რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში - „თეგეტას“ სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს
მასშტაბური კომერციული რეალიზაცია, გაყიდვების შემდგომი მომსახურების კომპლექსური მოდელი, ახალი ბრენდები და მყარი პოზიციები რეგიონში - 2025 წელი „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესში სტრატეგიული ჩართულობა და მსხვილი ბიზნესის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰოლდინგის როლი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზების პროცესში.

ზურაბ ალავიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „გასული წელი ფუნდამენტური ცვლილებებით დაგვამახსოვრდა ბიზნესის განვითარების კუთხით. რეკორდულ მაჩვენებლებს მივაღწიეთ გაყიდვებშიც. ჩვენთვის ერთ-ერთი საამაყო პროექტი თბილისის 200 ერთეული თანამედროვე ავტობუსით მომარაგება იყო. ამ მიმართულებით „თეგეტას“ დიდი გამოცდილება აქვს, წელს კი მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა. ქალაქს თანამედროვე, მაღალი სტანდარტის MAN-ის ბრენდის 18-მეტრიანი სატრანსპორტო საშუალებები მივაწოდეთ.
ჩვენი მიზანი მხოლოდ ტექნიკის მიწოდება არ არის. კომპანიის სტრატეგია ისეთი ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს, სადაც თითოეული ერთეული ტექნიკა მაქსიმალური დატვირთვითა და მინიმალური დანახარჯებით მუშაობს. ეს მიდგომა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის და სამუშაოების უწყვეტობას უზრუნველყოფს“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების, მძიმე და სატვირთო ტექნიკის ბიზნესმიმართულება გასულ წელს პირველად, თუმცა მასშტაბური პარტნიორობით სადისტრიბუციო სეგმენტშიც შევიდა. ჰოლდინგმა საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში MAN-ის 58 ერთეული სატვირთო, საერთაშორისო კომპანიის ჩართულობით, Coca-Cola Bottlers Georgia-ს მიაწოდა.

მაღალი კლასის ტექნიკით მოამარაგა „თეგეტამ“ სამშენებლო სექტორიც. უშუალოდ სატვირთო მიმართულების ჯამური მაჩვენებელი კი 150 ერთეულის რეალიზაციაა, რაც ქართულ ბაზარზე პრემიუმ სეგმენტის 70%-ს შეადგენს.
კომპანიის მაღალი სტანდარტები არა მხოლოდ გაყიდვებზე, არამედ პარტნიორების მხრიდან სანდოობაზე აისახება. სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის“ რეპუტაციის გათვალისწინებით, საქმიანობის ისტორიაში პირველად, გერმანულმა ავტოგიგანტმა MAN-მა საერთაშორისო კონფერენცია დუბაის რეგიონული კლასტერის გარეთ, თბილისში გამართა. მასპინძელი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო.
„გვეამაყება, რომ MAN-ის მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია სწორედ ჩვენი ორგანიზებით მოეწყო. TG Sales and Product Training-ს დილერები 23 სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ. უშუალოდ პრაქტიკული ნაწილი ჩვენს მრავალფუნქციურ ცენტრში ჩატარდა. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სერვისი ამიერკავკასიის რეგიონში პირველია, სადაც სატვირთო და კომერციული ტექნიკის, ასევე ავტობუსების მომსახურება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ობიექტს MAN-ის მიერ უმაღლესი კატეგორია აქვს მინიჭებული და უკვე სრული დატვირთვით მუშაობს.
მსგავსი ღონისძიებები კომპანიას აძლიერებს, არა მხოლოდ როგორც MAN-ის ოფიციალურ წარმომადგენელს, არამედ როგორც რეგიონულ ჰაბს, სადაც ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა ხდება“, - აცხადებს ზურაბ ალავიძე.

მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას მოითხოვდა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები აზერბაიჯანში, სადაც „თეგეტამ“ გასულ წელს ორ ტენდერში გაიმარჯვა. 10-მილიონიან ქვეყანას კომპანიამ 100-მდე ერთეული JCB-ს ტექნიკა გადასცა. ბრიტანული პრემიუმ ბრენდის ექსკავატორ-დამტვირთველები და მუხლუხა ექსკავატორები აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების განვითარების პროცესში არიან ჩართულები. ტექნიკის მიწოდებასთან ერთად, „თეგეტა“ ბაქოს სპეციალური დანიშნულების ავტოპარკის სრულ გამართულობაზეა პასუხისმგებელი.
სწორედ JCB-ს უშუალო ჩართულობით დაიწყო „თეგეტამ“ ტრანსფორმაცია გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით. ბრიტანულ ბრენდთან პარტნიორობით დაინერგა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული სისტემური მიდგომები, რაც მომსახურების ხარისხისა და ოპერაციული ეფექტიანობის მკვეთრ გაუმჯობესებას ემსახურება.
ზურაბ ალავიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ჩვენი მიზანი გაყიდვების სტანდარტული მოდელიდან პარტნიორობის კომპლექსურ სისტემაზე გადასვლაა. JCB-სთან თანამშრომლობით დავნერგეთ საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც განსაკუთრებული როლი თანამედროვე ტექნოლოგიებს ენიჭება. მაგალითად, JCB Live link სისტემის მეშვეობით ჩვენ არა მხოლოდ რეალურ დროში ვმართავთ ტექნიკის ექსპლუატაციას, არამედ პრევენციულ მომსახურებაზე გადავდივართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მანამ ვხედავთ რისკებს, სანამ ისინი შეფერხებად იქცევა.
ამასთან ერთად, ჩვენს B2B მომხმარებელს ახალ მიდგომას ვთავაზობთ. ეს არის Total Cost of Ownership, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ტექნიკის ღირებულება არა მხოლოდ ყიდვის მომენტში, არამედ მისი ფლობის სრულ პერიოდში შეფასდეს. ეს არის რეალური დანახარჯების გათვლა შეძენიდან ექსპლოატაციის ბოლომდე. მომხმარებელი იღებს სრულ ეკოსისტემას: ტექნიკის მიწოდება, პროფესიონალური სერვისი და ავტოპარკის ციფრული კონტროლი“.
2025 წლის შედეგებშია მოლაპარაკებების დაწყება ახალ ბრენდებთან. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების პორტფელი მნიშვნელოვნად გაფართოვდება. ასევე გეგმაშია მომსახურების სისტემების კიდევ უფრო დახვეწა და გამარტივება. იზრდება ჰოლდინგის როლი რეგიონული მასშტაბითაც, სადაც „თეგეტა“ საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ეს კი, თავის მხრივ, კომპანიას არა მხოლოდ კომერციულ, არამედ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ჭრილში მნიშვნელოვან ფუნქციას ანიჭებს.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
25.07.2026.14:29
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მხოლოდ წარსულის დაფასებას არ ნიშნავს, ეს არის მისი გაცოცხლება, ხელახალი გააზრება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. სწორედ ამ იდეის გარშემო გააერთიანა თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი მრავალმხრივი პროექტი „გაზაფხული კვლავ მოვა“, რომელმაც ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორის ხმა, ისტორია და შემოქმედება თანამედროვე აუდიტორიას ახალი ფორმით გააცნო.
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ანიმაცია გახდა, რომელიც ინოლას ავტობიოგრაფიულ ტექსტებსა და მუსიკაზე დაყრდნობით შეიქმნა. ანიმაციის მთავარი იდეა არა მხოლოდ ინოლას ისტორიის მოყოლა, არამედ მისი ხმისა და სათქმელის გაცოცხლებაა - იმ სურვილის შესრულება, რომელიც თავად დატოვა: „იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო.“
Windfor’s-ის კონცეფციითა და Pocket Studio-ს, ანა ჩუბინიძისა და მისი გუნდის ხელით შექმნილი ანიმაციით, გაცოცხლდა ინოლას მოგონებები: მისი სოფელი, ოდა, ოთახი, საყვარელი ნივთები და ის სამყარო, რომელმაც მისი შემოქმედება შთააგონა. თითოეული დეტალი საარქივო ფოტოებისა და ოჯახური ისტორიების საფუძველზე აღდგა, რის შედეგადაც შეიქმნა ნამუშევარი, რომელიც მაყურებელს ინოლას შინაგან სამყაროში ამოგზაურებს.
ინოლა გურგულიას მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი უნიკალური საარქივო ჩანაწერების გამოცემა გახდა. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამოიცა შვიდი ვინილისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც 100 საარქივო აუდიოჩანაწერს აერთიანებს. ამ ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ფირებიდან აღდგენილი მასალა მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, ინოლას ხმა და შემოქმედება განსაკუთრებული სიახლოვით მოისმინოს.
ინოლას მუსიკა კვლავ გაცოცხლდა, 27 მაისს, მისადმი მიძღვნილ კონცერტზეც, სადაც სხვადასხვა თაობის მუსიკოსებმა და ოჯახის წევრებმა მისი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციებით შეასრულეს. ეს იყო მუსიკალური საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მსმენელი, რომ ინოლა გურგულიას შემოქმედება არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ მნიშვნელობებს იძენს.
პროექტის ფარგლებში თიბისი კონცეპტმა ასევე ახალი სიცოცხლე შესძინა ინოლა გურგულიას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმღერას „საქანელა“. ასევე, შეიქმნა არაერთი ვიდეორგოლი, რომლებშიც ინოლას შემოქმედებას იხსენებენ მისი ოჯახის წევრები, მსახიობები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანები. ეს ვიდეოეპიზოდები ინოლას პიროვნებასა და შემოქმედებას სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაცნობს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კვალს, რომელიც მან ქართულ კულტურაში დატოვა.
თიბისი კონცეპტი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ქართულ კულტურას ინარჩუნებს, ავითარებს და ახალ აუდიტორიამდე მიაქვს. ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილი ეს ინიციატივაც სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა - მცდელობა, რომ განსაკუთრებული ხელოვანების შემოქმედება არა მხოლოდ შევინახოთ, არამედ კვლავ გავაცოცხლოთ, რათა მათი ხმა მომავალშიც ისმოდეს.