"ჩირჩხელა" ნიუ-იორკის საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა
კომპანია „ჩირჩხელა“ 8 მარტს ნიუ-იორკის საერთაშორისო გამოფენაზე - The International Restaurant & Foodservice Show of New York-ზე წარსდგა. გამოფენა 8, 9 და 10 მარტს იმართება. გამოფენის შედეგებზე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა კვაჭანტირაძე, Business Insider Georgia-სთან საუბრობს.
„ეს ჩვენთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა, რადგან ნიუ-იორკის რესტორნების შოუს პირველად ვესწრებით და მით უფრო სასიამოვნოა, რომ მოწვევა თავად ორგანიზატორებისგან მივიღეთ. ასეთი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ ქართული ტრადიციული პროდუქტი მსოფლიო კვების ინდუსტრიაში ინტერესს იწვევს.
ჯავიტის ცენტრში გამართული ნიუ-იორკის რესტორნების შოუ აერთიანებს ასობით კომპანიასა და პროფესიონალს სხვადასხვა ქვეყნიდან - საკვებისა და სასმელების მწარმოებლებს, რესტორნების ქსელებს, დისტრიბუტორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სერვისის პროვაიდერებს. ეს არის სივრცე, სადაც ყალიბდება ახალი პარტნიორობები და მყარდება ძლიერი სავაჭრო კავშირები.
გამოფენაზე წინასწარ დაჯავშნილ კომპანიებს ჰქონდათ B2B შეხვედრების შესაძლებლობა. მნიშვნელოვან ნაწილთან უკვე გვქონდა საუბარი შესაძლო თანამშრომლობაზე. ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ასეთ ფორმატში ყალიბდება საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობები. უკვე ნათელია, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველოდება - მოლაპარაკებები გაგრძელდება გამოფენის დასრულების შემდეგაც.
ჩვენთვის, ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მსგავს პლატფორმაზე წარმოვადგენთ ქართულ ტრადიციას და ქართულ კულტურას. ჩურჩხელა არ არის მხოლოდ დესერტი - ეს არის საქართველოს ისტორიისა და კულინარიული მემკვიდრეობის ნაწილი.
გვჯერა, რომ ქართული ჩურჩხელა თავისი ბუნებრივი ინგრედიენტებითა და უნიკალური გემოთი ძალიან მალე გახდება არა მხოლოდ საინტერესო აღმოჩენა, არამედ საყვარელი დესერტი რესტორნების მენიუში და სხვადასხვა სავაჭრო ქსელში. ჩვენი მიზანია, რომ ჩურჩხელა მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრდეს როგორც ხარისხიანი, ჯანსაღი და ავთენტური პროდუქტი “, - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.
სხვა სიახლეები
უძრავი ქონების მართვა ახალ რეალობაში - როცა სტანდარტული მარკეტინგი აღარ არის საკმარისი
05.10.2026.19:27
რატომ მოითხოვს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარი მარკეტინგზე უფრო ღრმა, მონაცემებზე დაფუძნებულ და კომერციულ მიდგომას.
უძრავი ქონების სექტორი და მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯამურად 15%-ზე მეტი წილი უკავია.
სექტორი სტაბილურად იზრდება - მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად ბაზარი $400 მილიონამდე აღწევს, ტრანზაქციები ორნიშნა ტემპით იმატებს, ხოლო მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე დედაქალაქის ეკონომიკური დამატებული ღირებულების თითქმის 20% მოდის.
თუმცა, უძრავი ქონების სექტორი მხოლოდ ციფრები არ არის. ამ შთამბეჭდავი რიცხვების უკან დგას უდიდესი ემოციური ნაბიჯები, რომელსაც დგამს მომხმარებელი, სანამ უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს საინვესტიციო დანიშნულებით თუ საცხოვრებლად.
ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია ნიშნავს მაღალ კონკურენციას. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ბრენდი, იმიჯი, PR და მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და მონაცემები.
უძრავ ქონებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სფეროში ტრადიციული მიდგომები აღარ კმარა. დღეს წარმატებას მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი და ციფრული ანალიტიკა განაპირობებს, რომელიც გაყიდვების სრულ ციკლს მართავს.
- რატომ აღარ მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე სტანდარტული მარკეტინგული მიდგომა?
„იმიტომ, რომ დღეს კონკურენცია მხოლოდ ყურადღებისთვის აღარ არის - კონკურენცია გადაწყვეტილების მიღების გამარტივებისთვის არის.
თანამედროვე უძრავი ქონების მარკეტინგი ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ ცნობადობის შექმნა ან ლიდის მოყვანა. მისი ამოცანაა, მომხმარებლის გზაზე თითოეულ ეტაპზე უპასუხოს იმ კითხვას, რომელიც გადაწყვეტილებას აფერხებს.
სწორედ აქ ხდება მონაცემები მარკეტინგის ნაწილი: არა მხოლოდ იმის გასაზომად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ იმის გასაგებად, სად ჩერდება გადაწყვეტილება და რატომ.
ჩვენთვის ეს არის ახალი მიდგომა - მარკეტინგის მართვა არა კამპანიების, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის მიხედვით.
საბოლოო შედეგისთვის მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ლიდი - მთავარი KPI არის რამდენად სწრაფად და რატომ გადადის ადამიანი ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე.“ სალომე ყიფიანი

- როდესაც მარკეტინგი გასცდა უბრალო რეკლამას, ხოლო კომუნიკაცია -სტანდარტულ გაყიდვებს, კონკრეტულად რა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს დეველოპერული პროექტის მართვის ციკლმა?
„მონაცემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა საბაზისო, ამასთან ერთად მთავარი მაინც ემპათია და სწორი კომუნიკაციაა - უძრავი ქონება ცივი ტრანზაქცია არ არის, ის ადამიანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება და საუკეთესო შედეგიც სწორედ ზუსტი მონაცემებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაგების სინთეზით მიიღწევა.“ - თამთა მეძმარიაშვილი.

სწორედ ამ გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის საფუძველზე თამთა მეძმარიაშვილმა და სალომე ყიფიანმა Smart Academy-სთან თანამშრომლობით შექმნეს ახალი პროფესიული პროგრამა - „უძრავი ქონების კომერციული მართვა: მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა“.
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს უძრავი ქონების პროექტის მართვა მხოლოდ ერთი ფუნქციის ფარგლებში კი არა, ერთიანი კომერციული სისტემის სახით დაანახოს - ბაზრისა და პროდუქტის ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით, გაყიდვების პროცესით, CRM-ითა და მონაცემთა ანალიტიკით დასრულებული.