როდის იქნება მიღებული EBRD-ის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის სექტორში $19.6 მილიონიანი დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით
EBRD საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის $19.6 მილიონის დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. დაფინანსება საქართველოს უმსხვილესი მასშტაბის მზის ელექტროსადგურის განვითარებას მოხმარდება, რაც ქვეყნის განახლებადი ენერგიის გენერაციის სიმძლავრეს გაზრდის.
პროექტი მოიცავს 40.6 მეგავატი სიმძლავრის ახალი მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობის დაფინანსებას, ასევე ადგილობრივი ბანკიდან მანამდე მოზიდული ხიდური დაფინანსების რეფინანსირებას ხუთი უკვე მოქმედი მზის ფოტოელექტრული სადგურისთვის, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 12.2 მეგავატს შეადგენს. აღნიშნული დაფინანსება EBRD-ის მიერ კომპანიების - შპს „კახეთის მზის“, შპს „მზის ველის“, შპს „ველის“ და შპს „ალაზნის მზის“ სასარგებლოდ შეიძლება მიიმართოს სესხის გამოყოფას სახით. აღნიშნული კომპანიები საქართველოში 52.8 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების (SPP) მშენებლობისა და განვითარების მიზნით არიან დაფუძნებული.
პროექტთან დაკავშირებით, Business Insider Georgia-მ ექსკლუზიურად კითხვით EBRD-ს მიმართა, რომლის საპასუხოდაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიღებული ვადებით პროექტთან დაკავშირებით დირექტორთა საბჭოს მიერ მისი განხილვის სავარაუდო თარიღია 2026 წლის 9 სექტემბერი.
,,პროექტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, დამტკიცების შემთხვევაში, პროექტის ფარგლებში საქართველოში აშენდება ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი კომერციული დანიშნულების მზის ელექტროსადგური (Utility-scale solar power plant). დაფინანსება მოიცავს 40.6 მგვტ სიმძლავრის ახალი (Greenfield) მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობას, ასევე უკვე მოქმედი ხუთი მზის ელექტროსადგურის (ჯამური სიმძლავრით 12.2 მგვტ) რეფინანსირებას.
პორტფელი, მთლიანობაში, წლიურად დაახლოებით 70.6 გიგავატსაათ (GWh) ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 16,333 ტონა CO₂-ის ემისიის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ამასთან, პროექტი შეავსებს საქართველოს არსებულ ჰიდროენერგეტიკულ გენერაციას.
პროექტი შეესაბამება EBRD-ის ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიას და საქართველოსთვის განსაზღვრულ ქვეყნის სტრატეგიას, რომლებიც ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციასა და სექტორში კერძო სექტორის მონაწილეობის გაძლიერებას ითვალისწინებს. EBRD-ის დამატებითი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ბანკი უზრუნველყოფს გრძელვადიან, პროექტის დაფინანსების (Project finance) პრინციპზე დაფუძნებულ ფინანსურ რესურსს, ისეთი პირობებით, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის”, - აღნიშნავს EBRD Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ.
სხვა სიახლეები
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
15.09.2026.12:08
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისა (Best Online Product Offerings) და ზუსტი დაკრედიტების (Best in Precision Credit & Lending) მიმართულებებით. აღნიშნული აღიარება ბანკმა „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში მოიპოვა. ჯამში კი ბანკმა პირველ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო და ბიზნეს მიმართულებებით.
საქართველოს ბანკმა ძირითადი საბანკო პროდუქტების მართვა და აქტივაცია სრულად ციფრულ სივრცეში გადაიტანა. დღეს მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ანგარიში, შეუკვეთონ ბარათი, განათავსონ დეპოზიტი ან აიღონ სესხი ფილიალში ვიზიტის გარეშე. ამასთანავე, ბანკი აქცენტს აკეთებს პერსონალიზებულ შეთავაზებებზე: Next Best Offer ალგორითმი 150-ზე მეტ ქცევით ცვლადს აანალიზებს და მომხმარებელს ინდივიდუალურად შერჩეულ პროდუქტებს სთავაზობს.
ამასთან ერთად, ბანკმა სრულად გარდაქმნა დაკრედიტების პროცესი და ის მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ციფრულ გამოცდილებად აქცია. დღეს საცალო სესხების 89% ციფრულად გაიცემა, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების 95% სრულად ავტომატიზებულია – მათი დამტკიცება 15 წამზე ნაკლებ დროში ხდება.
2025 წელს ბანკმა წარადგინა სრულად დისტანციური იპოთეკური სესხის გაცემის პროცესიც. აღნიშნული სისტემა რეალურ დროში ახორციელებს შემოსავლების, ვალდებულებებისა და საკრედიტო ისტორიის შემოწმებას, ინტეგრირებულია საჯარო რეესტრთან, ახდენს ქონების იდენტიფიცირებას და დისტანციურად გეგმავს შეფასებას. ციფრული ეკოსისტემა ასევე მოიცავს საკრედიტო ლიმიტის ერთ წუთში დამტკიცებას და ნაწილ-ნაწილ გადახდის შესაძლებლობას.
ჩვენი სტრატეგია ეყრდნობა პრინციპს, რომ საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობაში მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს. სხვადასხვა ციფრული გადაწყვეტილებებით ხელს ვუწყობთ ჩვენს მომხმარებლებს დროისა და რესურსების დაზოგვაში. ამის კარგი მაგალითია ციფრული იპოთეკური დაკრედიტების შესაძლებლობა. Global Finance-ის ჯილდო გვიჩვენებს, რომ ჩვენი საცალო მომსახურების გაციფრულების ტემპი და ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებითაც გამორჩეულია“, – განაცხადა გიორგი გურეშიძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებით.
„ამ აღიარების მიღმა უახლესი ტექნოლოგიური არქიტექტურა და მონაცემების მართვის გამართული სისტემა დგას. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებამ დაკრედიტების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. ჩვენი მიზანია, მონაცემთა ანალიზი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ რისკების სწორი მართვისთვის და, ამავდროულად, მომხმარებელს შევთავაზოთ ზუსტად ის პროდუქტი, რომელიც მას კონკრეტულ მომენტში სჭირდება“, – განაცხადა დავით დავითაშვილმა, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მართვის მიმართულებით.
Global Finance-ი, რომელიც 1987 წელს დაარსდა, 196 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. გამოცემა რეგულარულად ასახელებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.