როგორ აჯამებს Lion Finance Group I კვარტალს - არჩილ გაჩეჩილაძის შეფასება
Lion Finance Group-ი პირველი კვარტლის შედეგებს აჯამებს, რომელიც ჯგუფმა ისტორიული შედეგებით ასრულებს.
,,ეს კვარტალი ჯგუფისთვის ისტორიული მოვლენით აღინიშნა - FTSE 100 ინდექსში ჩვენი შეყვანით, რაც ორი ათწლეულის განმავლობაში თანმიმდევრული და წარმატებული საქმიანობის აღიარებაა. ამ პერიოდში ჩვენ შევქმენით მაღალმომგებიანი რეგიონული საბანკო პლატფორმა, საერთო აქტივები ორმოცდაათჯერ გავზარდეთ, გავაღრმავეთ ურთიერთობები მომხმარებლებთან, გავაძლიერეთ ციფრული შესაძლებლობები და წამყვანი პოზიციები დავიმკვიდრეთ ბაზარზე. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ძლიერი შედეგების ტენდენცია 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა”, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
არჩილ გაჩეჩილაძე ზოგად ეკონომიკურ გარემოსაც აფასებს საქართველოსა და სომხეთში.
,,2026 წლის დასაწყისში საქართველოში და სომხეთში მაკროეკონომიკური გარემო კვლავ ძლიერი იყო, რასაც მხარს უჭერდა მყარი შიდა მოთხოვნა და სტაბილური საგარეო შემოდინებები. ორივე ეკონომიკის მდგრადობისა და წლის დასაწყისში დაფიქსირებული ძლიერი შედეგების გათვალისწინებით, 2026 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გავზარდეთ - საქართველოში 7.0%-მდე, ხოლო სომხეთში 6.0%-მდე.
მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ნეგატიური გავლენა მოახდინოს ენერგეტიკული ბაზრების მერყეობისა და გაზრდილი ინფლაციის გზით, ორივე ქვეყანა კვლავ მყარ პოზიციაში რჩება, რასაც ხელს უწყობს მაღალი საერთაშორისო რეზერვები, ფრთხილი ფისკალური პოლიტიკა და სანდო მონეტარული მართვა. ამასთან, კონფლიქტის ხანგრძლივმა გაგრძელებამ შესაძლოა დამატებითი სარგებელიც მოიტანოს შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდისა და კაპიტალისა და ტურისტული ნაკადების გადანაწილების ფონზე”, - ამბობს Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
არჩილ გაჩეჩილაძისა და ჯგუფის მოლოდინით, 2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მოსალოდნელია ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რაც განპირობებული იქნება ინფლაციური რისკებით.
,,საქართველოში ელექტროენერგიის ფასის მერყეობსა და შედეგად წარმოქმნილი ინფლაციური ზეწოლის ფონზე, ველოდებით, რომ ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს", - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.
ჯგუფის CEO ასევე საუბრობს იმ შესაძლებლობებსა და პოტენციალზე, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე არსებობს. აღნიშნავს, რომ მომხმარებლები და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნა ჯგუფისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება.
,,ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ვაგრძელებთ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა გადაწყვეტების ტესტირებასა და დანერგვას, მათ შორის პერსონალიზებული პროდუქტის რეკომენდაციებისა და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით, რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება და ოპერაციული ეფექტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივების ფინანსური ეფექტის ზუსტი შეფასება ჯერ ნაადრევია, ჩვენი ფოკუსი მიმართულია ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომლებიც რეალურ ღირებულებას შექმნის როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის.
სომხეთში Ameriabank-მა გააგრძელა საკუთარი ძლიერი საბაზრო პოზიციების გამყარება და საცალო ბანკინგის მიმართულებით სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება. ბანკმა კვარტლის განმავლობაში მდგრადი ზრდა შეინარჩუნა.
საქართველო და სომხეთი კვლავ რჩებიან რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებად, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ რეპუტაციას, როგორც სტაბილური, ბიზნესზე ორიენტირებული ბაზრებისა და ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და სერვისების განვითარებადი რეგიონული ჰაბების. ორივე ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა და ფრთხილი მაკროეკონომიკური მართვა ქმნის მყარ საფუძველს მომავალი ზრდისთვის, განსაკუთრებით რეგიონული კავშირების გაძლიერების პირობებში. ორივე ბაზარზე ჩვენი ძლიერი პოზიციები და მომხმარებელთა მაღალი ერთგულება გვაძლევს შესაძლებლობას სრულად ვისარგებლოთ მათი ეკონომიკური გაფართოების პოტენციალით", - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
სხვა სიახლეები
Agritouch-ის დამფუძნებელი ეკატერინე ვეფხვაძე Global Women Fresh-ის Ambassador Member გახდა
24.07.2026.09:00
AgriTouch-ის დამფუძნებელი ეკატერინე ვეფხვაძე საერთაშორისო ორგანიზაცია Global Women Fresh-ის Ambassador Member გახდა. როგორც მან Business Insider Georgia-ს განუცხადა, ეს სტატუსი არა მხოლოდ მისი, არამედ საქართველოს აგროსექტორის საერთაშორისო აღიარების დასტურიცაა.
„Global Women Fresh საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან Fresh produce-ის (ახალი ხილისა და ბოსტნეულის) სექტორში მომუშავე ქალ ლიდერებს, მეწარმეებსა და მენეჯერებს აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ქალების გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და აგროსასურსათო ინდუსტრიაში ლიდერობის განვითარების მხარდაჭერა.
ჩემთვის Ambassador Member-ის სტატუსი უბრალოდ წევრობა არ არის. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციამ ამირჩია საერთაშორისო წარმომადგენლად, წარმადგინა მსოფლიოს წინაშე, როგორც საქართველოს აგროსექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მანდო საკუთარი ღირებულებების გაზიარება და მომცა შესაძლებლობა, ხელი შევუწყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სექტორში ქალების ჩართულობის ზრდას.
ეს მხოლოდ ჩემი პირადი წარმატება არ არის - ეს საქართველოს აღიარებაცაა. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია ქართველ პროფესიონალსა და ქართულ კომპანიას საკუთარ გლობალურ ქსელში წარმოაჩენს, ეს ზრდის ჩვენი ქვეყნის, ქართველი ფერმერებისა და ქართული პროდუქციის ცნობადობას საერთაშორისო ბაზარზე.
როგორც Ambassador Member, ჩემი მიზანია საქართველო კიდევ უფრო აქტიურად წარმოვაჩინო საერთაშორისო აგროსასურსათო სივრცეში, ხელი შევუწყო ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას და მსოფლიოს ვაჩვენო, რომ საქართველოში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება და სანდო პარტნიორობაა შესაძლებელი.
ყველაზე დიდი ღირებულება ჩემთვის ნდობაა. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია საკუთარ ელჩად გირჩევს, ეს ნიშნავს, რომ სჯერა შენი პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და იმ ღირებულებების, რომლებსაც წარმოადგენ.
მინდა, მსოფლიო საქართველო იცნობდეს, როგორც სანდო და ძლიერ აგროსასურსათო პარტნიორს. თუ ჩემი საქმიანობა ამ მიზნის მიღწევას თუნდაც მცირედით უწყობს ხელს, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა“, - აცხადებს ეკა ვეფხვაძე.