როგორ აფასებს „ჩირჩხელა“ 2026 წლის პირველ ნახევარს და რა საერთაშორისო გეგმები აქვს კომპანიას
2026 წლის პირველი ნახევარი „ჩირჩხელასთვის“ საერთაშორისო მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებით გამოირჩეოდა. კომპანიამ პირველად მიიღო მონაწილეობა ნიუ-იორკში გამართულ New York Restaurant Show-ზე და ამერიკის ბაზარზე საქმიანობის გაფართოება დაიწყო. კომპანიის გეგმებსა და 2026 წლის მეორე ნახევრის მოლოდინებზე Business Insider Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით „ჩირჩხელასთვის“ 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ექვსი თვე „ჩირჩხელასთვის“ ნამდვილად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდი იყო. ამ ეტაპს გამოვარჩევდი, როგორც კომერციული, ისე საერთაშორისო მიმართულებით მიღწეული შედეგებით.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ამერიკის ბაზარზე ჩვენი საერთაშორისო გზის გაგრძელებაა.
2026 წლის 8–10 მარტს „ჩირჩხელა“ პირველად იყო მიწვეული ამერიკაში - ნიუ-იორკში, New York Restaurant Show-ზე, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, ქართული პროდუქტი ამერიკული კულინარიული და ბიზნესაუდიტორიისთვის წარგვედგინა.
,,ერთხელ ამერიკაში’’ მიწვევა ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო. ახლა კი, რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე მეორედ ვბრუნდებით - ამჯერად ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო Wine & Food Festival-ზე - NYC Wine & Food Festival-ის Grand Tasting-ზე, რომელიც 15–18 ოქტომბერს გაიმართება.
ეს არის სივრცე, სადაც ერთიანდებიან მსოფლიოს ცნობილი შეფები, რესტორნები, ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებლები და კულინარიული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები.
ამასთან ერთად, ამერიკის ბაზარზე ჩვენი საქმიანობა გაცილებით ფართო მიმართულებით ვითარდება. ვმუშაობთ FDA-ის რეგულაციებთან შესაბამისობაზე, შეფუთვასა და პოზიციონირებაზე, რეალიზაციის არხებზე, ლოჯისტიკასა და საექსპორტო პროცესებზე. აქ მასშტაბები დიდია და, შესაბამისად, საქმეც ბევრია.

როგორია თქვენი სტრატეგია საექსპორტო მიმართულებით - რომელ ბაზრებზეა ამ ეტაპზე ძირითადი ფოკუსი და გეგმავთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ფოკუსი ამერიკის ბაზარია.
პარალელურად, ვაკვირდებით ევროპულ ბაზრებსაც და ახალი საექსპორტო მიმართულებების ათვისებასაც ვგეგმავთ.
ცხადია კომპანიის წარმატებისთვის მხოლოდ კარგი პროდუქტი საკმარისი არ არის. საჭიროა რეგულაციებთან შესაბამისობა, სწორი შეფუთვა და პოზიციონირება, ხარისხის სტანდარტები, ლოჯისტიკა, გაყიდვების არხები და, რაც მთავარია, მომხმარებლისთვის პროდუქტის სწორად გაცნობა.
ჩვენი სტრატეგიაა, ეტაპობრივად შევქმნათ საერთაშორისო ქსელი, სადაც „ჩირჩხელა“ წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ როგორც ქართული სუვენირი, არამედ როგორც ხარისხიანი, უნიკალური და კონკურენტუნარიანი თანამედროვე საკვები დესერტი.

რა მიმართულებით გეგმავთ „ჩირჩხელას“ განვითარებას 2026 წლის დარჩენილ პერიოდში - იგეგმება თუ არა ახალი პროდუქტების, გემოების ან სხვა სიახლეების დამატება?
2026 წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
ვმუშაობთ ახალი გემოებისა და ფორმატების მიმართულებით, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სიახლე შეესაბამებოდეს „ჩირჩხელას“ მთავარ იდეას - ქართული ტრადიციის შენარჩუნებას თანამედროვე სამყაროში.
მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სიახლე, რომელსაც 2026 წლის მეორე ნახევარში ველოდებით.

