რა სიახლეებს გეგმავს „კეთილი და პატიოსანი“ და „პოპორელი“ - „ქართული აგროპროდუქტის“ ახალი ბრენდი ექსპორტზე გავიდა
ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო „ქართული აგროპროდუქტი“, რომელიც ბაზარზე ორი ბრენდით - „კეთილი და პატიოსანი“ და „პოპორელი“ - იყო წარმოდგენილი, საკუთარ პორტფოლიოს უკვე მესამე ბრენდიც დაამატა. კომპანიამ ნექტარის წარმოება უკვე დაიწყო და საცდელი პარტია ექსპორტზეც გაუშვა.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ქართული აგროპროდუქტის“ დირექტორმა და პარტნიორმა იოსებ მანჯავიძემ განაცხადა, „ქართული აგროპროდუქტი“ გამაგრილებელი სასმელების სეგმენტშიც შევიდა. საუბარია ნექტარზე, სადაც 30%-ზე მეტი ხილისა და პიურეს შემცველობაა.
„ახალი ბრენდი შევქმენით და შედეგებიც უკვე საკმაოდ კარგი გვაქვს. გეტყვით, რომ ეს პროდუქცია „კეთილო და პატიოსანის“ პროდუქტებთან ერთად უკვე გავგზავნეთ აშშ-ში. საუბარია გამაგრილებელი სასმელების ხაზზე. „კეთილი და პატიოსანი“ არის ჩვენს მიერ წარმოებული პიურეების მიქსი, ხოლო ნექტარში უკვე არანაკლებ 30%-ის პიურეა - ეს არის გამაგრილებელი სასმელი,“ - განმარტავს იოსებ მანჯავიძე.
„ქართული აგროპროდუქტის“ მიერ წარმოებული ნექტარის რეალიზაცია ქართულ ბაზარზე ჯერ არ დაწყებულა.
„ისევ და ისევ პრობლემებს ვაწყდებით სუპერმარკეტებთან ურთიერთობაში, თუმცა მოლაპარაკებები მიდის და ამიტომ პირველი პარტია ექსპორტზე გავგზავნეთ.
„ახალ მიმართულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთთან - ვნახოთ, როგორ დასრულდება. ასევე ვსაუბრობთ რამდენიმე ქვეყანასთან, სადაც ჯერჯერობით ნიმუშები გაგზავნილია და მათგან უკუკავშირს ველოდებით,“ - განმარტავს „ქართული აგროპროდუქტის“ დირექტორი და პარტნიორი.
მისივე თქმით, გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე დღეს კონკურენცია დიდია, რადგან ადგილობრივად მრავალი ქართული კომპანია ოპერირებს, რომელიც ამ პროდუქტს აწარმოებს.
„პირველი ისაა, რომ ჩვენი პროდუქტი დამზადებულია პიურეებისგან, რომელსაც ჩვენვე ვაწარმოებთ. მასში არის რბილობიც, რაც ნატურალურობის ეფექტს, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ქმნის. სხვა მწარმოებლები კი პროდუქციას ძირითადად კონცენტრატებიდან ამზადებენ. იცით, რომ პიურეებს ჩვენ ვაწარმოებთ და დაახლოებით 24 დასახელების პიურე გვაქვს. ანუ, რაც ხილია საქართველოში და შესაძლოა გადამუშავდეს - ყველაფრის პიურე გვაქვს. შესაბამისად, გემოებიც საკმაოდ საინტერესო გამოდის, რადგან გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ექსპერიმენტები ჩავატაროთ ჩვენივე პროდუქტებით და მივიღოთ უნიკალური გემოები. გვაქვს ისეთი მიქსები, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი არ ყოფილა. მაგალითად - კომში, მანდარინი, ვაშლი და ჯინჯერი ერთად,“ - აღნიშნავს იოსებ მანჯავიძე.
ამ დროისათვის „ქართული აგროპროდუქტის“ მიერ წარმოებული ნექტარი მინის ბოთლებში ისხმება, თუმცა გაზაფხულიდან მას პეტის ბოთლებიც დაემატება.
