ქვეყნის ეკონომიკა შენდება მომავლის რწმენით და ამ რწმენას ქმნის ნდობა - სოსო ფხაკაძე
ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ნდობა და დიალოგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მეხუთე ყოველწლიური კონფერენციის მთავარი თემაა. ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„ქვეყნის ეკონომიკა შენდება მომავლის რწმენით და ამ რწმენას ქმნის ნდობა. ამ რწმენას სჭირდება ნდობა ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის“, – განაცხადა ფხაკაძემ.
მისი თქმით, ამ ნდობის ჩამოყალიბებას ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის მუდმივი, ღია, კონსტრუქციული და პროფესიული დიალოგი სჭირდება. ფხაკაძემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.
ასოციაციის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ BAG დღეს დაახლოებით 1 500 კომპანიას აერთიანებს, მიმდინარე წელს კი მას რამდენიმე ათეული ახალი კომპანია შეუერთდა. მისი შეფასებით, წევრთა რაოდენობის ზრდა და ასოციაციისადმი ნდობა ორგანიზაციას აძლიერებს და მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
„ჩვენი ვალია, ბიზნესის ხმა ქვეყანაში იყოს მკაფიო, იყოს საქმიანი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ წარმატებაზე“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
15 საექსპორტო ბაზარი, ამერიკაზე გაზრდილი აქცენტი და ახალი ღვინოები - რა გეგმები აქვს „ჭოტიაშვილის ღვინის სახლს“
16.11.2026.12:00
„ჭოტიაშვილის ღვინის სახლი“ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ყურძნის ჯიშისგან ღვინოებს აწარმოებს. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ლიმიტირებულ და ექსპერიმენტულ წარმოებას, ასორტიმენტის მუდმივ განახლებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას. კომპანიის საქმიანობის, ახალი ღვინოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „ჭოტიაშვილის ღვინის სახლის“ თანადამფუძნებელი კახა ჭოტიაშვილი ესაუბრა.
როგორ შეაფასებთ 2026 წლის რთველს? როგორი იყო წლევანდელი მოსავლის ხარისხი და რაოდენობა და რა გავლენას მოახდენს ეს ღვინის წარმოებაზე?
სიმართლე გითხრათ, ყურძნის ხარისხთან დაკავშირებით ბევრი უარყოფითი შეფასება მესმოდა, თუმცა ჩვენ საკუთარი ვენახები გვაქვს და საუკეთესო მოსავალი მივიღეთ, რომელიც რაოდენობრივად ზომიერი იყო, ხარისხით კი მაღალი. ჩვენთვის დიდი რაოდენობით ყურძნის მიღება პრიორიტეტული არ არის. უპირატესობას ლიმიტირებულ მოსავალს ვანიჭებთ, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის ყურძნის მიღებაა.
წლევანდელი მოსავლის დადებითი შედეგი ახალგაზრდა ღვინოებშიც აისახება – ისინი უკვე გამოირჩევა არომატულობითა და საინტერესო ხასიათით. თუმცა საბოლოო შეფასებისთვის ჯერ ადრეა.
რა სიახლეები აქვს „ჭოტიაშვილის ღვინის სახლს“ ამ ეტაპზე? როგორია მიმდინარე ასორტიმენტზე მოთხოვნა და ხომ არ გეგმავთ ახალი ღვინოების გამოშვებას?
ჩვენ 40-ზე მეტი ქართული და ორი არაქართული ყურძნის ჯიში გვაქვს. წარმოებაში მუდმივად 16 სახეობას ვიყენებთ, დანარჩენი კი ექსპერიმენტულ მიმართულებას ეთმობა. მცირე რაოდენობით ვამზადებთ ლიმიტირებულ ღვინოებს, რათა მათი პოტენციალი და შედეგები შევაფასოთ.
ასორტიმენტს პერიოდულად ვაფართოებთ და ამ ეტაპზეც გვაქვს სიახლეები როგორც ექსპერიმენტული, ისე ძირითადი წარმოების მიმართულებით. ახალი ღვინოები ძირითადად ყურძნის ისეთი ჯიშების ბლენდებისგან მზადდება, რომლებიც აქამდე არ გამოგვიყენებია. ჩემი ერთგვარი „ახირებაა“, მუდმივად ვეძებოთ სიახლეები და არ ვიყოთ მოსაწყენი მეღვინეობა.
ღვინის ეტიკეტების დიზაინზე ჩემი ძმისშვილი და შვილები მუშაობენ. ისინი ექსპერიმენტული ღვინოებისთვის ფერად და საინტერესო ვიზუალს ქმნიან.
როგორ ვითარდება კომპანიის გაყიდვები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე? რომელ ბაზრებზეა ამჟამად ყველაზე დიდი მოთხოვნა თქვენს პროდუქციაზე და იგეგმება თუარა ექსპორტის მიმართულების გაფართოება?
გაყიდვების მიმართულებით გარკვეული სირთულეებია, თუმცა არსებული პოზიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ვახერხებთ. მცირე წინსვლაც გვაქვს, რასაც გაყიდვების მიმართულებით გაწეული დამატებითი სამუშაო განაპირობებს.
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, გასულ წელსაც და წელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ამერიკაზე ვამახვილებთ. პერიოდულად ჩავდივართ და ამ ვიზიტებმა შედეგიც გამოიღო – ჩვენი საქმიანობა ამერიკულ ბაზარზე შედარებით გაფართოვდა.
თავდაპირველად მეგონა, რომ ამერიკაში საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ ბევრმა იცოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამერიკელი მომხმარებლისთვის ჩვენი ქვეყანა და მეღვინეობა ჯერ კიდევ ნაკლებად ნაცნობია. ამიტომ ვატარებთ დეგუსტაციებს, ვმართავთ საინფორმაციო შეხვედრებს და დაინტერესებულ ადამიანებს ქართულ მეღვინეობას, მათ შორის, კერძებთან შეხამების გზით ვაცნობთ.
რა გეგმები აქვს „ჭოტიაშვილის ღვინის სახლს“ უახლოეს მომავალში? იგეგმება თუ არა წარმოების განვითარება, ასორტიმენტის განახლება ან ახალ ბაზრებზე გასვლა?
საახალწლო პერიოდში შეკვეთები გვაქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან, ამიტომ ამ ეტაპზე ახალი, მასშტაბური გეგმების დასახვას არ ვგეგმავთ. ახალ წლიდან კი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ.
ჩვენ მცირე საწარმო ვართ და დიდ გამოფენებში მონაწილეობას ნაკლებად ვანიჭებთ უპირატესობას. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ უფრო ეფექტიანია მცირე ფესტივალებში ჩართვა, სადაც ინდივიდუალური და მცირე მარნებით დაინტერესებული ადამიანები იყრიან თავს. ასეთ ფორმატში მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციისა და პროდუქციის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა გვაქვს.
სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას ამერიკის ბაზარს დავუთმობთ. ამჟამად ღვინოს სტაბილურად 15 ქვეყანაში ვყიდით, ახლახან კი საექსპორტო ბაზრებს კორეაც დაემატა. ამასთან, ჩვენი სტრატეგიაა, შევინარჩუნოთ საშუალო ზომის საწარმოს ფორმატი.
ინფორმაციისთვის, საოჯახო მარანი თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანიორეში მდებარეობს.