რაც შეეხება ჩინეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ბაზრებს, სადაც უკვე წარმატებით ვოპერირებთ, დამატებითი ფრენების დანიშვნა მოკლევადიან პერსპექტივაშივე მოგვიტანს დადებით ეფექტს - „კა გრუპის“ დამფუძნებელი
„კა გრუპის“ დამფუძნებლის ირაკლი ჭიღლაძის თქმით, ტურიზმის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივების დაგეგმვა და მათი სწორად ორგანიზება, რათა ვიზიტორებმა პოზიტიური გამოცდილება მიიღონ. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „კა გრუპის“ დამფუძნებელმა განაცხადა, კოვიდპანდემიის პერიოდში შიდა ტურიზმის განვითარებამ მნიშვნელოვანი სტიმული მიიღო, რადგან ქართველმა მოგზაურებმა ქვეყნის შიგნით მოგზაურობა უფრო აქტიურად დაიწყეს და კარგი მომსახურების შემთხვევაში აღნიშნული ჩვევა მომავალშიც გრძელდება.
„რაც შეეხება შიდა ტურიზმს, შეიძლება ასეთი ანალიზი გავაკეთოთ - პანდემიამ თუ რაიმე დადებითი მოგვიტანა, ერთ-ერთი სწორედ ის იყო, რომ ქართველებისთვის შიდა ტურიზმი საინტერესო გახდა. მათ ეს გამოცდილება საკუთარ თავზე გამოსცადეს. ტურისტის ქცევა ყოველთვის ლოგიკურია - სინჯავს სიახლეს და თუ კარგი მომსახურება და სერვისი მიიღო, შემდეგ აუცილებლად ბრუნდება. ეს ტალღა წარმატებით აგორდა. ამან ხელი შეუწყო პროცესის განვითარებას და იმ პრობლემის მოგვარებას, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე საქართველოში არ მოგზაურობს, ბავშვები კი ისე იზრდებიან, რომ რეგიონებს საერთოდ არ იცნობენ.
ამ კამპანიამ ხელი შეუწყო აღნიშნული მიმართულების განვითარებას. თუმცა, როგორც კი ფრენები აღდგა, ტურისტის ქცევა კვლავ ძველ კალაპოტს დაუბრუნდა, ბევრმა კვლავ საზღვარგარეთ მოგზაურობა ამჯობინა. მიუხედავად ამისა, ნაწილისთვის შიდა ტურიზმი უკვე დამკვიდრებულ ჩვევად იქცა. შესაბამისად, ჰოტელიერებმაც უფრო მეტი ზრუნვა დავიწყეთ ადგილობრივ ტურისტზე. მაგალითად, პანდემიის შემდეგ აქტიურად დამკვიდრდა პრაქტიკა, როდესაც სასტუმროებში ქართველი დამსვენებლისთვის და საერთაშორისო ტურისტისთვის განსხვავებული ტარიფები მოქმედებს. რაც ქართველ დამსვენებელს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს იმ მიმართულებით, რომ შიდა ტურიზმი განავითაროს. რაც შეეხება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და სახელმწიფოს ჩართულობის მხრივ, ბევრი სხვადასხვა კარგი პროექტები აქვთ. განსაკუთრებით მე პირადად ძალიან მომწონს "გემო ფესტი", რომელიც ივნისში უნდა ჩატარდეს ახალციხეში, რითაც ძალიან კმაყოფილები ვართ“, - განმარტა ჭიღლაძემ.
მისი თქმით, ასევე აუცილებელია საერთაშორისო ბაზრებთან დროული და ეტაპობრივი მუშაობა. განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს უკვე კარგად იცნობენ და სადაც შედეგების მიღება მოკლევადიან პერიოდში უფრო
„რაც უფრო მეტ მსგავს ინიციატივას მოვიფიქრებთ და შემდეგ სერვისის კუთხით ყველაფერს სწორად მოვაწყობთ, რათა ტურისტმა უარყოფითი გამოცდილება არ მიიღოს, მით უფრო უკეთესი იქნება სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის. როგორც აღვნიშნე, იმ საერთაშორისო ბაზრებზეც, რომლებიც ჩვენთვის პოპულარულია, დროში სწორად გათვლილი და კონვერსირებული მოქმედებები გვჭირდება.
არსებობენ ბაზრები, რომლებიც კარგად გვიცნობენ, შესაბამისად, მათთან მოკლევადიან პერსპექტივაში უკუგების მიღება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი. თუმცა არის ბაზრები, რომლებთანაც ეტაპობრივი მუშაობაა საჭირო. მაგალითად, ამ დღეებში ჩატარდა „ტარიფას სამიტი“, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან საინტერესო საზოგადოება იყო ჩამოსული. შევხვდით დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, სერბეთისა და სლოვენიის მსხვილ ტურისტულ კომპანიებს, ძირითადად MICE ტურიზმის მიმართულებით.
ის, რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა, ამ შემთხვევაში შესრულდა - კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს შეახვედრა. ამის შემდეგ უკვე თავად კერძო სექტორის კომპეტენციასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული, როგორ განახორციელებენ შემდგომ კომუნიკაციას. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კარგ შედეგს გამოიღებს.
რაც შეეხება ჩინეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ბაზრებს, სადაც უკვე წარმატებით ვოპერირებთ, დამატებითი ფრენების დანიშვნა მოკლევადიან პერსპექტივაშივე მოგვიტანს დადებით ეფექტს. შესაბამისად, მსგავსი ტიპის, დროში სწორად გათვლილი აქტივობები ტურიზმის სექტორს სწორი მიმართულებით განავითარებს“, - აღნიშნა ჭიღლაძემ.
სხვა სიახლეები
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
20.08.2026.18:57
საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.
"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.