„ქართული აგროპროდუქტის“ დირექტორი და პარტნიორი Business Insider Georgia-სთან „პოპორელში“ და „კეთილი და პატიოსანში“ დაგეგმილ სიახლეებზეც საუბრობს.
„პოპორელი“: გვინდა ახალი გემოების შეთავაზება, საუბარია მაყვლისა და ალუბლის საწებელზე. საექსპორტო ბაზრების მიმართულებით „პოპორელის“ ხაზი ძალიან მოიკოჭლებს, რადგან დასავლეთის ქვეყნები მაინც კონცენტრირებულები არიან მაიონეზისა და კეჩუპის მიმართულებით. ეს მიმართულება მათთან ძალიან პოპულარულია, ასევე - ბარბექიუს სოუსები. უჭირთ ჩვენი გემოების მარტივად მიღება. თუმცა გვაქვს წიწაკის ხაზი - მწვანე წიწაკა ვაშლთან ერთად და წითელი წიწაკა ბულგარულ წიწაკასთან ერთად. ამ გემოებით დაინტერესებულია ჩინეთი, რადგან მათ მწარე გემოები ძალიან მოსწონთ. ასევე, ნიმუშები გაგზავნილია აშშ-ში.
„კეთილი და პატიოსანი“: გვინდა, რომ ახალი მიმართულება დავნერგოთ, რადგან წელს პირველად გადავამუშავეთ მსხალი და მივიღეთ მსხლის პიურე. ძიების პროცესში ვართ, რომ ახალი გემო შევქმნათ და ჩვენს პორტფოლიოს დავამატოთ,“ - ამბობს მანჯავიძე.
კომპანია „ქართული აგროპროდუქტი“ ჩამოყალიბდა 2013 წელს და გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში დაიწყო საქმიანობა, როგორც ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ.
„ამ პერიოდში 500-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერთან მჭიდრო თანამშრომლობით მივაწოდეთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი ათამდე უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელს რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ბელარუსში.
განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ნაყოფის შერჩევის პროცესს, რათა შევუნარჩუნოთ უმაღლესი ხარისხი და დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნები, რითაც ჩამოვყალიბდით როგორც ქართული ხილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი.
ჩვენი მისიაა — ხელი შევუწყოთ საქართველოში ხილის წარმოებას, გადამუშავებას და წარმოებული პროდუქტების ექსპორტს.
აღნიშნული მისიის შესასრულებლად 2017 წლიდან კომპანიამ დაიწყო ხილისა და ბოსტნეულის პიურესა და რბილობიანი წვენების წარმოება.
2020 წლიდან „კეთილი და პატიოსანი“ ბრენდის ქვეშ უკვე ვახდენთ 6 დასახელების, სხვადასხვა შემადგენლობის უნიკალური სასმელის — დასალევი ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას,“ — აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქართული ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება (კალიბრაცია, შენახვა, დასაწყობება სამაცივრე შენობაში) და როგორც ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის, ასევე მათგან უნიკალური ნატურალური სასმელის დამზადება და ექსპორტი.
„ამ მიზნებისათვის კომპანიამ 2.5 ჰა საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მოიცავს 430 მ² საკონსოლიდაციო ცენტრს, 350 ტონა ტევადობის სამაცივრე მეურნეობას და თანამედროვე გადამამუშავებელ ხაზს.
ჩვენი რჩეული პროდუქციის დაზიანებისგან დასაცავად დახარისხება მიმდინარეობს თანამედროვე, იტალიური UNITEC-ის კალიბრაციისა და სორტირების დანადგარების მეშვეობით.
ჩვენს საწარმოში ხილი და ბოსტნეული ინახება სასაწყობო მაცივარში, რომელშიც დაცულია ყველა სტანდარტი და უზრუნველყოფილია პროდუქციის გრძელვადიანი შენახვის პირობები.
ჩვენს კომპანიას მოპოვებული აქვს მაღალი ხარისხის ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებლის სტატუსი საექსპორტო ბაზარზე.
პიურეს წარმოება ხორციელდება იტალიური TECMON-ის ფირმის პიურეს დამამზადებელი ხაზით,“ — აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.