როგორია თქვენი მოლოდინი 2026 წლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით?
2026 წლის მიმართ საკმაოდ ამბიციური მოლოდინი გვაქვს.
გვაქვს გრანდიოზული საერთაშორისო მიზანი, რომლის შესახებაც ამ ეტაპზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ.
ეს არ არის უბრალოდ ახალი პროდუქტი და არც მხოლოდ ახალი ბაზრის ათვისება.
საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო მიღწევაზე, რომელიც, თუ ყველაფერი ისე განხორციელდა, როგორც ვგეგმავთ ვფიქრობ, იქნება ამბავი, რომელზეც ბევრი ისაუბრებს.
და მინდა ერთი რამ მკაფიოდ ვთქვა - ეს არ არის უბრალოდ სურვილი ან ოცნება. ამ მიზნის მისაღწევად უკვე კონკრეტული სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს აუცილებლად მოხდება.
გვინდა, ეს დიდი მიზანი სიურპრიზად დავტოვოთ და საზოგადოებას მაშინ გავუზიაროთ, როდესაც სამუშაო პროცესი დასრულდება და შედეგი უკვე რეალურად დადგება.
სწორედ მაშინ ვიტყვით - ,,ამისთვის ღირდა’’ ამერიკაში ჩამოსვლა, ამდენი სირთულის გადალახვა და ამ გზის გავლა.

სხვა სიახლეები
4-წლიანი პარტნიორობის შეჯამება და ახალი სტრატეგია: „აგროსიმა“ და „კლოუნ ქიმია“ თანამშრომლობას აფართოებენ
29.10.2026.16:00
კომპანია „აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს პესტიციდების, აგროქიმიკატების და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.
გასულ თვეს აგროსიმას „კლოუნ ქიმიას“ წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის 4-წლიანი პერიოდი შეაჯამეს, მიღწეული შედეგები გააანალიზეს და ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი დაგეგმეს. აღნიშნული პარტნიორობის გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „აგროსიმას“ მკაფიო სტრატეგიას - ქართველ ფერმერებსა და აგრომეურნეობებს შესთავაზოს მაღალეფექტური და მრავალფეროვანი პესტიციდები.
„ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებისა და თანამედროვე აგროგამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორთან. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შევაფასეთ გასული წლების შედეგები და დავსახეთ განახლებული სტრატეგიები, რაც უახლესი თაობის პესტიციდების პორტფელის გაფართოებასა და ქართველი ფერმერებისთვის მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აღნიშნული სიახლეების დამატების შემდეგ, „აგროსიმას“ პორტფელში 70-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პესტიციდი და აგროქიმიკატი გაერთიანდება. 9-წლიანი ოპერირების მანძილზე შევძელით და საქართველოს ბაზარზე არაერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია შემოვიყვანეთ, „კლოუნ ქიმია“ კი ამ გზაზე ჩვენი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია,“ - აცხადებს „აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.
„კლოუნ ქიმია“ არის განვითარებაზე ორიენტირებული მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია პესტიციდების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში. დაარსების დღიდან კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე კლიმატურ გამოწვევებს, რითაც ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
კომპანია „აგროსიმამ“ საწყის ეტაპზე საქმიანობა 10 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 70-მდეა. განახლებული და მრავალფეროვანი პორტფელი სრულად ფარავს აგროსექტორის საჭიროებებს და მოიცავს: ინსექტიციდებს, აკარიციდებს, ფუნგიციდებს, ჰერბიციდებს, სასუქებს და სათესლე მასალას. კომპანიის მიზანია ფერმერების მხარდაჭერა და მათი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფა.