ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა. ჰაბი, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადისთვის (EGOI) მონაწილე მოსწავლეების შერჩევას, გადამზადებას და ეროვნული ნაკრებების დაკომპლექტებას უზრუნველყოფს.
ჰაბის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე გვანცა ხვედელიძეა - მოსწავლე, რომელმაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე, საქართველოს სახელით ასპარეზობისას, არაერთხელ მოიპოვა გამარჯვება. გვანცას თქმით, სწორედ საკუთარი თავის რწმენა, ინტენსიური მეცადინეობა და მუდმივი შრომა გახდა მისი წარმატებების საფუძველი. გვანცამ 2023 წელს საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ეს შედეგი 2025 წელს კიდევ ერთხელ გაიმეორა. დღეს ის აბიტურიენტია და თავის კარიერულ მომავალს კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში ხედავს.
გვანცა აღნიშნავს, რომ EGOI განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პლატფორმაა გოგოებისთვის, რადგან მათ აძლევს შესაძლებლობას, ტექნოლოგიების სფეროში, საკუთარი უნარები სტერეოტიპების გარეშე წარმოაჩინონ. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი კი მოსწავლეებს ოლიმპიადებისთვის როგორც აკადემიურად, ისე მენტალურად მომზადებაში ეხმარება.
„გოგოებს ხანდახან უჭირთ ინფორმატიკის სწავლა სტერეოტიპებისა და ბევრი ნეგატიური კომენტარების გამო, ამიტომ, ჩემი აზრით, ზუსტად ეს სივრცე დაეხმარებათ მათ, რომ არ შეუშინდნენ გამოწვევებს და ბევრი შრომა ჩადონ იმ საგანში, რომელიც მთელი გულით უყვართ და აინტერესებთ რადგან, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ - მთავარია გჯეროდეთ“ - გვანცა ხვედელიძე.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი აგრძელებს ახალგაზრდა ტექნოლოგიური ტალანტების მხარდაჭერას, რათა მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინონ. თუ გსურს ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში საკუთარი ძალების გამოცდა, ჰაბი გაძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინო შენი პოტენციალი და კონკურენცია გაუწიო მსოფლიოს საუკეთესო ტექ-ენთუზიასტებს. ევროპის გოგოების ოლიმპიადის შესარჩევ ტურზე რეგისტრაცია ღიაა 21 მარტამდე.
მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი და სხვა ინიციატივები - მიიღებ ცოდნას, შექმნი პირველ ციფრულ პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორიას თავად დაწერ.
სხვა სიახლეები
ახალი ფილიალი, გაფართოებული მენიუ და სამომავლო გეგმები - როგორ ვითარდება „ფენქეიქი“
10.11.2026.18:00
კაფე „ფენქეიქი“ ადგილობრივ ბაზარზე უკვე შვიდი წელია ოპერირებს და მომხმარებლებს დესერტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბოლო პერიოდში კომპანიამ ახალი ფილიალი გახსნა და მენიუ საუზმის შეთავაზებებითაც გააფართოვა. კომპანიის განვითარების გეგმებისა და მომხმარებელთა ინტერესების შესახებ Business Insider Georgia-ს კაფე „ფენქეიქის“ დამფუძნებელი ანა კალანდაძე ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს კაფე „ფენქეიქს“ ამ ეტაპზე და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში ბოლო პერიოდში?
„ფენქეიქისთვის" ბოლო პერიოდი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. ექვსწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტეთ, ახალი ფილიალის გახსნა და ამ გამოცდილების სხვა ლოკაციაზე გაზიარება საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ახალმა ლოკაციამ მოგვცა შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული გარემო შეგვეთავაზებინა.
ახალ ფილიალში კიდევ უფრო გავაფართოეთ შეთავაზებები: ტრადიციულ ფენქეიქებთან, კრეპებსა და ბელგიურ ვაფლებთან ერთად დავამატეთ საუზმის მენიუ. ჩვენი მთავარი მიზანია, „ფენქეიქი" იყოს ადგილი, სადაც სტუმარი დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეძლებს მოსვლას და მისთვის სასურველი გემოების აღმოჩენას.
როგორ შეიცვალა მომხმარებელთა მოთხოვნა და ქცევა ბოლო პერიოდში და რომელ პროდუქტებსა თუ მომსახურების მიმართულებებზე აისახა ეს ყველაზე მეტად?
ბოლო პერიოდში ვამჩნევთ, რომ მომხმარებლებისთვის მხოლოდ გემრიელი პროდუქტი აღარ არის საკმარისი. მათთვის მნიშვნელოვანია გარემო, მომსახურების ხარისხი, პროდუქტის ვიზუალური მხარე და ზოგადად ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენს სივრცეში იღებენ.
ასევე გაიზარდა ინტერესი მრავალფეროვანი შეთავაზებების მიმართ. მომხმარებლებს სურთ, ერთ სივრცეში ჰქონდეთ როგორც ტკბილი, ისე შედარებით ნოყიერი და ყოველდღიური კვებისთვის შესაფერისი არჩევანი. სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით გავაფართოეთ მენიუ და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ერთგული მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებას.
მრგვალ ბაღთან მდებარე ფილიალში საუზმის შეთავაზებაც დაიწყეთ. როგორია მომხმარებელთა ინტერესი ამ მიმართულების მიმართ და ხომ არ განიხილავთ მენიუს სხვა ახალი კატეგორიებით შევსებას?
საუზმის მიმართულების დამატება ჩვენი ახალი ფილიალის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. გვინდოდა, სტუმრებს დილის საათებშიც ჰქონოდათ ჩვენთან მოსვლის მიზეზი და შეეძლოთ დღის დაწყება სასიამოვნო გარემოში, გემრიელი საუზმითა და კარგი ყავით.
მომხმარებლების მხრიდან ამ მიმართულების მიმართ ინტერესი ნამდვილად სასიამოვნოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მენიუ მუდმივად ვითარდებოდეს და მომხმარებლის ინტერესებს პასუხობდეს. სამომავლოდაც განვიხილავთ ახალი პროდუქტებისა და კატეგორიების დამატებას, თუმცა ყველა სიახლე უნდა შეესაბამებოდეს „ფენქეიქის" კონცეფციას და ხარისხის იმ სტანდარტს, რომელსაც წლებია ვინარჩუნებთ.
როგორ ხედავთ „ფენქეიქის“ განვითარების შემდეგ ეტაპს - რა მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას და განიხილება თუ არა ახალი ფილიალების გახსნა?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არსებული ფილიალების განვითარება, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და მომხმარებელთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაა.
გვინდა, „ფენქეიქი" კიდევ უფრო ცნობადი და საყვარელი ადგილი გახდეს როგორც ჩვენი მუდმივი სტუმრებისთვის, ისე ახალი მომხმარებლებისთვის. პარალელურად, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ბიზნესის შემდგომ გაფართოებაზეც. ახალი ფილიალების გახსნა სამომავლო გეგმებიდან არ გამოგვირიცხავს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზრდა ეტაპობრივად და სწორად უნდა მოხდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ფილიალების რაოდენობის ზრდა, არამედ იმ ხარისხისა და გამოცდილების შენარჩუნება, რის გამოც მომხმარებლები „ფენქეიქს" ირჩევენ.