ქირა მთავარ მოლებში დამოკიდებულია მოიჯარის ფუნქციაზე და ზომაზე - Galt & Taggart
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ახალ პუბლიკაციას ,,სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში” აქვეყნებს. ,,2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს. 2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის. მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება. მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
26.05.2026.11:00
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, PSP საზოგადოებას ახალი კამპანიით „თავისუფლება გადამდებია“ ულოცავს.
თავისუფლების წყურვილი არასდროს ჩერდება ერთ ან ორ ადამიანზე, ის ვირუსივით გადამდებია, ოღონდ ეს ვირუსი საშიში კი არა, პირიქით - ერთადერთი კარგი ვირუსია. სხვადასხვა დროში ამ სულისკვეთების განელების უამრავი მცდელობა ყოფილა, თუმცა 26 მაისი სწორედ ის დღეა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფლებას ვერ დაამარცხებ, ის გადამდებია.
„PSP-სთვის ვირუსებზე საუბარი უჩვეულო არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი სიხარულით და სიამაყით ვსაუბრობთ თავისუფლების ვირუსზე, ყველაზე კარგ ვირუსზე, რომლის გადადებაც სასურველია. ამის გვჯერა და ამას მივუძღვენით წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის კამპანია. „ვირუსის“ გამოხატვის ფორმად კი დროშა შევარჩიეთ, როგორც თავისუფლების და სამშობლოს სიყვარულის მთავარი „სიმპტომი“. - აცხადებს ანო გოგიჩაძე, PSP-ს მარკეტინგის დირექტორი.
კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.
„თავისუფლება, ისევე, როგორც ყველა ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სულ რაღაც ერთი ადამიანისგან, მისი მაგალითით, მისი შთაგონებით. ამის მრავალი დასტური გვაქვს საქართველოს ისტორიაშიც. სწორედ ეს მიგნება გახდა საფუძველი ამ კამპანიისთვის.
ვთქვით, რომ თავისუფლება ვირუსია, ოღონდ თუ სხვა ვირუსებს გაურბიხარ, ამას პირიქით სიხარულით უნდა შევხვდეთ და აღვნიშნოთ მისი გავრცელება. ყველაფერი, რაც ვირუსს გვახსენებდა ავიღეთ და კამპანიისთვის გამოვიყენეთ, ოღონდ უკვე დადებით კონტექსტში: სწრაფი ტესტი, კლასტერების თვლა, სიმპტომები და რაც მთავარია - ბატონი ამირან გამყრელიძე, ადამიანი, რომელმაც ნამდვილად იცის ვირუსის და თავისუფლების ხასიათი. განსაკუთრებული მადლობა მას, რომ დაგვთანხმდა მონაწილეობაზე.“ - კოკა ქამუშაძე, სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი.
PSP-ს შარშანდელ დამოუკიდებლობის კამპანიას, ეპიკურ ოდას თავისუფლებაზე, დიდი საერთაშორისო აღიარება მოჰყვა და ათობით ჯილდოს მფლობელი გახდა შემოქმედებით ფესტივალებზე, მათ შორის მრავალი ოქროს, გრან პრისა და სპეციალური პრიზების.