რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებას - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ოფიციალური დილერია, ბრენდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე ორი მნიშვნელოვანი ჯილდო გადაეცა. კომპანიის მიღწევები ბაზრის რეკორდული წილისა და პროდუქტის დივერსიფიკაციის მიმართულებით რეგიონში საუკეთესოდ შეფასდა.

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მიღებული ჯილდოები ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი აღიარებაა და ადასტურებს, რომ განვითარების მოდელი, რომელსაც რეგიონში ვნერგავთ, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და JCB-ს მხრიდან მაღალი ნდობით სარგებლობს.
ბაზრის რეკორდული წილი ჩვენი თანმიმდევრული სტრატეგიისა და მომხმარებლების ნდობის შედეგია. ბოლო წლების განმავლობაში ვმუშაობდით როგორც გაყიდვების ზრდაზე, ისე თითოეულ ბაზარზე მდგრადი და გრძელვადიანი პოზიციის დამკვიდრებაზე. ის ფაქტი, რომ დღეს რეგიონში ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ცხადყოფს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.
პროდუქტის დივერსიფიკაციის კუთხით მომხმარებელს JCB-ს ტექნიკის ფართო არჩევანს ვთავაზობთ. წარმოდგენილი გვაქვს ბრენდის ცხრა ძირითადი პროდუქტის მიმართულება - Core 9, რაც საშუალებას გვაძლევს, სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან საჭიროებებს კომპლექსური გადაწყვეტით ვუპასუხოთ. პროდუქციის ფართო არჩევანი და ძლიერი გაყიდვების შემდგომი მომსახურება მომხმარებლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“.
გასულ წელს ნაჩვენები რეკორდული შედეგებისთვის JCB-მ კომპანიას 2025 Market Share Record ჯილდო გადასცა. 2025 წელს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ტექნიკით საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზრის 25%-იანი წილი მოიპოვა, ხოლო სომხეთში - 30%-იანი. ეს კომპანიისთვის - როგორც თითოეულ ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში - ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და, გაყიდვების შედეგებთან ერთად, მომხმარებლების ნდობასა და ბიზნესის განვითარების თანმიმდევრულ სტრატეგიას ასახავს.

მეორე ჯილდო - 2025 Full Line Dealer Award - კომპანიამ რეგიონში JCB-ს პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვანი პორტფელისთვის მიიღო. „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ მომხმარებლებს მხოლოდ ერთი ტიპის ტექნიკას არ სთავაზობს - პორტფელი JCB-ს პროდუქციის ცხრა ძირითად მიმართულებას - Core 9-ს - მოიცავს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის საჭიროებაზე სრულყოფილი გადაწყვეტა კომპლექსურად, ერთ სივრცეში მიიღონ.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტექნოლოგიურ განვითარებასაც. „თეგეტას“ რეგიონში ერთადერთი სპეციალიზებული Uptime Center აქვს, რომელიც JCB LiveLink-ის ტელემატიკური სისტემის მეშვეობით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ტექნიკის მუშაობას აკონტროლებს. ცენტრი, ტექნიკურ მონაცემებთან ერთად, ოპერირების ეფექტიანობასა და სისტემურ შეტყობინებებზე რეაგირების პროცესსაც აანალიზებს, რაც პრევენციული ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკის მოცდენის შემცირების მნიშვნელოვანი ნაწილია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგების, სერვისების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად განაგრძობენ, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ 2007 წელს დაარსდა, 2019 წლიდან კი კავკასიის რეგიონში ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო, საგზაო, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალური დანიშნულების მძიმე ტექნიკას, ასევე სრულ საგარანტიო და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებლის, JCB-ს ოფიციალური დილერია.
სხვა სიახლეები
იასემინ ბედირი Mastercard-ის აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის პრეზიდენტად დაინიშნა
12.08.2026.13:48
Mastercard-მა იასემინ ბედირი აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EEMEA) რეგიონის პრეზიდენტად დანიშნა. ახალ პოზიციაზე ის საქმიანობას 2026 წლის 1 სექტემბრიდან შეუდგება და Mastercard-ის მმართველ კომიტეტსაც შეუერთდება.
