მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

როგორ აერთიანებს „ელკანა“ ბიომეურნეობების განვითარებას, განათლებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას

news image
mbc image

ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ქართული ადგილობრივი კულტურებისა და ჯიშების შენარჩუნებაზე, ბიომეურნეობების განვითარებასა და ფერმერების ცოდნის გაღრმავებაზე მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობა ასევე მოიცავს აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვას, ორგანული წარმოების პოპულარიზაციასა და მომავალი თაობის სოფლის მეურნეობის მიმართულებით განათლებას.
„ელკანას“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ქართული ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს ასოციაციის პროგრამის მენეჯერი თამაზ დუნდუა ესაუბრა.

„ჩვენ ვართ ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, რომელიც 1994 წელს დაარსდა. ჩვენი საქმიანობა ძირითადად ორ მიმართულებას მოიცავს.

პირველი მიმართულება ბიომეურნეობების განვითარებაა. ფერმერებს ვეხმარებით, ქიმიური სინთეზური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების გარეშე განავითარონ მეურნეობები და კონვენციური წარმოებიდან ბიომეურნეობაზე გადავიდნენ. ამ მიმართულებით გვყავს გამოცდილი აგრონომები. თავადაც განათლებით აგროინჟინერი ვარ. ბიო, ორგანული და ეკო წარმოება ერთი და იმავე მიდგომას გულისხმობს, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ტერმინებით მოიხსენიებენ.

მეორე მიმართულება ადგილობრივი კულტურების შენარჩუნება და მდგრადი გამოყენებაა, რაც აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვას გულისხმობს. ეს საქმიანობა ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასაც ემსახურება. ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და ენდემური სახეობების გადარჩენაზე. მათ შორისაა ენდემური სახეობები - ჩელტა, ზანდური, მახა, დიკა და კოლხური ასლი, ხოლო ადგილობრივ ჯიშებს შორისაა წითელი დოლი, თეთრი დოლი, კახური დოლი, შავფხა და თავთუხები.

დედამიწაზე კულტურული ხორბლის 23 სახეობაა ცნობილი, რომელთაგან ხუთი ქართულია. გარდა ამისა, ვმუშაობთ ადგილობრივი პარკოსანი კულტურების შენარჩუნებაზეც. მათ შორისაა ძაძა, სულის პირა, მუხუდო, ცერცვი და ოსპი. ეს კულტურები საქართველოში ლობიოს ამერიკიდან შემოტანამდე იყო გავრცელებული.
სამცხე-ჯავახეთში გვაქვს საკოლექციო ნაკვეთი, რომელსაც „მარცვლოვნების კიდობანს“ ვუწოდებთ. იქ თავმოყრილია ადგილობრივი ხორბლისა და პარკოსანი კულტურების კოლექცია. ასევე ვაგროვებთ მესხური ვაშლის ადგილობრივ ჯიშებს. მათ შორისაა თურაშაული, მეფის ვაშლი, აბილაური, მზის სხივი, მსუქანა, რაკრაკა, ჯორი ცხვირა და რძე ვაშლი. ამ ეტაპზე დაახლოებით 25-მდე ჯიში გვაქვს მოძიებული და შენარჩუნებული.

კოლექციაში, ხორბლისა და პარკოსნების გარდა, გვაქვს ფეტვი, ნამდვილი ღომი და სელი ზეთოვანი, ტექნიკური კულტურა, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს.
თუმცა მთავარი მხოლოდ ამ კულტურების კოლექციაში შენახვა არ არის. ჩვენი მიზანია, ისინი ფერმერებთან დავაბრუნოთ და პრაქტიკულ წარმოებაში აღვადგინოთ. როდესაც ადგილობრივი ჯიშების მოძიება დავიწყეთ, წითელი დოლის მხოლოდ ხუთი კილოგრამის შეგროვება შევძელით. ჯავახეთში ძლივს მივაგენით ამ ჯიშს. დიკას ძიებისას კი 20 ნიმუშიდან მხოლოდ ორი აღმოჩნდა ნამდვილი დიკა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფერმერები განზრახ გვატყუებდნენ ხშირად თავადაც არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, თუ რომელ ჯიშს თესავდნენ.

ამიტომ შევიმუშავეთ მარტივი მიდგომა: ფერმერს, მაგალითად, ათ კილოგრამ დიკას ვაძლევდით და მომდევნო წელს 15 კილოგრამის დაბრუნებას ვთხოვდით. ამ გზით შეგვეძლო, თესლი სხვა ფერმერებისთვისაც გადაგვეცა და მისი გავრცელება გაგვეზარდა. მსგავსი მიდგომა წითელი დოლის შემთხვევაშიც გამოვიყენეთ.

