რა შედეგებით დაბრუნდა Spielwarenmesse 2026 - დან სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ხე.კადუ“
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, სათამაშოების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა როგორიცაა, Spielwarenmesse 2026. წარმოდგენილ ბრენდებს შორის იყო „ხე.კადუ“. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს ელენე კუჭუხიძეს ესაუბრა.
- როგორ შეაფასებდით Spielwarenmesse 2026 - ის გამოფენას?
სათამაშოების გამოფენა „Spielwarenmesse 2026“ წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებას სათამაშოების ინდუსტრიაში. გამოფენა ყოველ წელს იმართება გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში და მასში მონაწილეობას იღებს მთელი მსოფლიოდან სათამაშოების მწარმოებელი კომპანიები. გამოფენა 5 დღე გრძელდებოდა 12 უზარმაზარ პავილიონში გადანაწილებულ სათამაშოების მწარმოებელ კომპანიებს შორის, საქართველო სპეციალურად მოწყობილ ორ სივრცეში იყო წარმოდგენილი. პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საქართველოს 10 მწარმოებელი კომპანია ძალიან ეფექტურად იყო წარმოდგენილი. ყველა მონაწილეს ჰქონდა თავისი სივრცე, პირობა, რომ თვალნათლად ეჩვენებინა თავისი პროდუქცია, მყუდრო გარემოში შეხვედროდა ვიზიტორებს და ეწარმოებინა საქმიანი მოლაპარაკებები.
სათამაშოების გამოფენა „Spielwarenmesse 2026“-ზე მონაწილეობის მიღება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ მოვხვდი ამ გრანდიოზულ ღონისძიებაზე. გამოფენაზე ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მოისმენდით სათამაშოების ინდუსტრიაში მოღვაწე სპეციალისტების, მეცნიერების გამოსვლებს, დისკუსიებს. სათამაშოების ფსიქოლოგიის, გაყიდვების შესახებ. ხდებოდა გამოცდილების გაზიარება, სასურველი კონტაქტების დამყარება.
გამოფენაზე გავიცანი არაერთი საინტერესო წარმომადგენელი, მივიღე დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ინფორმაცია.
ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს წარმომადგენლების გაცნობა და მათთან დაახლოება.
არ შემიძლია არ გამოხატო მადლიერება პროექტ „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლების მიერ გაწეული შრომის და დახმარების გამო.
- აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებას ექსპორტის კუთხით რომელიმე ქვეყანასთან?
ბრენდი „ხე კადუ“ ქმნის ეკოლოგიურად სუფთა, კრეატიულ, შემეცნებით სათამაშოებს, რომლის მიზანია პატარებში განავითაროს დადებითი უნარ-ჩვევები. გამოფენაზე ძირითადად დაინტერესების გამოხატვა და კონტაქტების გაცვლა ხდებოდა. იყო დაინტერესება: გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, ჩინეთის, თურქეთის წარმომადგენლების მხრიდან.მოლაპარაკებებს ექსპორტის შესახებ სწორედ ამ ეტაპზე ვიწყებთ. ასევე მივიღე არაერთი საინტერესო შემოთავაზება სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობის და ურთიერთთანამშრომლობის კუთხით.
- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
გამოფენამ ბევრი რამ დამანახა და მასწავლა. მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ პროდუქციის დახვეწაში.
მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა დაინტერესებულ კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ.
პარალელურად, ვმუშაობთ „ხე კადუს“ ახალ სათამაშოზე, რომლის პრინციპი უცვლელი რჩება - პატარა სათამაშოს დახმარებით იშრომებს, თავისი გემოვნებით გააფორმებს და შექმნის ნივთს, ხოლო თამაშის შემდეგ, პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენებს მას.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
17.10.2026.20:21
კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.
45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.
პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.
“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.