"და-ტენე" ელექტრომობილების სწრაფი დამტენების ქსელის გაფართოებასა და სადგურების ზრდას გეგმავს
"და-ტენე" აორმაგებს ტემპს! ელექტრომობილების სწრაფი დამტენების პირველი ქსელი წლის ბოლომდე ობიექტების რაოდენობას ოთხჯერ გაზრდის. როგორც კომპანიის კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, მარიამ ბოკერიამ Business Insider Georgia-სთან განაცხადა, ელექტრომობილების მფლობელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლებათ ავტომობილების დატენა და ქალაქგარეთ მგზავრობისას აღარ შეექმნებათ დამუხტვის ადგილის ძებნის პრობლემა.
დღეისათვის "და-ტენე" 15 სადგურს აერთიანებს და მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მათ გაზრდას გეგმავს.
"და-ტენე" ელექტროავტომობილების სწრაფი დამტენების ქსელია, რომელიც გასულ წელს დაარსდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თითოეული ობიექტი, სადაც დამტენებს ვათავსებდით, ყოფილიყო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, კომფორტული და, რაც მთავარია, სწრაფი. სწორედ ამიტომ არის ყველა ჩვენი დამტენი სწრაფი.
"და-ტენეს" აპლიკაციაც მარტივი და ხელმისაწვდომია, ის ხელმისაწვდომია როგორც iOS-ზე, ისე Android-ზე. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც გადმოწერს და დარეგისტრირდება აპლიკაციაში, შეუძლია სრულად ისარგებლოს ჩვენი ქსელის მომსახურებით. აპლიკაციაში მითითებულია უახლოესი სადგურების ადგილმდებარეობა და მომხმარებლის ამჟამინდელი პოზიცია, ასევე ხელმისაწვდომი დამტენების სტატუსი, რაც ეხმარება მძღოლს აირჩიოს სასურველი სადგური. ამჟამად საქართველოს მასშტაბით 15 სადგური გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად 30 ავტომობილის მომსახურება შეგვიძლია.
ჩვენი დამტენები Grasen-ის ფირმისაა, რომელიც ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თუ აქამდე ავტომობილების დამუხტვას დიდი დრო სჭირდებოდა, ჩვენს შემთხვევაში ეს პრობლემა აღარ არსებობს, რადგან ყველა ჩვენი დამტენი სწრაფია და ნებისმიერი ტიპის ავტომობილის (ევროპული თუ ჩინური) მაქსიმალური დამუხტვის დრო 30 წუთია. რაც მთავარია, ჩვენი ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია - 1 კვტ/სთ-ის ღირებულება 62 თეთრია“, - აცხადებს მარიამ ბოკერია.
ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სწრაფ დამტენებზეც.
კომპანია მოთხოვნის საპასუხოდ დაარსდა. საქსტატის მონაცემებით, დღეს საქართველოს ბაზარზე 8000-ზე მეტი ელექტრომობილია რეგისტრირებული. ამ ავტომობილების უმეტესობა დედაქალაქშია თავმოყრილი, რის გამოც დამტენებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ხშირად ჩვენი არსებული სადგურები საკმარისი არ არის.
ჩვენი გეგმაა, ხარისხიანად შევასრულოთ ყველა სამუშაო და უზრუნველვყოთ დროული და სწრაფი მიწოდება. ამიტომ გარკვეული პერიოდი გვჭირდება და იმედი გვაქვს, რომ არსებულ 15 სადგურს გავაოთხმაგებთ და წლის ბოლოს უკვე მნიშვნელოვნად ვიქნებით წარმოდგენილები მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აღნიშნავს ბოკერია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.