დღეს, ჩვენი ინფორმაციით, წითელი დოლი უკვე ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე ითესება, თუმცა რეალური მაჩვენებელი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, რადგან ყველა მეურნეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. განსაკუთრებით მიხარია, როდესაც რესტორანში წითელი დოლის პურს გვთავაზობენ. ასეთ დროს ვხედავ, რომ წლების განმავლობაში გაწეულმა შრომამ შედეგი გამოიღო და ადგილობრივი ჯიშის აღდგენამ რეალური გავლენა იქონია.

ამ საქმიანობის გაგრძელება აუცილებელია, რადგან ენდემური სახეობები დღეს ფართოდ არ გამოიყენება და მათ ძალიან ცოტა ფერმერი თესავს. ამის მიზეზი რამდენიმეა: ისინი შედარებით დაბალმოსავლიანია, ნახევრად ველური ფორმებია და მარცვალს კილი აქვს, რომლის მოსაცილებლადაც სპეციალური აგრეგატია საჭირო. ეს კი წარმოების თვითღირებულებას ზრდის და ადგილობრივ ხორბალს საქართველოში გავრცელებულ იაფფასიან ფქვილთან კონკურენციას ურთულებს.

შესაბამისად, ასეთი კულტურებისგან მიღებული პროდუქცია, სავარაუდოდ, ყოველთვის ნიშურ სეგმენტში დარჩება. ამ ნიშაზე ორიენტირება მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრებისთვის. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროდუქცია ევროპის ბაზარზე გამორჩეული ხარისხით უნდა წარდგეს.

ხარისხის შეფასება ზოგადად რთულია - მხოლოდ ის, რომ პროდუქტი ლამაზი ან გემრიელია, მის ხარისხს სრულად ვერ განსაზღვრავს. ორგანული წარმოება კი მომხმარებელს კონკრეტულ გარანტიას აძლევს. თუ პროდუქტს შესაბამისი ორგანული სერტიფიცირება აქვს, მომხმარებელმა იცის, რომ ის განსაზღვრული სტანდარტების დაცვით არის წარმოებული. ევროპულ ბაზარზე ორგანულ პროდუქტზე მოთხოვნა არსებობს და ამ ნიშაში საქართველოს დამკვიდრება მნიშვნელოვანია.

გარდა მცენარეული კულტურებისა, კახეთში პატარა მეურნეობა გვაქვს, სადაც კახური ღორის შენარჩუნებაზე ვმუშაობთ. როდესაც ამ ჯიშის რაოდენობის შემცირება დაიწყო და მივხვდით, რომ მდგომარეობა სერიოზული იყო, ძიება დავიწყეთ და ორი განსხვავებული ხაზი მოვიძიეთ. შემდეგ მათი გამრავლება დავიწყეთ.

ჩვენი მეურნეობიდან მხოლოდ გოჭები გაგვყავს და ხორცის წარმოებას არ ვეწევით. მიზანია, სხვადასხვა ხაზის გამრავლებით თავიდან ავიცილოთ ახლონათესაური შეჯვარება და მასთან დაკავშირებული გენეტიკური გაუარესება.

კახურ ღორთან ერთად მეურნეობაში ადგილობრივი ჯიშის ქათამიც გვყავს - ნაცარა ქათამი, ასევე ჯავახური ბატი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქართული მთის ძროხებიც გვყავდა, რომლებსაც ხშირად თუშურ ან ხევსურულ ძროხებს უწოდებენ. ისინი ტანით შედარებით პატარები არიან, თუმცა მათი რძის ხარისხი ბევრ სხვა ჯიშთან შედარებით მაღალია.

დაახლოებით ერთი-ორი წელია, რაც თუშური ცხენის სელექციურ გამრავლებაზეც ვმუშაობთ. საქართველოში ადგილობრივი ცხენის ორი ძირითადი ჯიშია - თუშური და მეგრული, ანუ კოლხური. მესამე, ჯავახური ცხენიც მოიხსენიება, თუმცა ამ ჯიშში სხვადასხვა ხაზის შერევაა შესამჩნევი. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას თუშურ ცხენზე ვამახვილებთ.

