„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გვანცა ზადიშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
გვანცა ზადიშვილის ისტორია არ გაჩერების ნათელი მაგალითია, რომელიც გვაჩვენებს, რომ თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ მუდმივი სწრაფვა აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.
დღეს გვანცა მსოფლიო თასის გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის მედალოსანია.
გვანცასთვის ფარიკაობა მალევე იქცა იმ საქმედ, რომლის დათმობაც აღარ უნდოდა. ვარჯიშმა და შეჯიბრებებმა თანდათან მისი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა და სპორტულმა შედეგებმაც არ დააყოვნა.
მის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება 2023 წელს, პიზაში მოვიდა. საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში, ირმა ხეცურიანთან და ნინა თიბილაშვილთან ერთად, გვანცამ მსოფლიო თასის გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ეს გამარჯვება გვანცას კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა, მას შემდეგ მან კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწია - გვანცამ ინდივიდუალურ ასპარეზზეც არაერთხელ შეძლო საერთაშორისო ტურნირებზე მედლის მოპოვება და საკუთარი შედეგების გაუმჯობესება.
2026 წლის ივნისში, მერსინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, გვანცამ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან სპორტსმენად ჩამოყალიბდა.
გვანცასთვის ეს შედეგები მხოლოდ სტატისტიკა არ არის. თითოეული მედლის უკან დიდი შრომა, ძალისხმევა და მონდომება დგას. თითოეული გამარჯვება კი იმ გზის გაგრძელებაა, რომელიც გვანცამ სპორტში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად გაიარა.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?
ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, საქართველოს ბანკის მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
გვანცას ისტორია კი აჩვენებს, რომ ჩემპიონობა ერთი კონკრეტული მედლით ან ერთი შეჯიბრებით არ განისაზღვრება. ის იქმნება წლების განმავლობაში მიღწეული შედეგებით, მუდმივი განვითარებით და მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერებით.
გვანცა უკვე მზად არის შემდეგი გამარჯვებისთვის.
ჩემპიონები უკვე მზად არიან,
ახლა ბრენდების ჯერია.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?
სხვა სიახლეები
ახალი ფილიალი, გაფართოებული მენიუ და სამომავლო გეგმები - როგორ ვითარდება „ფენქეიქი“
10.11.2026.18:00
კაფე „ფენქეიქი“ ადგილობრივ ბაზარზე უკვე შვიდი წელია ოპერირებს და მომხმარებლებს დესერტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბოლო პერიოდში კომპანიამ ახალი ფილიალი გახსნა და მენიუ საუზმის შეთავაზებებითაც გააფართოვა. კომპანიის განვითარების გეგმებისა და მომხმარებელთა ინტერესების შესახებ Business Insider Georgia-ს კაფე „ფენქეიქის“ დამფუძნებელი ანა კალანდაძე ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს კაფე „ფენქეიქს“ ამ ეტაპზე და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში ბოლო პერიოდში?
„ფენქეიქისთვის" ბოლო პერიოდი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. ექვსწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტეთ, ახალი ფილიალის გახსნა და ამ გამოცდილების სხვა ლოკაციაზე გაზიარება საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ახალმა ლოკაციამ მოგვცა შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული გარემო შეგვეთავაზებინა.
ახალ ფილიალში კიდევ უფრო გავაფართოეთ შეთავაზებები: ტრადიციულ ფენქეიქებთან, კრეპებსა და ბელგიურ ვაფლებთან ერთად დავამატეთ საუზმის მენიუ. ჩვენი მთავარი მიზანია, „ფენქეიქი" იყოს ადგილი, სადაც სტუმარი დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეძლებს მოსვლას და მისთვის სასურველი გემოების აღმოჩენას.
როგორ შეიცვალა მომხმარებელთა მოთხოვნა და ქცევა ბოლო პერიოდში და რომელ პროდუქტებსა თუ მომსახურების მიმართულებებზე აისახა ეს ყველაზე მეტად?
ბოლო პერიოდში ვამჩნევთ, რომ მომხმარებლებისთვის მხოლოდ გემრიელი პროდუქტი აღარ არის საკმარისი. მათთვის მნიშვნელოვანია გარემო, მომსახურების ხარისხი, პროდუქტის ვიზუალური მხარე და ზოგადად ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენს სივრცეში იღებენ.
ასევე გაიზარდა ინტერესი მრავალფეროვანი შეთავაზებების მიმართ. მომხმარებლებს სურთ, ერთ სივრცეში ჰქონდეთ როგორც ტკბილი, ისე შედარებით ნოყიერი და ყოველდღიური კვებისთვის შესაფერისი არჩევანი. სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით გავაფართოეთ მენიუ და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ერთგული მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებას.
მრგვალ ბაღთან მდებარე ფილიალში საუზმის შეთავაზებაც დაიწყეთ. როგორია მომხმარებელთა ინტერესი ამ მიმართულების მიმართ და ხომ არ განიხილავთ მენიუს სხვა ახალი კატეგორიებით შევსებას?
საუზმის მიმართულების დამატება ჩვენი ახალი ფილიალის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. გვინდოდა, სტუმრებს დილის საათებშიც ჰქონოდათ ჩვენთან მოსვლის მიზეზი და შეეძლოთ დღის დაწყება სასიამოვნო გარემოში, გემრიელი საუზმითა და კარგი ყავით.
მომხმარებლების მხრიდან ამ მიმართულების მიმართ ინტერესი ნამდვილად სასიამოვნოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მენიუ მუდმივად ვითარდებოდეს და მომხმარებლის ინტერესებს პასუხობდეს. სამომავლოდაც განვიხილავთ ახალი პროდუქტებისა და კატეგორიების დამატებას, თუმცა ყველა სიახლე უნდა შეესაბამებოდეს „ფენქეიქის" კონცეფციას და ხარისხის იმ სტანდარტს, რომელსაც წლებია ვინარჩუნებთ.
როგორ ხედავთ „ფენქეიქის“ განვითარების შემდეგ ეტაპს - რა მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას და განიხილება თუ არა ახალი ფილიალების გახსნა?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არსებული ფილიალების განვითარება, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და მომხმარებელთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაა.
გვინდა, „ფენქეიქი" კიდევ უფრო ცნობადი და საყვარელი ადგილი გახდეს როგორც ჩვენი მუდმივი სტუმრებისთვის, ისე ახალი მომხმარებლებისთვის. პარალელურად, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ბიზნესის შემდგომ გაფართოებაზეც. ახალი ფილიალების გახსნა სამომავლო გეგმებიდან არ გამოგვირიცხავს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზრდა ეტაპობრივად და სწორად უნდა მოხდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ფილიალების რაოდენობის ზრდა, არამედ იმ ხარისხისა და გამოცდილების შენარჩუნება, რის გამოც მომხმარებლები „ფენქეიქს" ირჩევენ.