წელს „საქართველოს ფოსტა“ პირველად გავა მოგებაზე - ირაკლი კობახიძე
„საქართველოს ფოსტაში" გასული წელი დაიხურა 7 მლნ-იანი წაგებით და წელს, კეთილსინდისიერი და სწორი მენეჯმენტის პირობებში, პირველად გავა ფოსტა მოგებაზე, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „საქართველოს ფოსტა", წლების განმავლობაში, იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მას შემდეგ, რაც შეიცვალა მენეჯმენტი, რადიკალურად შეიცვალა პროცესები.
„გამოძიება არის საგამოძიებო უწყებების საქმე. ჩვენი საქმე არის ის, რომ რადიკალურად გავზარდეთ „საქართველოს ფოსტის" მოგება. „საქართველოს ფოსტა", წლების განმავლობაში იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მას შემდეგ, რაც შეიცვალა მენეჯმენტი, ბატონი ერაძე დაინიშნა ხელმძღვანელად, რადიკალურად შეიცვალა პროცესები „საქართველოს ფოსტაში". ამან ფოსტას მოუტანა დამატებით მრავალმილიონიანი როგორც დანაზოგი, ისე ახალი შემოსავლები. შესაბამისად, წელს პირველად გადის საქართველოს ფოსტა მოგებაზე. გასული წელი დაიხურა, წარმოიდგინეთ, 7 მლნ-იანი წაგებით. წელს „საქართველოს ფოსტა" კეთილსინდისიერი და სწორი მენეჯმენტის პირობებში პირველად გავა მოგებაზე, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.