"კოკიტო" Spielwarenmesse 2026-ზე - ქართული წარმოება ევროპის ბაზრისკენ
ქართული ეკო-მეგობრული სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „კოკიტო“ მეოთხედ მონაწილეობდა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო სათამაშოების გამოფენაში - Spielwarenmesse 2026, რომელიც გერმანიაში, ნიურნბერგში გაიმართა. გამოფენა კომპანიისთვის ახალი საერთაშორისო ეტაპის დასაწყისი გახდა , - ამის შესახებ Business Insider Georgia -ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ლალიკო გოგიბერიძემ განუცხადა.
„გამოფენიდან ნიშვნელოვანი შედეგებით დავბრუნდით. ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარადგინა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და მიიღო დადებითი გამოხმაურება როგორც დიზაინის, ისე ხარისხისა და ეკოლოგიური მიდგომების მიმართ.
ამ ეტაპზე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ექსპორტის მიმართულებით გერმანიასა და საფრანგეთთან. გამოფენის ფარგლებში შედგა შეხვედრები, როგორც პოტენციურ პარტნიორებთან, ასევე უკვე არსებულ ევროპელ პარტნიორებთან, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განვიხილეთ.

„კოკიტოს“ სამომავლო გეგმები ორიენტირებულია წარმოების გაფართოებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს უფრო დიდი მოცულობით სათამაშოების წარმოება როგორც ევროპული ბაზრისთვის, ასევე საქართველოსთვის. პარალელურად, ბრენდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ევროპის ბაზარზე საკუთარი ბრენდის სახელით შესვლა წარმოადგენს.
ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ხის სათამაშოებს სხვა კომპანიებისთვის მათი ბრენდის ქვეშ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „კოკიტოს“ გამოცდილებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
Spielwarenmesse 2026-ის ფარგლებში „კოკიტო“ ასევე შეხვდა ძალიან საინტერესო საერთაშორისო კომპანიას - PLAYmake -ს.
PLAYmake არის ბავშვებისთვის განკუთვნილი უსაფრთხო ვორქშოპ-სისტემა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე დანადგარს ერთ კომპაქტურ ფორმატში და საშუალებას აძლევს ოთხი წლიდან ბავშვებს ხისა და მუყაოსგან საკუთარი ხელით შექმნან სათამაშოები. პროდუქტი ხელს უწყობს კრეატიულობისა და ტექნიკური უნარების განვითარებას და შექმნილია სპეციალურად ბავშვების უსაფრთხო გამოყენებისთვის.
PLAYmake ავსტრიული კომპანიაა და აკმაყოფილებს ევროპულ სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტებს.
ჩვენ აღნიშნული აპარატურა გამოფენაზე შევიძინეთ და ის უკვე საქართველოშია. უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ერთ კვირაში, მომხმარებელს შევთავაზებთ ახალ ვორქშოპს, ჩვენს ინტეგრირებულ სტენდთან City Mall-ში. ამ ეტაპზე „კოკიტოს“ უკვე აქვს ხის ფიგურების მოხატვის სერვისი, რომელსაც დაემატება ფიგურების ადგილზე წარმოების შესაძლებლობაც, რაც ბავშვებისთვის სრულიად ახალ და შემოქმედებით გამოცდილებას შექმნის “, - აცხადებს ლალიკო გოგიბერიძე.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
17.10.2026.20:21
კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.
45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.
პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.
“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.