EEMEA Mastercard-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და სწრაფად განვითარებადი რეგიონია, რომელიც 81 ქვეყანას, მათ შორის საქართველოსა და სომხეთს აერთიანებს. რეგიონში ციფრული გადახდების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სერვისების სწრაფი განვითარება Mastercard-ისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
ახალ პოზიციაზე იასემინ ბედირი უხელმძღვანელებს კომპანიის რეგიონულ სტრატეგიას და პასუხისმგებელი იქნება Mastercard-ის ბიზნესის შემდგომ განვითარებაზე. მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ფინანსურ ინსტიტუტებთან, ფინტექ კომპანიებთან, ბიზნესებთან, სავაჭრო სექტორსა და საჯარო უწყებებთან პარტნიორობის გაძლიერება.
იასემინ ბედირს Mastercard-ში მუშაობის თითქმის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა და კომპანიის საქმიანობას რთულ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ და მარეგულირებელ გარემოში ხელმძღვანელობდა.
Mastercard-ის Chief Business Officer-ის, საჩინ მეჰრას განცხადებით, იასემინ ბედირს გამოარჩევს ძლიერი ლიდერული ხედვა, გუნდების განვითარების უნარი და მომხმარებლებისა და ადგილობრივი ბაზრებისთვის რეალური ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული მიდგომა.
„EEMEA დიდი, მრავალფეროვანი და კომპლექსური რეგიონია. აქ წარმატებისთვის საჭიროა შემოქმედებითი აზროვნება, შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი - სწორედ ის თვისებები, რომლებიც იასემინმა თავისი კარიერის განმავლობაში არაერთხელ გამოავლინა. ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ იმაში, თუ როგორ გადაიხდიან, მიიღებენ და მართავენ ადამიანები და კომპანიები ფულს მომავალ წლებში“, - განაცხადა საჩინ მეჰრამ.
იასემინ ბედირი Mastercard-ს 2007 წელს შეუერთდა და მას შემდეგ კომპანიის სხვადასხვა მიმართულებასა და საერთაშორისო ბაზარზე მუშაობდა. ის იყო Mastercard-ის გენერალური მენეჯერი თურქეთსა და აზერბაიჯანში, მოგვიანებით კი ჩრდილოეთ ამერიკაში თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ფინანსურ ინსტიტუტებთან და გადახდების პროცესორებთან ურთიერთობის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
„Mastercard-ის გუნდები ჩემთვის ყოველთვის შთაგონების წყარო იყო. მათი გამძლეობა, ინოვაციური აზროვნება და მუდმივი სწრაფვა, არა მხოლოდ უპასუხონ მომხმარებლების საჭიროებებს, არამედ გადააჭარბონ მათ მოლოდინებს, ჩვენი წარმატების მნიშვნელოვანი ფუნდამენტია. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ ძლიერი საფუძვლის განვითარებას, რომელიც დიმიტრიოს დოსისის ხელმძღვანელობით რეგიონში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნა“, - განაცხადა იასემინ ბედირმა.
Mastercard-ში მოსვლამდე იასემინ ბედირი თურქეთის ფინანსურ სექტორში მუშაობდა და სხვადასხვა დროს HSBC-ში, Garanti Bank-სა და Yapı Kredi-ში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა. ის ასევე Professional Women Network-ის (PWN) ერთ-ერთი დამფუძნებელია და აქტიურად უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და პროფესიონალი ქალების გაძლიერებას.
ახალ პოზიციაზე ბედირი დიმიტრიოს დოსისს შეცვლის, რომელიც Mastercard-ის კომერციული გადახდების მიმართულების ხელმძღვანელად - Chief Commercial Payments Officer - დაინიშნა და Commercial & New Payment Flows მიმართულებას უხელმძღვანელებს.
საქართველო და სომხეთი Mastercard-ის რეგიონულ სტრატეგიაში
საქართველო და სომხეთი Mastercard-ის EEMEA რეგიონის ნაწილია და კომპანიისთვის მნიშვნელოვანი, დინამიკურად განვითარებადი ბაზრებია. ორივე ქვეყანაში Mastercard თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებთან, ფინტექ და ტექნოლოგიურ კომპანიებთან, ბიზნესთან და სხვა პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს ციფრული გადახდების განვითარებას, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლებისთვის თანამედროვე ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობას.
Mastercard-ის საქმიანობა საქართველოსა და სომხეთში სცდება მხოლოდ გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ფინანსური ინკლუზია და განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ტურიზმი, კულტურა, ციფრული ტრანსფორმაცია და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
იასემინ ბედირის ხელმძღვანელობით Mastercard გააგრძელებს რეგიონში პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას და იმ ინიციატივების განვითარებას, რომლებიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ზრდას და მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.