რაც უფრო მალე გვექნება ღრმაწყლოვანი პორტი, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის - მიხეილ ნამადოვი
ჩემი აზრით, რაც უფრო მალე იქნება ღრმაწყლოვანი პორტი, მით უკეთესი იქნება, - მიიჩნევს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი, მიხეილ ნამადოვი. მისი თქმით, ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობა და „პანამაქსის“ ტიპის გემების მიღების შეზღუდვა საქართველოსთვის დამატებით ხარჯებსა და დროით დანაკარგებს იწვევს. შავი ზღვის რეგიონში არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევების გამო, ტვირთების გადატვირთვა ხშირად საბერძნეთისა და თურქეთის პორტებში ხდება, რაც, თავის მხრივ, ლოგისტიკურ ჯაჭვს აძვირებს და ახანგრძლივებს.
„პირველ რიგში, ჩვენ არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი, რაც შავი ზღვის აუზის პოტენციალს ამ თვალსაზრისით საგრძნობლად ზღუდავს. არადა, რეგიონი საკმაოდ მასშტაბურია - შავი ზღვის აუზზე საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ მოსახლეობაზე. მეორე პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერ ვიღებთ „პანამაქსის“ ტიპის დიდ გემებს, რის გამოც გვიწევს საბერძნეთისა და თურქეთის პორტების გამოყენება, სადაც ტვირთების გადაზიდვა ხდება. ეს, ბუნებრივია, დამატებითი ხარჯია, მოითხოვს მეტ დროს და, მარტივად რომ ვთქვათ, აძვირებს პროცესს.
ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის შემთხვევაში, „პანამაქსის“ გემები პირდაპირ შემოვლენ ჩვენთან, თუნდაც ჩინეთიდან, და შემდგომ ტვირთები ავტოტრანსპორტითა თუ რკინიგზით გადანაწილდება. ამით ჩვენ საკმაოდ საინტერესო და მომგებიან ნიშას დავიკავებთ.
დღეს ჩვენს აუზში ყველაზე კონკურენტუნარიანი ოდესასთან ახლოს მდებარე ჩერნომორსკის პორტი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ახლა ჩაკეტილია. რუმინეთსაც აქვს გარკვეული ამბიციები, თუმცა მიმაჩნია, რომ მათი განვითარება უფრო ნელი ტემპით წავა. უახლოესი ალტერნატივა სამსუნის პორტია. უფრო შორს აღარ წავალთ, რადგან სხვა მსხვილ მოთამაშეებს საკუთარი ნიშა აქვთ და უკვე სულ სხვა დონეზე არიან ასულები. ამიტომ, რაც უფრო მალე გვექნება ღრმაწყლოვანი პორტი, მით უკეთესი იქნება მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს ნამადოვი.
სხვა სიახლეები
დღეს ბიზნესისთვის მხოლოდ ერთი მარშრუტის იმედად ყოფნა სანდო აღარ არის - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
25.05.2026.12:30
პირველ რიგში, საქართველო ბუნებრივად არის კონკურენტუნარიანი, რადგან ჩვენ აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე ვართ, მეორე მხრივ, ქვეყანაში საკმაოდ კარგი ბიზნესგარემო და საბაჟო პროცედურებია, რაც პროცესების აქსელერაციას ახდენს,- ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ადრე საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი იყო, დღეს უკვე ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი საკმაოდ რთულია, თუმცა დღეს პრაქტიკაში ვხედავთ და ამას ხედავს როგორც ბიზნესი, ისე სახელმწიფო, რომ თუ ადრე საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი და მარშრუტი იყო, დღეს უკვე ყალიბდება ლოგისტიკური ჰაბი. ამ პროცესზე, ბუნებრივია, გლობალური გეოპოლიტიკაც ახდენს გავლენას, ვინაიდან დღეს ბიზნესისთვის მხოლოდ ერთი მარშრუტის იმედად ყოფნა უკვე აღარ არის სანდო. გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ცალსახად და მთლიანად შეცვალა რეალობა. დღეს ჩვენ ვხედავთ მძიმე სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, ამავდროულად, საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს ჩრდილოეთის დერეფანსაც და, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ბოლო ჯერ არ უჩანს“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.
Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შორს ვერ წავალთ, საქართველოს სჭირდება ახალი პორტები, რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა, თანამედროვე საბაჟო და A კლასის ლოგისტიკური ცენტრები.
„პირველ რიგში, უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, კერძოდ, რკინიგზის გამტარუნარიანობა. გვჭირდება ახალი პორტები, ახალი საბაჟოები და A კლასის ლოგისტიკური ცენტრები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შორს ვერ წავალთ. რეალობამ, სამწუხაროდ, ისეთი სურათი მოიტანა, რომელსაც ვეღარ შევცვლით, ამიტომ ამ მოცემულობას უნდა ავყვეთ - კარგია თუ ცუდი, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ჩვენი განვითარების გზა უნდა ვიპოვოთ.
ამ სექტორს ეკონომიკაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა და მრავალი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. ბოლო წლებში ვხედავთ, რომ შუა დერეფნით ტვირთბრუნვა თითქმის გასამმაგდა. თუ ადრე ეს ევრაზიის კონტინენტზე ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხოლოდ პოლიტიკური იდეა იყო, დღეს შუა დერეფანი უკვე რეალობაა და ამ რეალობამ ცალსახად გვაჩვენა, რომ ეს პროცესი დროებითი არ არის“, - ამბობს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი.