რა იცვლება სარესტორნო ბიზნესში, ახალი რეგულაციების დანერგვით - შოთა ბურჯანაძის შეფასება
მნიშვნელოვანია, რომ რევოლუციურ პერიოდში არ მოხდეს იმის ნიველირება, რაც ჩვენთვის ძვირფასია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სექტორისთვის ახლა ბევრი რამ იცვლება და ბაზრის ის მოთამაშეები, რომლებიც ახალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ან ვერ დააკმაყოფილებენ მომავალში, ბაზრიდან გავლენ.
„ახლა გვაქვს ის პერიოდი, როდესაც ბევრი რამე იცვლება. ვგულისხმობ იმას, რომ სტანდარტიზაცია და გარკვეული მოთხოვნები, რომელიც ევროდირექტივებთან არის დაკავშირებული, გარკვეულწილად ცვლის ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროში არსებულ მეთოდოლოგიასა თუ მიმართულებებს. შესაბამისად, რიგი ობიექტები იხურება, ან დაიხურება, რადგან ვერ გაუძლებს ამ გამოწვევას.
გამოწვევებში იგულისხმება თუნდაც სურსათის უვნებლობა, HACCP-ი, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ის, რომ დღეს როგორც ადგილობრივი ისე ჩამოსული, თუ საქართველოში მცხოვრები უცხოელების მოთხოვნილება წინა წლებთან შედარებით შეცვლილია. შესაბამისად, კონკურენციის პირობებში არიან ობიექტები, რომლებიც ვეღარ უძლებენ კონკურენციას და ვერ აკმაყოფილებენ დღეს არსებულ მოთხოვნილებებს. დღეს არსებული მოთხოვნილებები მოდის არამხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ან დაკვეთებიდან, არამედ მომხმარებლისგანაც. შესაბამისად, გარკვეულწილად ამას ადეკვატურ პასუხს ვერ აძლევენ ბაზრის რიგი მოთამაშეები და ბიზნესის გარკვეული ნაწილი იხურება. ამასთანავე იხსნება ახალი, უკვე არსებულის ბაზაზე. მარტივი შედარება, რომ გავაკეთო, თუ 10 წლის მანქანა დღეს აღარ არის მოთხოვნადი, რადგანაც გაიზარდა ეკონომიკა და შესაბამისად მოთხოვნა გაჩნდა ახალ ავტომობილებზე, ძველი შემოყვანილი უკვე გაყიდვაში ნაკლებადაა. შესაბამისად, ასეთივე რეალობა გაქვს სარესტორნო ბიზნესშიც. ძველი სტრატეგია და მიდგომები, რომელიც დღეს აღარ არის მოთხოვნადი, ამის გამო ბაზარზე ასეთი კვების ობიექტების რაოდენობა მცირდება“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
მისვე თქმით, სექტორში ინვესტორები იცვლებიან, რადგანაც თუ კონკრეტული ობიექტი იხურება, მის ნაცვლად ახალი იხსნება, რომელიც უკვე განსხვავებული კონცეფციისაა.
„რაც შეხება ინვესტირებას, ობიექტების ნაწილი იხურება და ახალი იხსნება. ბაზარზე ბალანსი ივსება და დაუკვირვებელი თვალითაც შეინიშნება სრულიად განსხვავებული დიზაინის, მოთხოვნებისა და მიწოდების ობიექტები. ეს დადებითად იმოქმედებს სფეროს განვითარებაზე, ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების მიზიდულობაზე. საქართველოში ხდება მსოფლიო სტანდარტების დანერგვა. რა თქმა უნდა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენი ავთენტური გასტრონომიის თვითმყოფადობას და განვითარებას“, - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.