როგორია 10xSEO-ს საქმიანობის სპეციფიკა და განვითარების გეგმები - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან
10xSEO ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს საძიებო სისტემებსა და ხელოვნური ინტელექტის ასისტენტებში ხილვადობის გაზრდაში ეხმარება. მისი ძირითადი მომსახურება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას (SEO) და AI SEO-ს მოიცავს, რაც ბრენდებს Google-ში, ChatGPT-ში, Gemini-სა და სხვა პლატფორმებზე უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. კომპანიის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დავით წილოსანი ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
10xSEO ბიზნესებს ეხმარება, გამოჩნდნენ იქ, სადაც მომხმარებლები მათ ეძებენ - Google-სა და ხელოვნური ინტელექტის ასისტენტებში, მაგალითად, ChatGPT-სა და Gemini-ში. ბაზარზე მესამე წელია ვართ: ამ სახელით 2024 წლის იანვრის ბოლოდან ვსაქმიანობთ. თუმცა ჩემი და ჩვენი გუნდის გამოცდილება კომპანიის ასაკს ბევრად აღემატება. 29 წლის ვარ და SEO-ში 12 წელზე მეტია ვმუშაობ - ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან. ქართულ ბაზარზე შემოსვლამდე გუნდის რამდენიმე წევრთან ერთად უცხოურ ბაზარზე ვმუშაობდით და სხვადასხვა კომპანიას SEO მომსახურებას ვუწევდით. ეს კლიენტები ჩვენს პორტფელში დღესაც არიან. შემდეგ საქართველოში დავინახეთ პოტენციალი: ეს მიმართულება ჯერ კიდევ განუვითარებელი იყო, სპეციალიზებული კომპანიები ცოტა იყო, მოთხოვნა კი ყალიბდებოდა. ამიტომ შემოვედით ქართულ ბაზარზე, უშუალოდ 10xSEO-ს სახელით.
ჩვენი მთავარი სერვისი ყოველთვიური SEO მომსახურებაა. ეს ნიშნავს, რომ კლიენტის SEO-ზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ და ყველაფერს, რაც ვებსაიტის მოწინავე პოზიციებზე გასაყვანად არის საჭირო, თავად ვაკეთებთ: ვიკვლევთ ბაზარსა და საკვანძო სიტყვებს, ვგეგმავთ კონტენტს და ვაქვეყნებთ მედიაპუბლიკაციებს. ყოველთვიურ მომსახურებაში შედის AI SEO-ც: ვიწყებთ საძიებო სისტემებით, პირველ რიგში Google-ით, შემდეგ კი გადავდივართ ChatGPT-ზე, Gemini-სა და სხვა AI ასისტენტებზე. AI SEO-ზე მუშაობა დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყეთ, როგორც კი ChatGPT ინტერნეტს დაუკავშირდა და ვებში ძიება დაიწყო. გვჯერა და ვხედავთ კიდეც, რომ ბაზარი ამ მიმართულებით ვითარდება: სამომავლოდ ადამიანები პასუხებს, პროდუქტებსა და სერვისებს უფრო მეტად AI-ში მოძებნიან, ვიდრე ტრადიციულ საძიებო სისტემებში. ჩვენი მიზანია, კლიენტის კომპანია თუ ბრენდი პირველი იყოს ყველგან, სადაც მომხმარებლები ეძებენ - Google-შიც და AI-შიც.
როგორ აფასებთ მოთხოვნას თქვენს სერვისებზე და რა მიმართულებებით ინტერესდებიან კომპანიები ყველაზე მეტად?
მოთხოვნა მზარდია და ძირითადად ორ მიმართულებას ეხება: ტრადიციულ SEO-სა და AI SEO-ს. რამდენიმე წლის წინ ასეთი მოთხოვნა არ არსებობდა, დღეს კი ბიზნესები ნელ-ნელა აცნობიერებენ, რომ ეს სჭირდებათ და რომ სამომავლოდ AI-ში გამოჩენა ნებისმიერი ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
მოთხოვნა, რეალურად, იმით არის განპირობებული, რომ ბიზნესების დიდი ნაწილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ამჩნევდა, რომ ტრაფიკს და, შესაბამისად, ფულს კარგავდა. როცა ხედავენ, რომ კონკურენტები ყველგან მაღალ პოზიციებზე არიან, თავად კი საერთოდ არ ჩანან, ხვდებიან, რომ SEO აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ცნობიერების ამაღლებაში ჩემი წვლილის შეტანასაც ვცდილობ: დაახლოებით წელიწადნახევარია, YouTube-ზე SEO-ს პოპულარიზებას ვეწევი და ბიზნესებს ვუხსნი, რომ SEO მათ მომხმარებლებს მოუყვანს, გაყიდვებს გაუზრდის და, შედეგად, ბიზნესსაც გაზრდის.
ინტერესი ბაზრების მიხედვით განსხვავდება: საქართველოში კომპანიები მეტწილად SEO-თი ინტერესდებიან, უცხოურ ბაზრებზე კი, სადაც ასევე ვმუშაობთ, AI SEO-ზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ჩემი შთაბეჭდილებით, SEO-ზე არასდროს ყოფილა ისეთი მოთხოვნა, როგორიც ახლა AI SEO-ზეა. AI SEO-ში ვგულისხმობ კომპანიის ისეთ პოზიციონირებას ChatGPT-ში, Gemini-სა და Claude-ში, რომ AI ასისტენტმა მომხმარებელს სწორედ ეს კომპანია ურჩიოს.
რას მიიჩნევთ 10xSEO-ს კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად სრულად გამჭვირვალე და სისტემურ სამუშაო პროცესს მივიჩნევ.
