ყოველთვიური განახლება მთავარი ეკონომისტისგან - რას აჩვენებს უახლესი მაკროეკონომიკური მონაცემები?
თიბისის არხებით ტურისტებისა და მიგრანტების ხარჯები, მაისის ჩათვლით პერიოდში წინა თვეებთან შედარებით და სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერჯერობით რაიმე გამოკვეთილი შემცირების ტენდენციით არ ხასიათდება. წლიურ ჭრილში კი კვლავ მნიშვნელოვან ზრდას აქვს ადგილი. დაახლოებით ანალოგიური ტენდენცია იკვეთება „ტავ ჯორჯიას" თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპოტრებში მგზავრთნაკადის დინამიკაზე დაყრდნობით. კერძოდ, ჩამოსვლების მაჩვენებელი 1-20 მაისს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45.6%-ით არის გაზრდილი. თავისთავად გასათვალისწინებელია, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არის გარკვეული გზავნილები ჯავშნების გაუქმებასთან დაკავშირებით. თუმცა ფაქტია, რომ საბაზო მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, ისევე როგორც მთლიანობაში წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება. ამასთან, 20 მაისის მგდომარეობით, კვლავ იკვეთება ლართან მიმართებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა, რაც ლარის კურსზე ზემოქმედების კუთხით ტრადიციულად ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სხვა განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით, აღსანიშნავია, რომ სრული 2024 წლისათვის თიბისი კაპიტალის ბოლოდროინდელ 6.4%-იან საბაზო სცენართან შედარებით, აპრილის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება, ისევე როგორც პირველი კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები, მოლოდინებზე მაღალია.
მთლიანობაში, იმ არგუმენტით რომ ჯერჯერობით არსებული მონაცემები მოლოდინებზე მაღალია, პროგნოზების კუთხით, ლარის კურსის ჩათვლით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განვიხილავთ. ამასთან, ამ მხრივ საყურადღებოა, რომ ლარის გავცვლითი კურსის ჩარჩოს კუთხით, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება, სენტიმენტების ჩათვლით, ადრე პოზიტიური იყო. თუმცა, ეს არა ლარის გამყარებას, არამედ სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების დამატებით შევსებას ითვალისწინებდა. სადღეისოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი არაა ნეგატიური, თუმცა უფრო ნეიტრალურია, რაც საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვების გაყიდვასაც ითვალისწინებს. ასევე, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანია რეგიონული ვალუტების დინამიკაც. ევრო-დოლარის წყვილის კუთხით, მომდევნო წლებში ჩვენი საბაზო სცენარი კვლავ ევროს გამყარებაა.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006331-monthly-macro-update
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.