როგორ აფასებს „ვაზიანი კომპანი“ Vinexpo Paris 2026-ს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
„ვაზიანი კომპანიამ“ მონაწილეობა მიიღო Vinexpo Paris 2026-ის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც წარდგენილმა ღვინოებმა იმპორტიორების, სომელიეების და დარგის ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასება და დიდი ინტერესი დაიმსახურა , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსმა აურიკა კროიტორმა განუცხადა.

„Wine Paris არის შედარებით ახალი გამოფენა, რომელიც ბოლო წლებში კონკურენციას უწევს ისეთ დიდ საერთაშორისო გამოფენას, როგორიცაა ProWein Düsseldorf. წელს გადავწყვიტეთ, რომ ProWein-ის ნაცვლად პარიზში მიგვეღო მონაწილეობა და ეს გადაწყვეტილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. გამოფენას ბევრი ვიზიტორი დაესწრო - სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იმპორტიორები და ბიზნესპარტნიორები. მათ შორის, იყვნენ ჩვენი არსებული პარტნიორებიც, რომლებთანაც შეხვედრები გავმართეთ.
ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო, განსაკუთრებით ადგილობრივი ბიზნესპარტნიორების, იმპორტიორების, რესტორნის მფლობელების, სომელიეების და სხვა პროფესიონალების მხრიდან. ქართული ღვინო მათ ძალიან მოსწონთ და უყვართ ფრანგებს.
წინა წლებში განხორციელებულმა სხვადასხვა აქტივობამ, რომლის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია იყო, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, და შედეგად ბევრი ადამიანი დაინტერესდა ქართულ ღვინით.
გამოფენა მხოლოდ ევროპელი სტუმრებისთვის არ ყოფილა - ჩამოსულები იყვნენ აზიის ქვეყნებიდან: ტაივანი, ინდონეზია, იაპონია, კორეა, ასევე აფრიკის ქვეყნებიდანაც. ბევრმა ზუსტად იცოდა, თუ რომელი ღვინით იყო დაინტერესებული. როცა ერთ-ერთს ვკითხე, საიდან მოიძია ინფორმაცია, მითხრა, რომ ინტერნეტში ნახა და სწორედ ჩვენი ღვინო აინტერესებდა.
ჩვენთვის ეს ახალი გამოცდილება, საცდელი ჩასვლა და საცდელი მონაწილეობა იყო. ვარაუდობთ, რომ მომავალ წელს კვლავ პარიზზე გავაკეთებთ არჩევანს.

ინდუსტრიაში სიტუაცია საკმაოდ რთულია და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის - მთელს მსოფლიოში შემცირებულია მოხმარება, შესაბამისად, გაყიდვებიც. ეს გამოწვევაა, თუმცა არა გამოუვალი მდგომარეობა. საჭიროა თავდაუზოგავი შრომა, რათა მომხმარებლები, რომლებიც არჩევანს აჩერებენ ღვინის მოხმარებაზე, დარჩნენ ჩვენს მუდმივ მომხმარებლებად. ამავდროულად, ასეთ კონკურენტულ გარემოში ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ხარისხს. ჯანსაღი კონკურენცია შეიძლება ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ “, - აცხადებს აურიკა კროიტორი.
სხვა სიახლეები
Art Glass Studio 2026 წლის პირველ ნახევარს აჯამებს და განვითარების გეგმებზე საუბრობს
28.08.2026.12:00
2026 წლის პირველი ნახევარი Art Glass Studio-სთვის მნიშვნელოვანი პროექტებითა და მზარდი მოთხოვნით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიამ რამდენიმე მასშტაბური პროექტი განახორციელა. მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ლია ცქვიტინიძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით Art Glass Studio-სთვის 2026 წლის პირველ 6 თვეს და რა არის ის მთავარი შედეგები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი ჩვენთვის საკმაოდ დატვირთული იყო. დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვმუშაობდით ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ეკლესიის რესტავრაციის პროექტზე, რომელიც 1-ელ ივლისს სრულად დავასრულეთ.

პროექტის ფარგლებში სრულად ჩამოვხსენით არსებული ვიტრაჟები, ჩავატარეთ მათი საფუძვლიანი წმენდა და აღდგენა. დავამზადეთ პირვანდელ ვერსიასთან მაქსიმალურად მიახლოებული ახალი ფრაგმენტები, დაზიანებული ნაწილები კი სრულად აღვადგინეთ. საბოლოოდ, ვიტრაჟები პირვანდელი სახით დავაბრუნეთ. ეს ჩვენთვის საკმაოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი იყო.

გარდა ამისა, ახლახან დავასრულეთ კიდევ ერთი პროექტი - ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ არ გახსნილა. რამდენიმე სივრცეში მხატვრული ვიტრაჟები დავამონტაჟეთ.
როგორი იყო მოთხოვნა კომპანიის ძირითად სერვისებზე წლის პირველ ნახევარში და რა მიმართულებებზე გამოიკვეთა ყველაზე მეტი ინტერესი?
გასულ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა გაიზარდა და სტაბილური ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ეტაპობრივად იზრდება ჩვენი ცნობადობაც, მომხმარებლების გამოხმაურება უფრო აქტიურია და შეკვეთების რაოდენობაც მზარდია.

რა არის Art Glass Studio-ს მთავარი პრიორიტეტები და გეგმები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში - იგეგმება თუ არა ახალი მიმართულებების, სერვისების ან სასწავლო პროგრამების დამატება?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მიმდინარე პროექტებზე მუშაობის გაგრძელებაა. ამ ეტაპზე რამდენიმე პროექტი გვაქვს, მათ შორის როგორც დიდი, ისე შედარებით მცირე მასშტაბის.
ამასთან, ვფიქრობთ სასწავლო მიმართულების განვითარებაზეც, რადგან კურსების მიმართ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. სამომავლოდ ვგეგმავთ რამდენიმე დღიანი მასტერკლასებისა და უფრო ხანგრძლივი სასწავლო კურსების ჩატარებას. შესაძლებელია, კურსები მონაწილეებისთვის შემდგომი დასაქმების პერსპექტივასაც მოიცავდეს. ეს მიმართულება ჩვენს სამომავლო გეგმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ინფორმაციისთვის, Art Glass Studio ნებისმიერი ზომისა და სირთულის შეკვეთებზე მუშაობს. წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს კი ძირითადად თურქეთიდან და ინგლისიდან მოიპოვებს.