როგორ იცვლება მოთხოვნა სამართლის კურსებზე და რომელი მიმართულებები ლიდერობს - ინტერვიუ „პრაქტიკული სწავლების ცენტრის“ დირექტორთან
„პრაქტიკული სწავლების ცენტრი“ საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს და სამართლის სფეროში პრაქტიკულ განათლებაზეა ორიენტირებული. ცენტრში მიმდინარე ტენდენციებზე, ყველაზე პოპულარულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-სთან პრაქტიკული სწავლების ცენტრის დირექტორმა, ელისაბედ შენგელიამ ისაუბრა.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა თქვენს პროგრამებსა და კურსებზე და რომელი მიმართულებებია ყველაზე პოპულარული სტუდენტებს შორის?
ჩვენი დაკვირვებით, შეიცვალა არა მხოლოდ მოთხოვნის მოცულობა, არამედ თავად მსმენელის მოლოდინიც. თუ წლების წინ მსმენელთა დიდი ნაწილი ძირითადად თეორიული ცოდნის მიღებაზე იყო ორიენტირებული, დღეს ისინი კონკრეტულ შედეგს ეძებენ - გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, კარიერულ წინსვლას ან პრაქტიკული უნარების განვითარებას.
სწორედ ამ ტენდენციამ განაპირობა ის, რომ ყველაზე დიდი ინტერესი ჩვენს ცენტრში აქვთ სტაჟიორ პროკურორისა და სტაჟიორ გამომძიებლის საკონკურსო გამოცდებისთვის, ადვოკატთა, მოსამართლის და ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს. ეს მიმართულებები აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც მკაფიო პროფესიული მიზანი აქვთ და სწავლებიდანაც კონკრეტულ შედეგს ელოდებიან.
ამავდროულად, მზარდი ინტერესით გამოირჩევა შრომის სამართლისა და სამეწარმეო სამართლის კურსები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე იურისტი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ზოგადი სამართლებრივი ცოდნით და ცდილობს კონკრეტულ დარგებში სპეციალიზაციას.
როგორია თქვენი მიდგომა პრაქტიკული სწავლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და რა ახალი მეთოდები ან პროგრამები დაამატეთ ბოლო პერიოდში?
„პრაქტიკული სწავლების ცენტრის“ (PLC-ის) შექმნის იდეა სწორედ ერთმა პრობლემამ განაპირობა - ხშირად ახალგაზრდა იურისტებს აქვთ ცოდნა, მაგრამ უჭირთ მისი პრაქტიკაში გამოყენება, ან აქვთ მხოლოდ ზოგადი ცოდნა, რომლის კონკრეტული მიმაღთულებით განვითაერბაც ესაჭიროებათ.
ამიტომ ჩვენი მიდგომა თავიდანვე განსხვავებული იყო. ჩვენ ვცდილობთ, მსმენელმა კურსზე მოისმინოს არა მხოლოდ ის, „რა წერია კანონში“, არამედ ისიც, როგორ მუშაობს ეს ნორმა რეალურ ცხოვრებაში, სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოში თუ კერძო სექტორში.
სწავლების პროცესში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პრაქტიკულ დავალებებს, რეალური საქმეების ანალიზს, სამართლებრივი პოზიციების ჩამოყალიბებასა და პროფესიული აზროვნების განვითარებას. ჩვენი მიზანია, მსმენელი კურსიდან გავიდეს არა მხოლოდ დამატებითი ინფორმაციით, არამედ უკეთესი პროფესიული უნარებით.
რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ ბიზნეს სექტორთან და როგორია სტუდენტების დასაქმების ან პრაქტიკის შესაძლებლობები?
PLC-ის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი ის არის, რომ ცენტრი თავად შეიქმნა პრაქტიკოსი იურისტების ინიციატივით და არა მხოლოდ აკადემიური სივრცის ფარგლებში.
