„რანჩო პალომინო“ ახალ სერვისებს ამატებს - რა გეგმები აქვს კომპანიას 2027 წლისთვის
Palomino Ranch • რანჩო პალომინო, რომელიც ბაზარზე 2023 წლის ბოლოდან ოპერირებს, ინფრასტრუქტურას ავითარებს და ახალ სერვისებს ამატებს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა ლაშა გაგოიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე რანჩოზე 70 ცხენი ჰყავთ და ერთდროულად 25 ადამიანის საცხენოსნო ტურზე გაყვანა შეუძლიათ. კომპანია ასევე გეგმავს ტბის მოწყობას, სადაც ვიზიტორებს 2027 წლიდან თევზაობისა და ადგილზე დაჭერილი თევზის მომზადების შესაძლებლობა ექნებათ.
წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ „რანჩო პალომინომ“ მომსახურება გააფართოვა და საცხენოსნო ტურებს კვების ობიექტი, მოსასვენებელი სივრცეები და 6 საათიანი მარშრუტი დაამატა. როგორ განვითარდა ეს მიმართულებები და რა სიახლეები დანერგეთ მას შემდეგ?
კაფე აქტიურად მუშაობს და სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარითა და ავეჯით. ამ ეტაპზე სამზარეულო ყოველდღიურად არ მუშაობს და კერძებზე წინასწარ შეკვეთებს ვიღებთ, თუმცა გამაგრილებელი სასმელები, ყავა და სხვა მსგავსი პროდუქტები ყოველდღიურად ხელმისაწვდომია.
გარემოს გასალამაზებლად და ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი სივრცის შესაქმნელად ტბას ვაწყობთ, რომლის შუაშიც კუნძული იქნება. სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია - ტერიტორია ამოჭრილი და მომზადებულია.
ასევე, ცხენების რაოდენობა გავზარდეთ და ახლა რანჩოზე 70 ცხენი გვყავს. ერთდროულად 25 ადამიანის საცხენოსნო ტურზე გაყვანა შეგვიძლია. თბილისის სიახლოვეს მსგავსი შესაძლებლობა სხვა სივრცეებში არ გვხვდება, რაც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
გარდა ამისა, ცხენებისთვის ახალი თავლა მოვაწყვეთ და მომხმარებლებს დამატებითი სერვისი შევთავაზეთ. მათ, ვისაც საკუთარი ცხენი ჰყავს, თუმცა მისი მოვლისა და დაბინავებისთვის შესაბამისი პირობები და დრო არ აქვს, შეუძლიათ, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ცხენი ჩვენთან დატოვონ და სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოვიდნენ და იჯირითონ.
როგორ შეიცვალა მომხმარებელთა მოთხოვნა და ვიზიტორების სტრუქტურა? როგორია ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრების თანაფარდობა და რა განაპირობებს ინტერესის ზრდას?
ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია და, საინტერესოა, რომ ადგილობრივი მომხმარებლების წილიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, დღეს ქართველი და უცხოელი ვიზიტორების თანაფარდობა თითქმის 50/50-ზეა.
თუ ადრე ქართველი სტუმრები ძირითადად ინდივიდუალურად ან წყვილებად მოდიოდნენ, ახლა უკვე მეგობრების ჯგუფებსაც ვმასპინძლობთ, გაიზარდა სასკოლო ჯგუფების რაოდენობაც. მაგალითად, დღეს ერთ-ერთი თბილისის სკოლიდან 40 ბავშვს ვუმასპინძლეთ.
წელს ფასიანი რეკლამა საერთოდ არ გაგვიკეთებია, რადგან არსებული მოთხოვნა ამის საჭიროებას არ ქმნიდა. ცხენები საკმაოდ დატვირთული გრაფიკით მუშაობდნენ და დამატებითი რეკლამით მომხმარებელთა ნაკადის გაზრდა აუცილებელი არ იყო.
გაიზარდა ლოიალური მომხმარებლების რაოდენობაც - ზოგი ყოველკვირეულად გვესტუმრობს, ზოგი კი თვეში რამდენჯერმე. ისინი საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებენ, რაც ახალი მომხმარებლების მოზიდვას უწყობს ხელს. განსაკუთრებით გაიზარდა ქართველი ვიზიტორების რაოდენობა სწორედ პირადი რეკომენდაციების საფუძველზე.
რა გეგმები აქვს „რანჩო პალომინოს“ წლის დარჩენილი პერიოდისა და 2027 წლისთვის? რა ახალ სერვისებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობთ?
ამ ეტაპზე კიდევ ერთი თავლის აშენებას ვგეგმავთ. გარდა ამისა, ტბის მოწყობაზე ვმუშაობთ, რომელიც მომავალი წლიდან ახალ ფუნქციას შეიძენს. ტბის შუაში კუნძული იქნება, რომელთან მისასვლელადაც ხის ხიდი მოეწყობა. ტბაში თევზებსაც გავუშვებთ და სტუმრებს თევზაობის შესაძლებლობას შევთავაზებთ.
ჩვენი იდეაა, ვიზიტორებს განსხვავებული გამოცდილება შევთავაზოთ: მათ შეეძლებათ, საცხენოსნო ტურის შემდეგ ითევზაონ, თავად დაიჭირონ თევზი და შემდეგ ჩვენს კაფეში მისი მომზადება შეუკვეთონ. გვინდა, რომ სტუმრებმა რანჩოზე დრო მრავალფეროვნად გაატარონ და ერთ სივრცეში რამდენიმე განსხვავებული სერვისით ისარგებლონ.
ტბის პროექტის განხორციელებასა და ახალი სერვისის შეთავაზებას 2027 წლიდან ვგეგმავთ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
30.10.2026.12:27
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში.
რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდია?
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან:
1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
3. თავისუფალი უნივერსიტეტი
4. აგრარული უნივერსიტეტი
5. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
6. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)
7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)
8. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
9. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)
10. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
12. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
13. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი
14. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
15. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU)
16. ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
17. სპორტის უნივერსიტეტი
18. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
19. კონსერვატორია
20. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
21. საქართველოს უნივერსიტეტი
22. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
23. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში
პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პირველკურსელებს, ისე საბაკალავრო საფეხურის სხვა კურსების სტუდენტებს.
სტიპენდიატების შერჩევისას უნივერსიტეტები აკადემიურ მოსწრებას (GPA), სამოტივაციო წერილსა და ლიდერობის პოტენციალს აფასებენ. შერჩევის პირველ ეტაპზე განიხილება განაცხადები, შემდეგ კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება იმართება. ამასთან, თითოეული უნივერსიტეტი სტიპენდიის მოპოვების დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.