როგორია ჯანსაღი სასმელების ბაზრის დინამიკა და „ჰენკას“ ინოვაციური განვითარების ხედვა
ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ჰენკა“ აქტიურად მუშაობს ასორტიმენტის გაფართოებაზე. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჯირკვალიძემ განუცხადა.
რა მთავარი სიახლეები გაქვთ ამ ეტაპზე კომპანიაში - თუ დაემატა ახალი პროდუქტები, პარტნიორობები ან საექსპორტო მიმართულებები?
სიახლეა ის, რომ აქტიურად ვმუშაობთ როგორც არსებულ პროდუქტებში ახალი გემოების დამატებაზე, ასევე რამდენიმე ახალი ჯანსაღი მიმართულების პროდუქტზე, რომელიც ჩვენს პორტფელს კიდევ უფრო გაამდიდრებს და ქართულ ბაზარზე ახალ სიტყვას იტყვის.
ჯანსაღი პროდუქტების წარმოების მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც მხოლოდ ამ სეგმენტს ავითარებს. მიუხედავად ბაზრის სირთულისა და ქვეყანაში ამ კატეგორიის შესახებ არსებული მწირი ინფორმაციისა, ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს როგორც ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე მრავალფეროვანი ჯანსაღი და ფუნქციური პროდუქტების შექმნაზე, რაც კომერციულთან ერთად სოციალურ მიზნებსაც ემსახურება.

ბოლო პერიოდში „ჰენკა“ საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გაფართოვდა - როგორია დღეს ექსპორტის დინამიკა და რომელ ბაზრებს განიხილავთ პრიორიტეტულად?
დღეის მდგომარეობით, კომპანია აქტიურად ახორციელებს ექსპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში, სადაც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები, რეგულაციები და სტანდარტებია. ამაყები ვართ, რადგან ჩვენი კომბუჩა თანხვედრაშია ყველა ამ კრიტერიუმთან.
აქტიურად ვმუშაობთ როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე შორეული სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, თუმცა ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული მაინც ადგილობრივი ბაზარია, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომერციულთან ერთად სოციალური მიზანიც გვაქვს, რომ გავაცნოთ და შევაყვაროთ განსაკუთრებით ახალ თაობას ჯანსაღი პროდუქტები.
როგორ შეიცვალა საქართველოში მომხმარებლის დამოკიდებულება ჯანსაღი და ნატურალური სასმელების მიმართ?
დინამიკა საკმაოდ მზარდია, რაც ნაწილობრივ ჩვენი აქტიურობის შედეგია და ასევე გლობალური ბაზრის ტენდენციებსაც უკავშირდება. თუმცა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ვფიქრობთ, რომ პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალ თაობაში, მხოლოდ ჩვენნაირი კომპანიების პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს.
ჯანსაღი ცხოვრების წესს შესაბამისი პროდუქტები სჭირდება და ეს პროცესი სისტემურ მიდგომას მოითხოვს. ამიტომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება - მაგალითად, მარკეტებში ცალკე სივრცეების შექმნა, სადაც მხოლოდ ჯანსაღი და ფუნქციური პროდუქტები იქნება წარმოდგენილი, ასევე მათი უკეთ ინტეგრირება ყოველდღიურ კვებასა და ცხოვრების რეჟიმში.
რა პროდუქტებზეა დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნა და რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე?
მსოფლიოში დღეს ყველაზე მზარდი მიმართულება ფუნქციური ჯანსაღი სასმელებია, ანუ სასმელი, რომელსაც ბუნებრივ სარგებელთან ერთად აქვს დამატებითი სარგებელი, მაგალითად წყალი D ვიტამინით, რომელიც ჩვენ შვექმენით - წყურვილის მოკვლასა და ჰიდრატაციასთან ერთად ორგანიზმს ავსებს დეფიციტური D ვიტამინით. ასევე ძალიან დიდი ბუმია ფერმენტირებულ პროდუქტებზეც, რომლის 20 საუკუნოვანი ისტორიის მქონე ყველაზე კლასიკური ნიმუშია - კომბუჩა (ფერმენტირებული ჩაი), რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხაზის პირველ პროდუქტს, რითაც შემოვედით ბაზარზე.

როგორია კომპანიის განვითარების სამომავლო გეგმები?
კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის ახალი, ფუნქციური, მათ შორის უნიკალური სასმელების შექმნა, რომლებიც იქნება როგორც გემრიელი, ისე სასარგებლო. ამ ორი კრიტერიუმის თანხვედრა გვინდა ვაქციოთ ჩვენს მთავარ ღირებულებად და მისიად.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
22.09.2026.18:56
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის პარტნიორობით ხორციელდება და საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების, მათი საერთაშორისო გამოცდილებით გაძლიერებისა და გლობალურ ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობას ემსახურება.
მე-11 ნაკადის მონაწილეები არიან:
Azta, Joberos, MediMind, moonlight, Naoma AI Inc., Pugi, Sparrow Analytics, Subsig, Synqmonkeys, TaskRoom, Yena
პროგრამა ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა, დახვეწონ ბიზნესმოდელები, მოამზადონ ზრდის სტრატეგიები და დაიწყონ საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლა.
12-კვირიანი ინტენსიური პროგრამა მოიცავს სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან და მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლებიც სტარტაპების განვითარების ადრეულ ეტაპზე ვლინდება.
“მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადს აქვს შესაძლებლობა, ინტენსიური გადამზადება გაიაროს. პროგრამის მონაწილეები მუშაობენ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, იღებენ პრაქტიკულ ცოდნას ბიზნესის განვითარებისა და მასშტაბირების მიმართულებით, ემზადებიან ინვესტიციების მოსაზიდად და ამყარებენ კავშირებს საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან. გვიხარია, რომ ვქმნით შესაძლებლობებს სტარტაპებისთვის და ხელს ვუწყობთ, რათა იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციონ და საერთაშორისო ბაზრებისთვის მოამზადონ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
500 Global in Eurasia-ს მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად პროგრამის მასშტაბი და დაგროვილი შედეგები აჩვენებს. საქართველოში ინიციატივა 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი, ხოლო პროგრამა საქართველოში ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
აქსელერაციის პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები საკუთარ პროდუქტებს, ბიზნესის განვითარების დინამიკასა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ. დემო დღე სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გააფართოონ პროფესიული ქსელი, დაამყარონ ახალი ბიზნესკავშირები და საკუთარი იდეები პოტენციურ პარტნიორებსა და ინვესტორებს გააცნონ.