როგორ აფასებს Dona Bakeshop & Cafe ზაფხულის სეზონს და რა გეგმები აქვს კომპანიას
2026 წლის ზაფხულის სეზონი Dona Bakeshop & Cafe-სთვის მომხმარებლების ზრდითა და ახალი პროდუქტების მიმართ მაღალი მოთხოვნით გამოირჩეოდა. კომპანიის მენეჯერი თამილა ბეჟანიძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას ზაფხულის სეზონის შედეგებზე, მომხმარებლების რაოდენობის დინამიკასა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით მიმდინარე ზაფხულის სეზონს და რა დინამიკა გამოიკვეთა მომხმარებლების რაოდენობისა და ნაკადის მიმართულებით?
ზაფხულის სეზონი წელს ცოტა გვიან დაიწყო, თუმცა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. მომხმარებლების რაოდენობა გაზრდილია, რაც ძირითადად უცხოელი სტუმრების ზრდას უკავშირდება. ასევე, ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისიდან დაგვემატა მომხმარებლები თბილისიდანაც.

ზაფხულის სეზონისთვის ეს ჩვეული ტენდენციაა - ადგილობრივი მომხმარებლების ნაწილი ქალაქიდან გადის და მათ გარკვეულწილად ჩამოსული სტუმრები ანაცვლებენ. მიუხედავად ამისა, აქტიურობას ნამდვილად არ ვუჩივით. ძალიან კმაყოფილები ვართ როგორც ივლისის, ისე აგვისტოს შედეგებით.
რა ცვლილებები და სიახლეები შეიტანა „დონამ“ ასორტიმენტსა და მომსახურებაში 2026 წლის ზაფხულის სეზონზე და როგორ მიიღო ისინი მომხმარებელმა?
ზაფხულის ყოველი სეზონი გარკვეული სიახლეებით გამოირჩევა. როგორც წესი, სეზონის დასაწყისში კონკრეტული დესერტი ტრენდდება და შემდეგ მთელი ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. წელს ასეთი ე.წ. კორპუსული დესერტები აღმოჩნდა.
სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად მათი დამატება არ გვქონდა დაგეგმილი, რადგან ბაზარზე ასეთ მასშტაბურ მოთხოვნას არ ველოდით. თუმცა, ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, საკმაოდ სწრაფად მოვახდინეთ რეაგირება და კორპუსული დესერტებიც დავამატეთ ასორტიმენტს.

ამჟამად, მომხმარებელს შვიდ განსხვავებულ გემოს ვთავაზობთ და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათზე მოთხოვნა მთელი ზაფხულის განმავლობაში არ შემცირებულა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი ამ ზაფხულის ერთ-ერთი ბესტსელერია.
რა არის „დონას“ მთავარი პრიორიტეტები და გეგმები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში?
წლის დარჩენილი პერიოდისთვის მზადება ჯერ კიდევ ზაფხულის დაწყებამდე დავიწყეთ. მასშტაბურად არა, თუმცა ასორტიმენტში უკვე შევიტანეთ რამდენიმე სახეობის დესერტი, რომლებიც ხორბლის ფქვილის გარეშე მზადდება. ასევე, დამატებული თეთრი რაფინირებული შაქრის გარეშე დესერტების ნაწილში ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ნატურალურ დამატკბობლებს. არის პროდუქტები, რომლებშიც საერთოდ არ ვიყენებთ დამატკბობელს და დესერტის სიტკბო ინგრედიენტების ბუნებრივი სიტკბოს ხარჯზე მიიღება.

მჯერა, რომ ზაფხულის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩვენი ადგილობრივი მომხმარებელი ქალაქს დაუბრუნდება, ამ მიმართულებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ცხოვრების ჯანსაღი წესით. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ინტერპრეტაცია ყველასთვის განსხვავებულია, თუმცა მომხმარებლების გარკვეული ნაწილი უარს ამბობს თეთრ შაქარსა და თეთრ ფქვილზე.
ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მომხმარებელს საკმაოდ დიდ არჩევანს ვთავაზობთ და მოთხოვნის შესაბამისად ვადაპტირდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის პრინციპი, რომ „დონაში“ მოსულმა ნებისმიერი გემოვნებისა და მოთხოვნის მქონე მომხმარებელმა იპოვოს მისთვის სასურველი პროდუქტი.

ამასთან, ახალი წელიც ახლოვდება, რომელიც ჩვენთვის ცალკე აღებული ტურისტული სეზონია - თავისი მოცულობით, მასშტაბითა და მოთხოვნის სპეციფიკით. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვემზადებით.
ინფორმაციისთვის, Dona Bakeshop & Cafe ამჟამად ბათუმში 3 ფილიალს აერთიანებს. კომპანიის პირველი ფილიალი 2003 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
26.08.2026.15:59
თიბისის მხარდაჭერით, მაღაზიათა ქსელი “ამბარი” უბნის მოლის კონცეფციას ავითარებს და ბიზნესის გაფართოებას განაგრძობს. „ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯიამ” მაღაზიათა ქსელი One Price შეიძინა; თიბისისთან პარტნიორობით კი აქტიურად მუშაობს რებრენდინგსა და ბიზნესის განვითარებაზე.
თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიამ ჯამურად 22 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო. თანხა ძირითადად ქსელის განვითარებასა და ახალი მაღაზიების გახსნას მოხმარდება.
რებრენდინგის შემდეგ „ამბარი“ ბაზარზე განსხვავებული ფორმატით - უბნის მოლის კონცეფციით - განაგრძობს მუშაობს. კომპანიის მიზანია, მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებები ერთ სივრცეში, სახლთან ახლოს გააერთიანოს და ამ გზით დაზოგოს მისი დრო, ენერგია და ფინანსური რესურსი.
ბოლო 3 თვის განმავლობაში „ამბარის“ ქსელს უკვე 25 ახალი მაღაზია დაემატა და ამ ეტაპზე ბრენდი 37 მაღაზიას აერთიანებს. წლის ბოლომდე ფილიალების რაოდენობა 60-მდე გაიზრდება და მოიცავს როგორც თბილისის ყველა უბანს, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებს. ქსელის გაფართოებასთან ერთად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც - ამჟამად „ამბარს“ 380 თანამშრომელი ჰყავს, წლის ბოლომდე კი რაოდენობა 600-მდე გაიზრდება.
“ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯია” “კოკა-კოლას ჯგუფში” შემავალი კომპანიაა, რომელთანაც თიბისის მრავალწლიანი პარტნირობა აკავშირებს. ჯგუფთან ერთად ბანკს არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც მოიცავს ახალი რესტორნების გახსნას, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს მშენებლობას და ა.შ. ერთობლივი პროექტებით თიბისი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას, დასაქმების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.