ამიტომ ჩვენი კავშირი პროფესიულ გარემოსთან ყოველდღიურია. კურსების ლექტორები არიან ადამიანები, რომლებიც პარალელურად მუშაობენ სამართლის სხვადასხვა სფეროში, მონაწილეობენ სასამართლო პროცესებში, ემსახურებიან ბიზნესს და უშუალოდ აწყდებიან იმ გამოწვევებს, რომელთა შესახებაც კურსებზე საუბრობენ.
ვფიქრობთ, სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის ყველაზე დიდ ღირებულებას მსმენელისთვის, რადგან ის სწავლობს არა მხოლოდ თეორიას, არამედ პროფესიის რეალურ პრაქტიკას იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ საქმიანობაში ყოველდღიურად არიან ჩართული.
ამ წლების განმავლობაში გვქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ტრენერების რეკომენდაციით, წარმატებული და გამორჩეული სტუდენტები დასაქმებულან პროკურატურის და სასამართლო სისტემაში.
ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ PLC-ის პროგრამებმა პროფესიულ წრეებში მაღალი სანდოობა მოიპოვა. პრაქტიკაში არაერთხელ შეგვხვედრია შემთხვევა, როდესაც დამსაქმებლისთვის კანდიდატის რეზიუმეში PLC-ის საკვალიფიკაციო პროგრამის გავლა მისი პროფესიული მომზადების და მაღალი კომპეტენციის მნიშვნელოვან მაჩვენებლად აღიქმება. ეს ნდობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია.
რა არის ცენტრის მთავარი პრიორიტეტები და განვითარების გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
ჩვენი მთავარი ამოცანაა, PLC არ იქცეს მხოლოდ კურსების მომწოდებელ ორგანიზაციად და ჩამოყალიბდეს პროფესიული განვითარების პლატფორმად სამართლის სფეროში.
წლის განმავლობაში ვაგრძელებთ არსებული პროგრამების განვითარებას და ვამატებთ ახალ მიმართულებებს. ამ ეტაპზე ვმუშაობთ სამშენებლო სამართლისა და საგადასახადო სამართლის კურსების დანერგვაზე, რადგან ეს არის სფეროები, სადაც პრაქტიკული ცოდნის მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი განვითარების სტრატეგია არ ეფუძნება მხოლოდ კურსების რაოდენობის ზრდას. ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც მსმენელი მიიღებს ცოდნას უშუალოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავად ქმნიან და იყენებენ ამ ცოდნას პროფესიულ საქმიანობაში.
PLC შეიქმნა იმ იდეით, რომ პროფესიული წარმატება მხოლოდ ცოდნის დაგროვებით არ მიიღწევა. ცოდნა ღირებულებას მაშინ იძენს, როდესაც ის პრაქტიკაში მუშაობს. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია, განათლებასა და პროფესიულ რეალობას შორის არსებული დისტანცია მაქსიმალურად შევამციროთ და მსმენელებს მივცეთ არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ პროფესიის პრაქტიკული ხედვაც.
სხვა სიახლეები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
20.10.2026.14:04
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებს საკუთარი ინტერესების აღმოჩენისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების გზაზე აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამიტომ, ბანკი მათ ტექნოლოგიების, პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტისა და კრეატიული მიმართულებებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.
პროგრამების ფარგლებში მოსწავლეებს შეუძლიათ, შეიძინონ ახალი უნარები, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროფესიებს და მიიღონ ცოდნა საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით.
საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის:
სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში
საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს 20-მდე პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით.
ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ვებპროგრამირების, გრაფიკული და UI/UX დიზაინის, IT პროექტების მართვის, პროგრამირების საფუძვლების, ხელოვნურ ინტელექტისა და სხვა მიმართულებებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.
TUMO ქუთაისი - ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა. TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.
STEM განათლების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს.
ფოთის საჭადრაკო კლუბი - შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს, ერთი წლის განმავლობაში, სწავლას სრულად დაუფინანსებს.
UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის - ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაში
საქართველოს ბანკი გაერთიანებული მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა.
Code IT - პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში
პროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის Code IT-ის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ.
საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს.