„რე-ფრეში“ განვითარების ახალ ეტაპზეა - კომპანია წარმოების ზრდასა და რეგიონებში პარტნიორული ქსელის გაფართოებას გეგმავს
„რე-ფრეში“ ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, არაალკოჰოლურ გაზიან სასმელებს სთავაზობს. კომპანია ამჟამად განვითარების ახალ ეტაპზეა და წარმოების პროცესების სრულყოფასა და ასორტიმენტის გაფართოებაზე მუშაობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „რე-ფრეშის“ თანადამფუძნებელს, სალომე ინაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
„რე-ფრეშ"-ისთვის ბოლო პერიოდი განვითარების და სტრუქტურირების ეტაპია. თითქმის ერთი წელია, რაც საკუთარ საწარმოში გადავედით და ეხლა უფრო აქტიურად ვაგრძელებთ არაალკოჰოლური, ნატურალური სასმელების ხაზის განვითარებას. პარალელურად, ვმუშაობთ წარმოების პროცესების ოპტიმიზაციაზე - ხარისხის კონტროლიდან ტექნოლოგიურ პროცესებამდე და შეფუთვამდე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტები ვაწარმოოთ, არამედ სხვა კომპანიებსაც გავუწიოთ სერვისი - როგორც წარმოების, ისე პროდუქტის შექმნის, რეცეპტურის დამუშავებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით.
რამდენი სახეობის პროდუქტს სთავაზობთ ამჟამად მომხმარებელს და რომელი მათგანი სარგებლობს ყველაზე მაღალი მოთხოვნით?
ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ გაზიანი არაალკოჰოლური სასმელების ხაზს, რომელიც ოთხ ძირითად პროდუქტს აერთიანებს: ციტრუსების მიქსი, ბროწეული და ციტრუსები, ქაცვი და ციტრუსები, ფეიხოა და ლიმონი.

ასორტიმენტში სეზონურობიდან გამომდინარე მცირე ცვლილებები შეიძლება იყოს, რადგან ნედლეულის ხელმისაწვდომობა პირდაპირ მოქმედებს წარმოების მოცულობასა და გემოებზე.
ყველაზე მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ფეიხოას ლიმონათი, თუმცა მას არ ჩამოუვარდება ქართული ციტრუსების მიქსიც, რომელსაც მომხმარებლები ხშირად „ბავშვობის გემოსთან" აკავშირებენ. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა, რადგან გვაჩვენებს, რომ მომხმარებელს სურს ნაცნობი გემო, მაგრამ უფრო ბუნებრივი და ხარისხიანი ფორმით.
შეიცვალა თუ არა მომხმარებელთა მოთხოვნები ბოლო წლებში და რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე?
დიახ, მოთხოვნები აშკარად შეიცვალა. მომხმარებელი ბევრად უფრო ყურადღებიანი გახდა შემადგენლობის მიმართ. დღეს უკვე მხოლოდ გემო აღარ არის საკმარისი - ადამიანებს აინტერესებთ, რისგან არის დამზადებული პროდუქტი, რამდენად გასაგებია მისი შემადგენლობა, რამდენად ბუნებრივია და რამდენად განსხვავდება მასობრივი წარმოების სტანდარტული სასმელებისგან.
ბაზარზე ვხედავთ, რომ იზრდება ინტერესი ნატურალური და ფუნქციური სასმელების მიმართ. მომხმარებელი უფრო მეტად აფასებს ადგილობრივ წარმოებასაც.
ჩვენთვის ეს ტენდენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ სივრცეში ვხედავთ „რე-ფრეშ"-ის ადგილს - ნატურალურ, ადგილობრივ და თანამედროვე სასმელებს შორის.
როგორია დღეს კომპანიის გაყიდვების არხები და გეგმავთ თუ არა პარტნიორული ქსელის გაფართოებას?
დღეს „რე-ფრეშ"-ის ძირითადი გაყიდვების არხი HoReCa სექტორია. ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საცალო ქსელში შესვლა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი პროდუქტი, თუმცა მცირე და საშუალო მწარმოებლისთვის ეს პროცესი საკმაოდ რთულია - ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ? გეგმავთ თუ არა საქმიანობის გაფართოებას, ახალი მიმართულებების განვითარებას ან რეგიონულ ბაზრებზე გასვლას?
ჩვენი მთავარი გეგმაა ბრენდის და წარმოების ეტაპობრივი, ჯანსაღი გაფართოება. „რე-ფრეშ"-ი არ არის პროექტი, რომელიც მხოლოდ ერთ პროდუქტზე დგას - ჩვენ მას ვხედავთ როგორც ნატურალური სასმელების პლატფორმას, სადაც შესაძლებელია ახალი გემოების, ფუნქციური პროდუქტების და სხვადასხვა ფორმატის განვითარება.
სამომავლოდ ვგეგმავთ როგორც არსებული პროდუქტების გაძლიერებას, ისე ახალი მიმართულებების დამატებას. ასევე ვფიქრობთ პარტნიორული ქსელის გაფართოებაზე რეგიონებში.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდა იყოს არა მხოლოდ სწრაფი, არამედ მართვადი - ისე, რომ ხარისხი, პროდუქტის ხასიათი და ბრენდის მიმართ ნდობა არ დაიკარგოს. სწორედ ამ ბალანსის შენარჩუნება არის ჩვენი მთავარი ამოცანა შემდეგ ეტაპზე.
სხვა სიახლეები
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
20.08.2026.18:57
საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.
"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.