საქართველოში ტურიზმი აქტიურად ვითარდება და მათ შორის მთის საცხენოსნო ტურიზმიც სულ უფრო პოპულარული ხდება. თუშური ცხენი ამ გარემოს განსაკუთრებით კარგად შეეფერება: ის გამძლეა, მყარი აღნაგობა აქვს და მთაში უსაფრთხო გადაადგილებისთვისაა ადაპტირებული. ცხენოსანს შეუძლია მასზე დაჯდომა, მისი მართვა და მთიან რელიეფზე გადაადგილება. ამ მიზნებისთვის თუშური ცხენი ბევრად შესაფერისია, ვიდრე ისეთი ჯიშები, რომლებიც ამგვარი პირობებისთვის არ გამოუყვანიათ.

სწორედ ამიტომ დავიწყეთ მისი სელექციური გამრავლება, რათა ჯიში შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. პირველი თაობის ნაჯვარები უკვე მივიღეთ, ახლა კი მომდევნო ეტაპებზე ვმუშაობთ, რათა საბოლოოდ სუფთა ჯიშის კვიცები მივიღოთ.
ჩვენი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განათლებაა. ჩამოვაყალიბეთ აგროეკოლოგიური სკოლა, რომლის ფარგლებშიც ფერმებში სტუდენტებისთვის სასწავლო შეხვედრებს ვმართავთ. ვასწავლით, მაგალითად, ხეხილის გასხვლასა და ფორმირებას, ასევე ვატარებთ ტრენინგებს ბიომეღვინეობის, ბიომევენახეობის, ბიომეფუტკრეობის, ბიომეხორბლეობისა და მემარცვლეობის მიმართულებით.

ამ გამოცდილების გაზიარება სკოლის მოსწავლეებისთვისაც გვინდა. მომავალში ვგეგმავთ, სკოლებს ვუმასპინძლოთ და ბავშვებს ადგილზე გავაცნოთ სოფლის მეურნეობა. დღეს ბავშვებმა ზოგჯერ ისიც კი აღარ იციან, საიდან მოდის რძე - შეიძლება გიპასუხონ, რომ სუპერმარკეტიდან. გვინდა, მათ სოფლის მეურნეობის შესახებ მეტი ცოდნა მივაწოდოთ.

ეს ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. აგრარული მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს კი ინფორმაციას უფრო დეტალურად ვაწვდით, რათა პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები განივითარონ.
საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დონორებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი საკითხია. ბოლო პერიოდში ბევრი დონორი საქართველოდან გავიდა და ამ ცვლილებებმა ჩვენს საქმიანობაზეც იმოქმედა. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, შევძლებთ, არასამთავრობო სექტორში სოფლის მეურნეობის მიმართულება შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის საქმიანობა, რომელზეც ვისაუბრე. საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასაცავი, მოსავლელი და გადასარჩენი.

ჩვენთვის პრიორიტეტულია როგორც ფერმერებისთვის კონსულტაციების გაწევა, ისე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მომავალ თაობასთან მუშაობა. გვინდა, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მეტი ცოდნა მივაწოდოთ, რათა მათ მომავალში ამ საქმიანობის გაგრძელება შეძლონ.

ამასთან, მნიშვნელოვანია თავად ფერმერების ცოდნის გაღრმავებაც. საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და სოფლის მეურნეობის სისტემა წლების განმავლობაში განსხვავებული პრინციპებით მუშაობდა. დღეს ფერმერებს ვუწოდებთ, თუმცა ფერმერი რეალურად მეწარმეც უნდა იყოს. მან უნდა იცოდეს, როგორ დაგეგმოს ფინანსური ნაკადები, დათვალოს ხარჯები და შემოსავლები და სწორად მართოს მეურნეობა. ამ ცოდნის შეძენაში ფერმერების დახმარება ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ განვითარება განათლებით იწყება და ეს მიმართულება მომავალშიც ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა დავტოვოთ.

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ერთად, ადგილობრივი ბიოპროდუქტების პოპულარიზაციასაც ვცდილობთ. პერიოდულად მცირე გამოფენა-გაყიდვებს ვაწყობთ. ამ პროცესში „გუდვილი“ დაგვეხმარა და ფაქტობრივად უსასყიდლოდ გამოგვიყო სივრცე, სადაც ჩვენი ფერმერები თვეში ერთხელ იკრიბებიან და საკუთარ პროდუქციას ყიდიან.

