როგორია VIP Warehouse-ის დატვირთულობა და რა გეგმები აქვს კომპანიას
VIP Warehouse / ვიპ საწყობი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს, ბაზარზე პოზიციონირებს როგორც ყველაზე დაბალი საიჯარო ქირის მქონე ინფრასტრუქტურა. როგორც Business Insider Georgia-სთან VIP Warehouse-ის დამფუძნებელმა გიორგი ლომთათიძემ განაცხადა, საწყობები გათვლილია მშრალი ტიპის პროდუქციაზე. ინფრასტრუქტურა აერთიანებს როგორც ბეტონით აშენებული საწყობებს, ასევე თუნუქით და სენდვიჩ პანელითგამართულ საწყობებს.
საერთო ჯამში, კომპლექსი 3.5 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, ხოლო სასაწყობე ფართი 18,000 კვადრატულ მეტრს აღწევს.
ლომთათიძის თქმით, მომხმარებელთა მხრიდან უფრო მაღალი მოთხოვნა სენდვიჩ პანელისა და ბეტონის ტიპის შენობებზე ფიქსირდება, რაც ტემპერატურის უკეთესი შენარჩუნების შესაძლებლობით აიხსნება.
2024 წელს VIP Warehouse სრულად – 100% დატვირთვით ფუნქციონირებდა, თუმცა მიმდინარე წელს დატვირთვა 85-90%-მდე შემცირდა. კომპანიის მფლობელი ამას კონკურენციის ზრდას და რეგიონში ახალი საწყობების განვითარებას უკავშირებს.
თუმცა კონკურენციის ზრდის მიუხედავად კომპანიას ტარიფებისთვის არ გადაუხედია და უცვლელად ინარჩუნებს.
გიორგი ლომთათიძის თქმით, ის პარტნიორებთან ერთად თბილისის შემოვლით გზაზე, თბილისის გეზ-ის მიმდებარედ, 15 ათას კვ/მ-ზე სასაწყობე მეურნეობას აშენებს, სადაც ინვესტიცია 2 მლნ ევროზე მეტია და მისი მშენებლობა 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
„საწყობების ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა იზრდება, მით უმეტეს, როცა ანაკლიის პორტის მშენებლობა მიმდინარეობს. სახელმწიფოს პოლიტიკაც ამ მიმართულებითაა ორიენტირებული – შეიქმნას მეტი ლოგისტიკური პროექტი“, – აცხადებს ლომთათიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.