Robo Coder-ი პროგრამირების კურსების დამატებას გეგმავს
Robo Coder-ი საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც ბავშვები და მოზარდები სწავლობენ და ეუფლებიან მომავლის უნარებს, აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს Lego კონსტრუქტორების დახმარებით. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგემებზე, Business Insider Georgia დამფუძნებელს, ნინო ბექაურს ესაუბრა.
„წელიწადზე მეტია თბილისში გაიხსნა Robo Coder-ის მეორე ფილიალი, სადაც ტარდება Lego საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფუძნებული რობოტოტექნიკის კურსები 3-15 წლამდე ბავშვებისთვის. ფილიალი მდებარეობს დიდ დიღომში. ახალი ფილიალის ადგილმდებარეობა შეირჩა მომხმარებლის წინასწარი გამოკითხვისა და სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საფუძველზე. დიდი დიღმის ფილიალში ფუნქციონირებს Robo Coder-ის კიდევ ერთი ახალი პროექტი - საბავშვო ბაღი, სადაც გვეძლევა საშუალება ბავშვებთან ადრეული ასაკიდანვე ვიმუშაოთ მათთვის შესაბამისი საჭირო უნარების გამომუშავებაზე. ბაღი არის ოჯახური ტიპის, მცირერიცხოვანი ჯგუფებით, რაც გვაძლევს თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობის შესაძლებლობას. ბაღში აქტიურად გამოიყენება Robo Coder-ის საგანმანათლებლო პროგრამებიც“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნინო ბექაური.
ინტერესი და მოთხოვნა აღნიშნული სფეროს მიმართ მზარდია.
„ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ბავშვთა განმავითარებელ კურსებზე ტექნოლოგიური მიმართულებით. საქართველოში საგრძნობლად გაზრდილია ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების რაოდენობა, რაც დადებითად მოქმედებს ცნობადობის გაზრდაზე. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ახლა იწყება ამ მიმართულების გაცნობა ფართო მასშტაბით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის წარმართვა და შესაბამისი სერვისის მომხმარებლისთვის მიწოდება ხარისხიანად და შედეგიანად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ამ სფეროს არასწორ გაცნობას და უნდობლობას მომხმარებელში. გარდა, პროგრამირებისა და კონსტრუირებისა Robo Coder -ში მოსწავლეები იძენენ სხვადასხვა მნიშვნელოვან უნარებს, როგორიც არის კონცენტრაცია, ნებისყოფა, ჯგუფური მუშაობა, დროის განსაზღვრა, პროექტებზე მუშაობა და სხვა. ახალ თაობაში გაჯეტების ფართოდ მოხმარებამ, სამწუხაროდ, გამოიწვია ამ უნარების განვითარების შეფერხება. ჩვენ ვცდილობთ ვასწავლოთ ბავშვებს გაჯეტების და ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება და პარალელურად ვმუშაობთ მათთვის საჭირო უნარების განვითარებაზე“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნინო ბექაური.
Robo Coder-ი სამომავლოდ, სხვადასხვა სიახლეს გეგმავს.
„2025 წელს ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ორივე ფილიალში. უკვე იგეგმება Robo Coder-ის ზაფხულის ბანაკი 2025-ის შემეცნებითი და გასართობი პროგრამა. სექტემბერში, საშემოდგომო სეზონიდან, Robo Coder -ში იგეგმება პროგრამირების კურსების დამატება, რაც მოგვცემს საშუალებას ონლაინ რეჟიმში მივაწოდოთ ჩვენი მომსახურება ბავშვებს და მოზარდებს საქართველოს რეგიონებიდან და გავაცნოთ მათ ჩვენი პროგრამები“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ნინო ბექაური.
ცნობისთვის, Robo Coder - ი არის რობოტოტექნიკისა და პროგრამირების სასწავლო სივრცე 3-15 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ცენტრი დაფუძნებულია Lego Education საერთაშორისო პროგრამაზე და მიზნად ისახავს კონსტრუქტორი Lego-ს დახმარებით განუვითარონ მოსწავლეებს მათი წარმატებული მომავლისთვის საჭირო უნარები. კომპანია 2020 წელს დაარსდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.