ეს ფერმერებს დამატებითი შემოსავლის მიღებასა და პროდუქციის პოპულარიზაციაში ეხმარება. ამასთან, იზრდება მომხმარებელთა ინფორმირებულობაც - ადამიანები იგებენ, რომ არსებობს ბიოპროდუქტები, რომლებიც ჩვეულებრივი პროდუქციისგან წარმოების მეთოდით განსხვავდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაკლებად დაბინძურებული, პესტიციდების ნარჩენების შემცველი პროდუქციის ნაცვლად, ორგანული პროდუქტის ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის, მეძუძური დედებისთვის, ორსულებისა და სპორტსმენებისთვის. ამიტომ, როდესაც მომხმარებელს ასეთი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა აქვს, ეს დადებითი მოვლენაა.

მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ საექსპორტო ბაზრებზე არ ვიფიქრო. ჩემი აზრით, შიდა ბაზრის განვითარებაც ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. დღეს ბევრს ვსაუბრობთ კულინარიული ტურიზმის განვითარებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ტურისტებს ადგილობრივი პროდუქტები და ტრადიციები გავაცნოთ.

როდესაც საფრანგეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში მივდივართ, გვაინტერესებს ადგილობრივი სამზარეულო და პროდუქცია. საქართველოში ჩამოსული ტურისტისთვისაც საინტერესო უნდა იყოს ქართული ადგილობრივი პროდუქტის დაგემოვნება. მაგალითად, დედას პური, ჩემი აზრით, წითელი დოლისგან უნდა გამოცხვეს და არა უკრაინული ან თურქული ფქვილისგან. შქმერულის მომზადებისას შეფმზარეულმა ადგილობრივი წიწილა უნდა გამოიყენოს და არა იმპორტირებული.
ასევე, ტურისტისთვის უფრო საინტერესოა ქართული საფერავი ან ოცხანური საფერე, ვიდრე საქართველოში წარმოებული შარდონე. თუ სტუმარს ღომს ვთავაზობთ, ვფიქრობ, უმჯობესია, ნამდვილი ღომისგან მომზადებული კერძი გავასინჯოთ და არა სიმინდის ღომი. ადგილობრივი ქერისგან დამზადებული ლუდიც შეიძლება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მათთვის, ვიდრე გერმანიიდან შემოტანილი ალაოს გამოყენებით წარმოებული ლუდი.

გვჯერა, რომ ადგილობრივი კულტურების, ჯიშებისა და ტრადიციული პროდუქტების შენარჩუნება არამხოლოდ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ სოფლის მეურნეობის, შიდა ბაზრისა და ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. სწორედ ამ მიმართულებებზე ვაპირებთ მომავალშიც მუშაობის გაგრძელებას“, - აცხადებს თამაზ დუნდუა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

26.10.2026.16:18

„ვოლნათს.ჯი“ საგარეჯოში კაკლის მოსავლის აღების პროცესშია. წელს კომპანია საკუთარი ბაღებიდან დაახლოებით 600 ტონა მოსავალს ელოდება, დამატებით კი ადგილობრივი ფერმერებისგან 1,200 ტონამდე კაკალს ჩაიბარებს. მოსავლის მიღებასა და დამუშავებას თანამედროვე საწარმო უზრუნველყოფს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით შენდება. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 30 მილიონ ლარამდეა, საიდანაც ბანკის დაფინანსება 13 მილიონ ლარს შეადგენს. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმოს მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.

„ვოლნათს.ჯი“ 150 ჰექტარზე გაშენებულ კაკლის ბაღებსა და გადამამუშავებელ საწარმოს აერთიანებს. საწარმოს დღიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 80 ტონა კაკალია. წარმოების პროცესი მოსავლის რეცხვით იწყება, რის შემდეგაც კაკალი სენსორული სისტემების საშუალებით ხარისხის მიხედვით გადაირჩევა. შემდეგ პროდუქტი საშრობ სივრცეში გადადის, სადაც ტენიანობა მუდმივად კონტროლდება. ბოლო ეტაპზე კაკალი ზომების მიხედვით კალიბრდება და იფუთება. პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებასა და დიდი მოცულობის მოსავლის ეფექტიანად დამუშავებას უზრუნველყოფს.

კომპანია პროდუქტს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, სადაც პრემიუმ ხარისხის კაკალზე მოთხოვნა მაღალია. სატესტო პარტიები კი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიასა და ავსტრიაში, გადის.

სამომავლოდ „ვოლნათს.ჯი“ საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - 2027 წელს კომპანია 70%-ით მეტ კაკალს გადაამუშავებს; ასევე დაგეგმილია შემნახველი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

თიბისი სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი და აქტიური დამფინანსებელია. ბანკის პორტფელი ამ მიმართულებით 1.3 მილიარდ ლარს შეადგენს. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს წარმოების ზრდას, ფერმერებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას და მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა