როგორ იქმნება „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ - ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს
ქალაქში ბევრი ისეთი მცირე ბიზნესია, რომელსაც ერთხელ თუ აღმოაჩენ, შეუძლებელია, სხვას არ ურჩიო. პატარა კაფე, ორიგინალური კონცეპტ-მაღაზია, მყუდრო ღვინის ბარი თუ ფერადი ყვავილების მაღაზია ხშირად სწორედ რეკომენდაციებით პოულობს ახალ მომხმარებლებს. საქართველოს ბანკის ინიციატივა - „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ ამ ბუნებრივ პროცესს ახალ ფორმას აძლევს - სხვადასხვა ბიზნესი ერთმანეთს მომხმარებლებს უზიარებს და ერთიან ქსელს აყალიბებს.
როცა ერთი ვიზიტი მეორეს იწვევს
წარმოიდგინეთ, რომ საყვარელ ყავის მაღაზიაში სტუმრობის შემდეგ ფასდაკლების ვაუჩერს იღებთ, რომელიც მიგიყვანთ სხვა საინტერესო სივრცეში, მაგალითად, კაფეში, რომელიც ტკბილეულით გაგიმასპინძლდებათ. იქ სტუმრობისას კი მორიგი შეთავაზება გხვდებათ - უკვე კიდევ ერთი მცირე ბიზნესისთვის.
ასე იქმნება „ჯაჭვი“, სადაც თითოეული ბიზნესი არა მხოლოდ საკუთარ მომხმარებელს მასპინძლობს, არამედ პარტნიორი კომპანიებისთვისაც ახალი ვიზიტორების წყაროდ იქცევა.
ამ მოდელს ბევრი უპირატესობა აქვს: ბიზნესი ახალ აუდიტორიას იძენს, მომხმარებელი კი ახალ ადგილებსა და ბრენდებს აღმოაჩენს, თანაც სპეციალური შეთავაზებით სარგებლობს.
როგორ მუშაობს მცირე ბიზნესის ჯაჭვი?
კამპანიის მექანიზმი მარტივია.
“ჯაჭვში” ჩართული ბიზნესი მომხმარებელს სტუმრობისას 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს გადასცემს, რომლის გამოყენებაც სხვა ბიზნესთან შეუძლია. შედეგად, მომხმარებელი ერთი ბიზნესიდან მეორეში გადადის და “ჯაჭვი” ბუნებრივად გრძელდება.
კამპანიაში ჩართვის შემდეგ:
• ბანკი ბიზნესს აწვდის კამპანიის მასალებს;
• სივრცეში განთავსდება პოსტერი და ფასდაკლების ვაუჩერები;
• მომხმარებელი ვაუჩერს მიიღებს და მას პარტნიორ ბიზნესში გამოიყენებს;
• იქიდან კი ახალი შეთავაზებით კიდევ ერთ მცირე ბიზნესს აღმოაჩენს.
მცირე ბიზნესები, რომლებიც უკვე ჯაჭვში ჩაებნენ
პირველ ეტაპზე ინიციატივას უკვე შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროში მოქმედი მცირე ბიზნესები:
Ganjina, Dodonut, Lunatic, City Hikers, JPG, mob.burgers, Wine Square, Maua.concept, Sio.
ეს კი მხოლოდ დასაწყისია - ჯაჭვი ეტაპობრივად გაიზრდება და მას კიდევ უფრო მეტი მცირე ბიზნესი შეუერთდება.
ვის შეუძლია ჩართვა?
„მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ მონაწილეობა შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც:
• ფლობენ საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიშსა და POS-ტერმინალს;
• მომხმარებლებს ფიზიკურ სივრცეში მასპინძლობენ;
• მზად არიან, ჯაჭვში ჩართული სხვა ბიზნესებიდან მისულ მომხმარებლებს 20%-იანი ფასდაკლება შესთავაზონ.
მეტი, ვიდრე ფასდაკლება
ფასდაკლება ამ ინიციატივის მხოლოდ ერთი ნაწილია. მთავარი იდეა მცირე ბიზნესებს შორის თანამშრომლობაა.
მცირე ბიზნესებისთვის ახალი მომხმარებლის მოზიდვა ყოველდღიური ამოცანაა. მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ კი ახალ მიდგომას გვთავაზობს - რა მოხდება, თუ ბიზნესები ერთმანეთისთვის ახალი მომხმარებლების რეკომენდაციის წყაროდ იქცევიან?
თუ ფლობ მცირე ბიზნესს და გინდა, შენი კომპანია ამ ჯაჭვის ნაწილი გახდეს, შეგიძლია შეავსო განაცხადი და შეუერთდე ინიციატივას. შესაძლოა, შენი შემდეგი მომხმარებელი სწორედ პარტნიორი ბიზნესიდან მოვიდეს.
სხვა სიახლეები
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
11.08.2026.17:49
ლაზარე კომახიძე ძეგვის ბავშვთა სახლში გაიზარდა. მეკლდეურობა 1999 წელს ახალგაზრდა მასწავლებლის დახმარებით აღმოაჩინა და იმავე წელს, ათი წლის ასაკში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. მალე მისი ოჯახი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის საპილოტე პროექტში ჩაერთო და დაბა ბედიანში გადავიდა. შედეგად, სპორტზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა - ბედიანში ვარჯიშის შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობდა.
დღეს სწორედ ბედიანში, სადაც ბავშვობა გაატარა, ლაზარე სათავგადასავლო ბანაკს აშენებს, რომლის ტერიტორიაზეც ცოტა ხნის წინ ბავშვთა ბოლდერინგის (კლდეზე ცოცვის ერთ-ერთი სახეობა) ფესტივალი გაიმართა. ბანაკი Tegeta.care-ის პარტნიორია, ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი კი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო, რომელიც ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობას აფინანსებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭერს მხარს.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „საზოგადოების მხარდაჭერა „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care უკვე წლებია არსებობს და სწორედ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურება. ბედიანის სათავგადასავლო ბანაკი შარშან აღმოვაჩინეთ და მაშინვე დავინახეთ, რამდენად ახლოს არის მათი საქმიანობა ჩვენს ხედვასთან - ეს პროექტი პირდაპირ ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, რეგიონების განვითარებასა და ინკლუზიურობას.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს არ ყოფილიყო ერთჯერადი ღონისძიების მხარდაჭერა: კოტეჯი არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბანაკს წლების განმავლობაში მოემსახურება და ბავშვებს ტერიტორიაზე დარჩენისა და პროგრამაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ ასეთი იდეების გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მეტი კომპანია გავაერთიანოთ - ბანაკის ახალ ეტაპზე გადასვლას სწორედ ეს სჭირდება“.
ბედიანის ბანაკს სოციალური საწარმოს დანიშნულება აქვს - მიღებული შემოსავალი ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების განვითარებას დაუბრუნდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ბანაკის მიზანია, სპორტული ცოცვის შეჯიბრებებისა და ფესტივალების მასპინძლობა მთელი წლის განმავლობაში შეძლოს.
მომავალში ბანაკი უნდა გახდეს საქართველოში პირველი მრავალფუნქციური სპორტული და სათავგადასავლო სივრცე, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ და პიროვნულ განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტული ცოცვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, გარემო კი მთლიანად ადაპტირდება შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის. ამასთანავე, ბედიანის ბავშვთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდებს ბანაკი დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ლაზარე კომახიძე, ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების დამფუძნებელი: „წლების განმავლობაში ყოველი ვარჯიშისა თუ შეჯიბრებისთვის, ბავშვების თბილისში წაყვანისთვისაც კი ფინანსების მოძიება მიწევდა და ეს ძალიან რთული პროცესი იყო. ბანაკის იდეა სწორედ აქედან დაიბადა - მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც თავად გამოიმუშავებს შემოსავალს და ამ კლუბებს განავითარებს. სპორტს შეუძლია, ბავშვი ნეგატიურ გავლენას მოწყვიტოს და მიზანი დაუსახოს. აუცილებელი არ არის, ყველა წარმატებული სპორტსმენი გამოვიდეს - მთავარია, სირთულეების გადალახვა ისწავლოს.
დღეს ბანაკს უკვე აქვს საცოცი კედელი, წყალი და ელექტროენერგია, მაგრამ, ბავშვები რომ უსაფრთხოდ და სისტემატურად მივიღოთ, კოტეჯები და სამზარეულო გვჭირდება. „თეგეტას“ მხარდაჭერა ამ მიმართულებით პირველი კონკრეტული ნაბიჯია: ერთი კოტეჯი უკვე შენდება და სწორედ მისი წყალობით შევძელით, წელს ნიქოზელი ბავშვები მთელი კვირით ბანაკში დაგვეტოვებინა. თუ ინიციატივას სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან, ბანაკი გაცილებით მეტ ბავშვს გაუხსნის კარს“.
ბედიანში ბავშვთა ბოლდერინგის ფესტივალის პირველი დღე ცოცვის მასტერკლასს დაეთმო - გამოცდილი მეკლდეურები ბავშვებს კედელზე მოძრაობის ტექნიკას, უსაფრთხოებისა და ურთიერთდახმარების წესებს ასწავლიდნენ. მეორე დღეს კი 6-12 წლის ასაკის მონაწილეები ბოლდერინგის ბილიკებზე გამოვიდნენ. ღონისძიებაში 23 ბავშვი ჩაერთო, მათ შორის, 8 - ბედიანიდან, დანარჩენები კი - ნიქოზიდან და თბილისიდან. ღონისძიებას, მთლიანობაში, დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა. საცოცი კედლის გარდა, ბავშვებს თევზაობაში, ფრენბურთში, ბადმინტონსა და მშვილდოსნობაში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

დღეს ტერიტორიაზე მოწყობილია საცოცი კედელი, მიყვანილია წყალი, ელექტროენერგია და დაწყებულია ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სამომავლო ხედვა კოტეჯებს, ზიპლაინს, ბიობოსტანს, საცურაო აუზსა და დამატებით სპორტულ და შემეცნებით სივრცეებს მოიცავს.
პირველ ეტაპზე ბანაკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის 4 კოტეჯია საჭირო, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 16 კოტეჯის აშენება იგეგმება. ყველა მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული შესასვლელი უნდა ჰქონდეს. განვითარების შემდეგი ეტაპი უფრო ფართო თანამონაწილეობას საჭიროებს. ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა კი როგორც კერძო სექტორს, ისე მოქალაქეებს აქვთ, მათ შორის, Tegeta.care-ის პლატფორმის გამოყენებით.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ჩართულობა ამით არ სრულდება - კომპანია ბანაკის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიმდინარე აქტივობებს კვლავაც დაუჭერს მხარს. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი „თეგეტა“ ბანაკში საკუთარი თანამშრომლების შვილებისთვის სპეციალური საბანაკო პროგრამების დანერგვასაც გეგმავს.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.