რა ეტაპზეა თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი და როდის მოხდება 70 მ-ზე 110 სტუმარზე გათვლილი პანორამული რესტორნის გახსნა
თბილისის ანძის მოდერნიზაცია 2027 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს. როგორც Business Insider Georgia-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ დროისათვის წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისა და შეთანხმების პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისის სატელევიზიო ანძის განვითარების და ტურისტული თავშეყრის პუნქტად ქცევის პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტს კომპანია Kass Group-ი ახორციელებს და იგი მოიცავს სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორთა ცენტრის, პანორამული რესტორნის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. Kass Group-ი აღნიშნული ობიექტის ოპერირებას განახორციელებს 25 წლის ვადით.
„პროექტის პირველადი ვერსია მომზადებული იქნა ესტონური საკონსულტაციო კომპანიის „KOKO“-ს მიერ შემუშავებული კონცეფციის და კვლევების შესაბამისად. ხოლო შემდგომ, კომპანიის მიერ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის და დეტალური პროექტირების შედეგების გათვალისწინებით, კიდევ უფრო დაიხვეწა პროექტი და ამჟამად მიმდინარეობს წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისა და შეთანხმების პროცედურა“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.
ირკვევა, რომ პანორამული რესტორანი განთავსებული იქნება 70 მეტრ სიმაღლეზე და დაახლოებით 110 სტუმარს უმასპინძლებს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია არანაკლებ 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება, თუმცა კომპანიის განცხადებით, პროექტზე დაიხარჯება გაცილებით მეტი მოცულობის თანხა. პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადა 2027 წლის მარტის ბოლოა.
პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხარდაჭერით, რაც ასევე მოიცავს იმას, რომ თბილისის მთავრობის მხრიდან არაუმეტეს 1 000 000 ლარი მიმართული იქნება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
გარდა ამისა, ოპერირების პერიოდში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სატელევიზიო ანძის (გარდა საპროექტო ტერიტორიისა) განათებას, იმ სტანდარტითა და ხარისხით, როგორც ეს ხორციელდება დღეისათვის.
პროექტი ხორციელდება ასევე ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით. კერძოდ, სატელევიზიო ანძა და შესაბამისი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს - საქართველოს ტელერადიოცენტრის საკუთრებას.
„როგორც აღვნიშნეთ, ოპერირების ფაზა მოიცავს სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან 25 წელს. ამ ვადის განმავლობაში კომპანიის მიერ შენარჩუნებული იქნება საქმიანობის პროფილი და სატელევიზიო ანძა იფუნქციონირებს პროექტით გათვალისწინებული დატვირთვით და ფუნქციით“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს თბილისის მერიაში.
აღსანიშნავია, რომ Kass Group-ის პროექტია ასევე KASS LAND • წალკის კანიონი • Tsalka Canyon
როგორც Business Insider Georgia-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს,დაცულ ტერიტორიაზე, წალკის კანიონზე, პირველად საქართველოში, საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მოეწყო გრანდიოზული სივრცე. კანიონზე, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი აშენდა თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით, მოეწყო ზიპ-ბაიკი და საქანელა, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტით, ერთი მხრივ, მოხდა ბუნებრივი იერსახის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, უნიკალური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. წალკის კანიონის პროექტის ინვესტიცია, ჯამში, 120 000 000 ლარს შეადგენს. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალური.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.