როგორ აფასებს teamtwo 2026 წლის პირველ ნახევარს და რა გეგმები აქვს კომპანიას
2026 წლის პირველი ნახევარი teamtwo-სთვის მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. ამ პერიოდში კომპანია სხვადასხვა მასშტაბისა და მიმართულების პროექტებზე მუშაობდა.
როგორ აფასებს teamtwo 2026 წლის პირველ ნახევარს და რა გეგმები აქვს წლის მეორე ნახევრისთვის - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელი და არქიტექტორი შოთა საგანელიძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით teamtwo-სთვის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა იყო ამ პერიოდის მთავარი შედეგები, მიღწევები და მნიშვნელოვანი პროექტები?
2026 წლის პირველი ნახევარი თიმთუსთვის იყო როგორც პროექტების მასშტაბისა და სირთულის, ასევე პროფესიული კომპეტენციების ზრდის პერიოდი. აქტიურად ვმუშაობთ საზოგადოებრივ, ინდუსტრიულ და კომერციულ პროექტებზე, რომლებშიც სულ უფრო ხშირად გვიწევს საერთაშორისო სტანდარტებისა და კომპლექსურ ტექნიკურ მოთხოვნების დამუშავება.
ამავე დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მონაწილეობა იმ პროფესიულ პროცესებში, რომლებიც მთლიანად სექტორის განვითარებას განსაზღვრავს. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ SHARE Architects-ის, TAF-ის (Tbilisi Architecture Forum) საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობას და UNDP-ის მხარდაჭერით ევროპულ ბაზრებთან მუშაობას.
საერთაშორისო პროფესიულ გარემოში ჩართულობა ჩვენთვის მხოლოდ ახალი პროექტების მოძიებას არ ნიშნავს. ჩვენი მიზანია მიღებული გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტები ქართულ პრაქტიკაშიც გადმოვიტანოთ და ამით ადგილობრივი საპროექტო და სამშენებლო სექტორის განვითარებას შევუწყოთ ხელი.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა არქიტექტურულ და საინჟინრო სერვისებზე წლის პირველ ნახევარში - რომელი მიმართულებები და პროექტები იყო განსაკუთრებით აქტიური?
ბაზარზე აშკარად იზრდება მოთხოვნა ტექნიკურად კომპლექსურ შენობებზე. განსაკუთრებით გამოვყოფდით ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ სექტორს, მათ შორის A კლასის ლოგისტიკურ ცენტრებს, სადაც პროექტირება მოითხოვს ტექნოლოგიური პროცესების, საინჟინრო სისტემების, ენერგოეფექტურობის, უსაფრთხოებისა და შემდგომი ექსპლუატაციის ერთიან გააზრებას.
მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ დამკვეთები მეტად უყურებენ შენობას არა მხოლოდ საწყისი საინვესტიციო ღირებულების (CAPEX), არამედ მისი სრული სასიცოცხლო ციკლისა და საოპერაციო დანახარჯების (OPEX) პერსპექტივიდან. სწორედ აქ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ენერგოეფექტური პროექტირება და ისეთი საერთაშორისო სისტემები, როგორიცაა LEED, EDGE, BREAM და მსგავსი დონის სერთიფიცირება.
სწორად დაგეგმილმა შენობამ შესაძლოა გარკვეულ კომპონენტებში მეტი საწყისი ინვესტიცია მოითხოვოს, თუმცა პროექტი მისი სრული სიცოცხლის ციკლით უნდა შეფასდეს - რამდენ ენერგიასა და წყალს მოიხმარს, რა დაჯდება მისი ექსპლუატაცია და რამდენად ხარისხიან გარემოს შექმნის მომხმარებლისთვის.
საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: დღეს დაპროექტებული შენობები ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში უნდა ემსახურონ. შესაბამისად, CAPEX-ის ოპტიმიზაცია OPEX-ის უგულებელყოფის ხარჯზე ხშირად მოკლევადიანი ეკონომიაა და არა რეალური ეფექტიანობა.
რამდენად მნიშვნელოვანი იყო teamtwo-სთვის 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ბაზარზე საქმიანობის გაძლიერება და რა ახალი შესაძლებლობები გაჩნდა ამ მიმართულებით?
საერთაშორისო მიმართულება teamtwo-სთვის ორმხრივი პროცესია: ერთი მხრივ, ქართული ინტელექტუალური და საპროექტო მომსახურების ექსპორტი, ხოლო მეორე მხრივ - საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე სამუშაო მეთოდების ქართულ ბაზარზე შემოტანა.
UNDP-ის მხარდაჭერით გერმანიის ბაზარზე მუშაობამ და ევროპულ პროფესიულ გარემოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს აქვს კონკურენტუნარიანი Architectural & Engineering მომსახურების შექმნისა და ექსპორტის პოტენციალი. ამისთვის კი აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი
პროცესები, შესაბამისი სერტიფიცირება და მუდმივი ტექნოლოგიური განვითარება.
ამ კონტექსტში ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებაა მოდულარული მშენებლობა და DfMA - Design for Manufacturing and Assembly. ეს მიდგომა პროექტირებას, წარმოებასა და მშენებლობას ერთიან პროცესად განიხილავს, ზრდის ხარისხსა და სისწრაფეს, ამცირებს დანაკარგებსა და რესურსების უფრო ეფექტურად გამოვიყენებას უწყობს ხელს.
მსგავსი კომპეტენციების განვითარება მხოლოდ ერთი კომპანიის ზრდას არ ეხება, ეს არის შესაძლებლობა, ქვეყანამ შექმნას უფრო მაღალი ხარისხის საინჟინრო და საპროექტო პროდუქტი და გაზარდოს მისი საექსპორტო პოტენციალი.
