორებით. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ერთ სივრცეში მოიძიონ სხვადასხვა წრე, პედაგოგი, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობა, მასტერკლასი და ღონისძიება.

მომხმარებლების დიდი ინტერესი დაიმსახურა ჩვენმა ვიდეოკონტენტმაც, რის შედეგადაც გადავწყვიტეთ, ეს მიმართულება ცალკე მომსახურებადაც განგვევითარებინა. დღეს უკვე ვთავაზობთ პარტნიორებსა და მომხმარებლებს სარეკლამო და პრომო ვიდეორგოლების შექმნას. ამასთან, ვაგრძელებთ ცნობილ ადამიანებთან თანამშრომლობასა და კოლაბორაციებს, რაც ბრენდის ცნობადობის ზრდასა და აუდიტორიასთან უფრო უშუალო კომუნიკაციაში გვეხმარება.

როგორია მომხმარებლების მხრიდან პლატფორმის მიმართ ინტერესი? რამდენი სკოლა, მშობელი და მოსწავლე სარგებლობს თქვენი სერვისებით და როგორ აფასებთ კომპანიის საქმიანობის დღევანდელ შედეგებს?

მომხმარებელთა ინტერესი მზარდია და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ უკვე გვყავს ბევრი ლოიალური მომხმარებელი, რომლებიც განმეორებით სარგებლობენ ჩვენი პროდუქტებითა და მომსახურებით. ეს ნდობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია და ადასტურებს, რომ სწორ მიმართულებას ვავითარებთ.

ვხედავთ, რომ მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხი, მრავალფეროვანი არჩევანი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები და დროის დაზოგვა. სწორედ ამ პრინციპებზე ვაშენებთ School 360-ს.

კომპანიის წარმატებას მხოლოდ გაყიდვების რაოდენობით არ ვაფასებთ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება, განმეორებითი შესყიდვები, პარტნიორების ზრდა და ის ნდობა, რომელსაც ყოველდღიურად ვიმსახურებთ. 

რომელ სერვისებზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა და რა მიმართულებების განვითარებას გეგმავთ? განიხილავთ თუ არა პლატფორმაზე ახალი პარტნიორებისა და საგანმანათლებლო სერვისების დამატებას?

მოთხოვნა საკმაოდ მრავალფეროვანია და ძირითადად სეზონურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. სასწავლო წლის დაწყების პერიოდში განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა იყო School Box-ებსა და საკანცელარიო ნაკრებებზე, ასევე მასწავლებლებისთვის განკუთვნილ თაიგულებზე. ოქტომბერში აქტუალური გახდა საკარნავალო ფორმები და Art Box-ები, ნოემბერში - სასკოლო ფორმები, ხოლო ამ ეტაპზე განსაკუთრებით იზრდება ინტერესი საახალწლო კორპორატიულ შეკვეთებსა და სასაჩუქრე ნაკრებებზე.

ჩვენი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ მომხმარებლის საჭიროებებსა და სეზონურ მოთხოვნებს მუდმივად ვერგებით და ასორტიმენტს შესაბამისად ვანახლებთ.

ვაგრძრლებთ თანამშრომლობას საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და ოლიმპიადების ორგანიზატორებთან.

სამომავლოდ ვამატებთ სპორტულ კატეგორიას, ვაფართოებთ არჩევანს უკვე არსებულ ყველა მიმართულებაში და წლის განმავლობაში არაერთ სიახლეს ვგეგმავთ.

რა არის School 360-ის სამომავლო პრიორიტეტები? იგეგმება თუ არა თანამშრომლობის გაფართოება სკოლებთან, პლატფორმის ტექნოლოგიური განვითარება და რეგიონულ თუ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა?

ჩვენი სამომავლო გეგმები რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას აერთიანებს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სერვისების კატალოგის გაფართოება და ახალი პარტნიორების მოზიდვა, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ.

განსაკუთრებული სიახლე გაზაფხულზე იგეგმება - ვამზადებთ მასშტაბურ სოციალურ კამპანიას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. კამპანიის ფარგლებში გვექნება როგორც სოციალური მხარდაჭერის ინიციატივები, ისე სპეციალურად საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები. გვინდა, School 360-ის განვითარება მხოლოდ კომერციულ ზრდას არ უკავშირდებოდეს და მნიშვნელოვანი სოციალური ღირებულებაც შექმნას ხელი შევუწყოთ ინკლუზიურ გარემოს და ყველა ბავშვისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.

პროდუქციის მიმართულებით ჩვენი პრიორიტეტია ბაზრის დივერსიფიკაცია და უცხოელ მომწოდებლებთან თანამშრომლობა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავაფართოოთ ასორტიმენტი, მომხმარებელს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანი ფასები.

ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმაა ფიზიკური მაღაზიის გახსნა, რაც მომხმარებლებს პროდუქციის ადგილზე გაცნობისა და შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

ასევე, უახლოეს მომავალში მომხმარებლებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ - School 360-ის მობილურ აპლიკაციას, რომელიც პროდუქტებისა და სერვისების მოძიებას, შერჩევასა და შეკვეთას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პლატფორმის ციფრული განვითარების მიმართულებით.

გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, School 360 კიდევ უფრო მასშტაბურ პლატფორმად ვაქციოთ, რომელიც გააერთიანებს სასკოლო პროდუქტებს, განათლებას, შემოქმედებით და სპორტულ აქტივობებსა და ბავშვებისთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა