რაჭული მეღვინეობა „ღვინუკა“ სიდრის წარმოებასაც გეგმავს
რაჭაში მდებარე მეღვინეობა „ღვინუკა” მიმდინარე წელს ღვინოების ჩამოსხმის გარდა სიდრის წარმოებასაც გეგმავს. სიდრის წარმოებისთვის საჭირო ვაშლს კი რაჭველი ფერმერებისგან ადგილზე შეიძენს, რეალიზებას კი 2024 წლიდან შეუდგება.
„ღვინუკა“ ყოველწლიურად 10-დან 15 ათასამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის 60-70%-ი ექსპორტზე გააქვს. „ღვინუკას“ პროდუქცია ექსპორტზე ბელგიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში გააქვს.
2022 წლის სეზონზე „ღვინუკამ“ ნაწილი საკუთარი ყურძენი გადაამუშავა, ხოლო ნაწილიც ფერმერებისგან იყიდა.
„ღვინუკა“ 4 სახეობის ღვინოს ძელშავს, მუჯურეთულს, თეთრასა და ცოლიკაურს აწარმოებს.
„2023 წლის გეგმებზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ვგეგმავთ ახალი ჯიშების დამატებასაც და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, როგორიცაა სიდრი ან პეტრატების წარმოება“, - აცხადებენ „ღვინუკაში“.
„ღვინუკას“ გეგმაში გაფართოება და რაჭაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც შედის, სადაც სტუმრებს შეეძლებათ როგორც „ღვინუკას“ ღვინოების დაგემოვნება, ასევე ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობა.
„ამ ეტაპისთვის პროექტი მზად გაქვს, ბაზარს ჯერ კიდევ ვსწავლობთ“, - აცხადებენ „ღვინუკაში“. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 50-დან 60 ათას ლარამდეა.
კომპანიამ 2020 წლიდან რეგიონში ოფიციალურად პირველი ბიო სერტიფიცირების პროცესი დაიწყო.
მეღვინეობა „ღვინუკა“ 2018 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მისი მიზანია რაჭული ვაზის ჯიშებისგან მაღალი ხარისხის მშრალი ღვინოების წარმოება.
„ღვინუკა“ - რაჭული თეთრასა და რაჭული ძელშავისგან დაყენებული თეთრი და წითელი მშრალი ღვინოების მწარმოებელი მცირე ზომის ღვინის ბრენდია რაჭიდან, რომელიც 19 წლის მეღვინე ზუკა მაისაშვილმა შექმნა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.