რა გეგმები აქვს teamtwo-ს 2026 წლის მეორე ნახევრისთვის - რომელ პროექტებსა და მიმართულებებზე იქნება მთავარი ფოკუსი?
წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ფოკუსი საპროექტო პროცესების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და საერთაშორისო ნორმების შესწავლა იქნება. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯია BIM პროცესებისა და სერვისების ISO 19650 სტანდარტთან შესაბამისობისა და სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობა. ჩვენთვის სერტიფიცირება ფორმალური დოკუმენტი არ არის, მისი მთავარი ღირებულება პროცესების სტანდარტიზაცია, ინფორმაციის ეფექტიანი მართვა და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობისთვის ერთიანი პროფესიული ჩარჩოს შექმნაა.
გავაგრძელებთ მდგრადი და ენერგოეფექტური პროექტირების მიმართულების განვითარებასაც. LEED-ის მიმართ მზარდი ინტერესი აჩვენებს, რომ ბაზარი თანდათან გადადის შენობის მხოლოდ საწყისი ღირებულების შეფასებიდან მისი სრული სასიცოცხლო ციკლის გააზრებაზე.
ასევე მნიშვნელოვანი ფოკუსი იქნება ინდუსტრიული, ლოგისტიკური და მოდულარული შენობები და DfMA მიდგომის უფრო ფართოდ ინტეგრირება საპროექტო პროცესში.
ჩვენი გრძელვადიანი ამოცანაა, teamtwo-ს განვითარებასთან ერთად, ხელი შევუწყოთ საქართველოში საპროექტო კულტურის, ტექნიკური სტანდარტებისა და საბოლოოდ აშენებული გარემოს ხარისხის ზრდას.
სხვა სიახლეები
უძრავი ქონების მართვა ახალ რეალობაში - როცა სტანდარტული მარკეტინგი აღარ არის საკმარისი
05.10.2026.19:27
რატომ მოითხოვს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარი მარკეტინგზე უფრო ღრმა, მონაცემებზე დაფუძნებულ და კომერციულ მიდგომას.
უძრავი ქონების სექტორი და მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯამურად 15%-ზე მეტი წილი უკავია.
სექტორი სტაბილურად იზრდება - მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად ბაზარი $400 მილიონამდე აღწევს, ტრანზაქციები ორნიშნა ტემპით იმატებს, ხოლო მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე დედაქალაქის ეკონომიკური დამატებული ღირებულების თითქმის 20% მოდის.
თუმცა, უძრავი ქონების სექტორი მხოლოდ ციფრები არ არის. ამ შთამბეჭდავი რიცხვების უკან დგას უდიდესი ემოციური ნაბიჯები, რომელსაც დგამს მომხმარებელი, სანამ უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს საინვესტიციო დანიშნულებით თუ საცხოვრებლად.
ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია ნიშნავს მაღალ კონკურენციას. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ბრენდი, იმიჯი, PR და მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და მონაცემები.
უძრავ ქონებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სფეროში ტრადიციული მიდგომები აღარ კმარა. დღეს წარმატებას მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი და ციფრული ანალიტიკა განაპირობებს, რომელიც გაყიდვების სრულ ციკლს მართავს.
- რატომ აღარ მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე სტანდარტული მარკეტინგული მიდგომა?
„იმიტომ, რომ დღეს კონკურენცია მხოლოდ ყურადღებისთვის აღარ არის - კონკურენცია გადაწყვეტილების მიღების გამარტივებისთვის არის.
თანამედროვე უძრავი ქონების მარკეტინგი ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ ცნობადობის შექმნა ან ლიდის მოყვანა. მისი ამოცანაა, მომხმარებლის გზაზე თითოეულ ეტაპზე უპასუხოს იმ კითხვას, რომელიც გადაწყვეტილებას აფერხებს.
სწორედ აქ ხდება მონაცემები მარკეტინგის ნაწილი: არა მხოლოდ იმის გასაზომად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ იმის გასაგებად, სად ჩერდება გადაწყვეტილება და რატომ.
ჩვენთვის ეს არის ახალი მიდგომა - მარკეტინგის მართვა არა კამპანიების, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის მიხედვით.
საბოლოო შედეგისთვის მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ლიდი - მთავარი KPI არის რამდენად სწრაფად და რატომ გადადის ადამიანი ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე.“ სალომე ყიფიანი

- როდესაც მარკეტინგი გასცდა უბრალო რეკლამას, ხოლო კომუნიკაცია -სტანდარტულ გაყიდვებს, კონკრეტულად რა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს დეველოპერული პროექტის მართვის ციკლმა?
„მონაცემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა საბაზისო, ამასთან ერთად მთავარი მაინც ემპათია და სწორი კომუნიკაციაა - უძრავი ქონება ცივი ტრანზაქცია არ არის, ის ადამიანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება და საუკეთესო შედეგიც სწორედ ზუსტი მონაცემებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაგების სინთეზით მიიღწევა.“ - თამთა მეძმარიაშვილი.

სწორედ ამ გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის საფუძველზე თამთა მეძმარიაშვილმა და სალომე ყიფიანმა Smart Academy-სთან თანამშრომლობით შექმნეს ახალი პროფესიული პროგრამა - „უძრავი ქონების კომერციული მართვა: მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა“.
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს უძრავი ქონების პროექტის მართვა მხოლოდ ერთი ფუნქციის ფარგლებში კი არა, ერთიანი კომერციული სისტემის სახით დაანახოს - ბაზრისა და პროდუქტის ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით, გაყიდვების პროცესით, CRM-ითა და მონაცემთა ანალიტიკით დასრულებული.