ყოველ პროექტს აქვს მოქმედების გეგმა, რომელსაც კლიენტს ვუზიარებთ. მასში თითოეულ პროცესს აქვს სტატუსი, შესრულების პროცენტი, დროის ჩარჩო და მიბმული დოკუმენტები. კლიენტს ამ დოკუმენტზე მუდმივი წვდომა აქვს, ჩვენ კი მას კვირაში ორჯერ ვაახლებთ. იმავე სისტემით ვმუშაობთ კონტენტსა და ბექლინკებზე - ყველა მიმართულებაზე. რასაც ვაკეთებთ, დოკუმენტირებულია, ამიტომ კლიენტმა იცის, როდის რას უნდა ელოდოს, და ნებისმიერი რამის გადამოწმება შეუძლია.
ამას ემატება მკაფიო რიტმი. ყოველ სამშაბათს კლიენტებს წერილობით ვუგზავნით ყოველკვირეულ განახლებას: რა გაკეთდა, რა კეთდება, რა შედეგები გვაქვს და რა გვჭირდება. ყოველთვიურ ანგარიშს თვის ბოლოს ან დასაწყისში ვამზადებთ, როცა სრული მონაცემები გვაქვს; ეს ანგარიში ავტომატიზებულია და Looker Studio-შია აწყობილი. კლიენტებთან WhatsApp-ის საერთო ჩატი გვაქვს და სამუშაო საათებში კითხვებზე ორ-სამ დღეში კი არა, 10 წუთში ვპასუხობთ.
კლიენტებს ძალიან მოსწონთ ეს გამჭვირვალობა და სისტემურობა: ზუსტად იციან, როდის მიიღებენ განახლებას და როდის - ანგარიშს. და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან დგას მაღალი დონის სპეციალისტებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც პროექტზე პასუხისმგებლობას იღებს და გულით მუშაობს.
რა არის კომპანიის განვითარების მთავარი გეგმები და რა ახალი სერვისების ან მიმართულებების დამატებას განიხილავთ მომავალში?
ჩვენი მთავარი გეგმა ზრდაა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე. საქართველოში გვინდა კიდევ უფრო გავფართოვდეთ, გავზარდოთ პორტფელი და მეტ კომპანიას მოვემსახუროთ. უკვე გვყავს კლიენტები საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში: დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაიში). საერთაშორისო ბაზარზე კი მსხვილ, კორპორაციული დონის კომპანიებთან თანამშრომლობა გვინდა.
რაც შეეხება ახალ მიმართულებებს, ბოლო პერიოდში დავამატეთ ვებსაიტის კონვერსიის ოპტიმიზაციის სერვისი (CRO). ამ საკითხზე კლიენტებს მანამდეც მუდმივად ვუწევდით კონსულტაციას. CRO-ს არსი ისაა, რომ იმავე ტრაფიკით მეტი გაყიდვა მიიღოთ.
პირობითი მაგალითი: თუ საიტზე 1000 ვიზიტორი შემოდის და კონვერსია 2%-ია, ეს 20 გაყიდვაა. თუ საიტი ისე არ არის მოწყობილი, როგორც საჭიროა, ჩვენი რეკომენდაციების შემდეგ გაყიდვები შეიძლება გაორმაგდეს და იმავე ტრაფიკით 40 გაყიდვა დაფიქსირდეს. ამას უკვე ვაკეთებთ ჩვენი კლიენტებისთვის ძალიან კარგი შედეგით. ბიზნესის ზრდისთვის ეს მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია, ამიტომ CRO-ს მიმართულებით კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ.
სხვა სიახლეები
თბილისში FMCG ბაზრის ლიდერი 2 ნაბიჯია - Galt & Taggart
02.10.2026.21:04
Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს „FMCG სექტორი საქართველოში“. ანგარიშში განხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.
2026 წლის პირველ ნახევარში, FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ - 12.8%, არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12.0%-ით, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა. მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (vs 40.4% 1H25-ში).
ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა (+12.8% წ/წ) ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული (LFL ზრდა 10.3% წ/წ). ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა 1H26-ში. ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში ₾1.4 მლნ, რეგიონებში კი ₾1.1 მლნ იყო.
დეილი ჯგუფი ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე - ნიკორა. 1H26-ში დეილი ჯგუფის წილი მთლიან ბრენდული ბაზარის შემოსავლებში 27.3% იყო (vs 28.4% 1H25-ში), მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- 20.3%-იანი წილით (vs 18.2% 1H25-ში), ხოლო მესამეზე ნიკორა - 15.9%-იანი წილით (vs 16.9% 1H25) . თბილისში ბაზრის ლიდერია 2 ნაბიჯი - მისი წილი 20.5%-ს შეადგენდა (vs 19.1% 1H25-ში), მეორე ადგილზეა დეილი ჯგუფი, რომლის წილიც 19.5% იყო (vs 19.2% 1H25-ში); რეგიონებში დეილი ჯგუფი კვლავ მკაფიო ლიდერია ბაზრის 37.6%-იანი წილით, თუმცა მისი წილი შემცირებულია 1H25-ის 40.8%-დან.
ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა. კლება ძირითადად გამოწვეული იყო საერთო მოგების მარჟის შემცირებითა და სახელფასო ხარჯების შემოსავალთან ფარდობის ზრდით. შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა 5.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო საერთო მოგების მარჟა 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა. ამასთან, 1H26-ში სახელფასო ხარჯების ფარდობამ შემოსავალთან 12.9%-ს შეადგინა, რაც 0.6 პპ-იანი ზრდაა 1H25-ის 12.3%-თან შედარებით, იჯარისა და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი თითქმის უცვლელი დარჩა.