„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს ბანკის კამპანიას – „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – შეუერთდა და პარტნიორობისთვის პარალიმპიელი ჩემპიონი გვანცა ზადიშვილი შეარჩია. ინიციატივის მიზანია პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ბრენდების ჩართულობით მათი ხილვადობის გაზრდა.
გვანცა ზადიშვილი მსოფლიო თასის გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის მედალოსანია. 2023 წელს პიზაში გამართულ მსოფლიო თასზე მან, ირმა ხეცურიანთან და ნინა თიბილაშვილთან ერთად, გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შემდეგ გვანცამ ინდივიდუალურ ასპარეზზეც არაერთ წარმატებას მიაღწია, 2026 წლის ივნისში კი მერსინში ხმლით ფარიკაობაში კიდევ ერთ ოქროს მედალს დაეუფლა.

გვანცა ზადიშვილი, პარალიმპიელი ჩემპიონი: „ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და, ამავდროულად, ძალიან ემოციური მომენტია, რომ „თეგეტამ“ პარტნიორობისთვის ამირჩია. ეს ნიშნავს, რომ ჩემი შრომა, მიღწევები და ის გზა, რომელიც ამ შედეგებამდე გავიარე, ადამიანებმა და კომპანიამ დაინახეს და დააფასეს. ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა იცი, რომ გვერდით გიდგას ბრენდი, რომელსაც შენი სჯერა, ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გაძლევს, მეტი იშრომო და ახალი მიზნები დაისახო.
განსაკუთრებით მიხარია, რომ საზოგადოება, სპორტულ შედეგებთან ერთად, ჩემს ისტორიასაც გაიცნობს – იმ გზას, რომელიც მედლებამდე გავიარე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაინახონ არა მხოლოდ გამარჯვების მომენტი, არამედ ის შრომა, სირთულეები და ბრძოლაც, რომელიც თითოეული წარმატების უკან დგას. ჩემთვის ეს მხარდაჭერა ამ ყველაფრის აღიარებაა და ძალიან მიხარია, რომ ამ გზაზე ახლა „თეგეტა“ ჩემ გვერდით იქნება“.

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საქართველოს ბანკის ინიციატივაში მონაწილეობა ინკლუზიური და თანასწორი გარემოს მხარდაჭერის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სპორტის ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მიზანდასახული ადამიანების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას საკვანძო მიმართულებებად მიიჩნევს.
მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტას“ CSR კოორდინატორი: „ჩვენთვის საინტერესოა ისეთი ინიციატივები, რომლებიც ბევრ ინდივიდსა და კომპანიას ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს. „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებაც, მათ შორის Tegeta Care-ის პლატფორმა, სწორედ თანამოაზრეების გაერთიანებასა და საზოგადოებისთვის ფასეული ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურება. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს ბანკის კამპანიის ნაწილი გავმხდარიყავით.
ვფიქრობ, პარალიმპიელი ჩემპიონები სპორტულ შედეგებზე ბევრად მეტს გვიმტკიცებენ – მათი გამარჯვებები შეუპოვრობისა და მიზნისკენ სწრაფვის ნათელი მაგალითია. რაც უფრო ხილული იქნება ეს გზა და რაც უფრო მეტი კომპანია თუ ადამიანი დაუდგება მათ გვერდით, მით უფრო გაიზრდება მათი მხარდაჭერის შესაძლებლობები.
გვანცას ისტორია გვაჩვენებს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი მაშინ, როცა მიზნისკენ შეუჩერებლად მიდიხარ. გვჯერა, რომ ამ წარმატებებისა და გამარჯვებების გზაზე მასთან ერთად კიდევ უფრო მეტს გავივლით“.

გვანცა ზადიშვილის სპორტული მიღწევებისა და ისტორიის მხარდაჭერა „თეგეტას“ მიმდინარე კამპანიის – „გაიარე მეტი“ – იდეასაც ეხმიანება. კომპანიისთვის პარტნიორობა მხოლოდ მიღწეული შედეგების აღიარებას არ ნიშნავს და მიზნად ისახავს იმ გზის მხარდაჭერასაც, რომელიც მომავალ მიზნებსა და გამარჯვებებამდე მიდის.
საქართველოს ბანკის კამპანია - „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონების ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომლის ვიზუალებიც ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკაზეა დაფუძნებული. თითოეულ ფოტოში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია და მას მთავარი კითხვა იკავებს – „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ იდეა ქართული კომპანიებისთვის ერთგვარი გამოწვევის შექმნაა – შეავსონ ეს სივრცე და პარასპორტსმენებთან პარტნიორობა დაიწყონ.

მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდმარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენი, როგორც საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორის, უმთავრესი მისიაა, ქართველმა პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც საკუთარი უდიდესი შრომითა და მიღწევებით იმსახურებენ. დღეს სპორტსმენების ხილვადობასა და პოპულარობას მხოლოდ მედლები აღარ განსაზღვრავს – ამ პროცესში უდიდესი როლი აქვს ბიზნესსექტორთან თანამშრომლობასა და პარტნიორობას. სწორედ ამიტომ შევქმენით კამპანია - „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - რომელიც ქართული კომპანიებისთვის ერთგვარი გამოწვევაა – შეავსონ სარეკლამო ვიზუალებზე დატოვებული ცარიელი ადგილი და გახდნენ ჩემპიონების მხარდამჭერები.
„თეგეტას“ სახით პროექტში კიდევ ერთი ძლიერი და მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდის შემოერთება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ბიზნესი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს უფრო თანასწორი, ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნაში. პროექტში უკვე 15-მდე კომპანიაა გაერთიანებული, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და ბევრი ბრენდი უპასუხებს მთავარ შეკითხვას – რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
პარალიმპიელი ჩემპიონი გვანცა ზადიშვილი უკვე „თეგეტასთან“ ერთად განაგრძობს სპორტული კარიერის გზაზე სვლას, რომელიც ახალი მიზნებისა და გამარჯვებებისკენ მიდის. კომპანიასთან ერთად კი გვანცას სპორტული გზის მხარდაჭერა tegeta.care-ის პლატფორმის დახმარებით რიგით ადამიანებსაც შეეძლებათ.
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სხვა სიახლეები
ახალი ფილიალი, გაფართოებული მენიუ და სამომავლო გეგმები - როგორ ვითარდება „ფენქეიქი“
10.11.2026.18:00
კაფე „ფენქეიქი“ ადგილობრივ ბაზარზე უკვე შვიდი წელია ოპერირებს და მომხმარებლებს დესერტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბოლო პერიოდში კომპანიამ ახალი ფილიალი გახსნა და მენიუ საუზმის შეთავაზებებითაც გააფართოვა. კომპანიის განვითარების გეგმებისა და მომხმარებელთა ინტერესების შესახებ Business Insider Georgia-ს კაფე „ფენქეიქის“ დამფუძნებელი ანა კალანდაძე ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს კაფე „ფენქეიქს“ ამ ეტაპზე და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში ბოლო პერიოდში?
„ფენქეიქისთვის" ბოლო პერიოდი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. ექვსწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტეთ, ახალი ფილიალის გახსნა და ამ გამოცდილების სხვა ლოკაციაზე გაზიარება საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ახალმა ლოკაციამ მოგვცა შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული გარემო შეგვეთავაზებინა.
ახალ ფილიალში კიდევ უფრო გავაფართოეთ შეთავაზებები: ტრადიციულ ფენქეიქებთან, კრეპებსა და ბელგიურ ვაფლებთან ერთად დავამატეთ საუზმის მენიუ. ჩვენი მთავარი მიზანია, „ფენქეიქი" იყოს ადგილი, სადაც სტუმარი დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეძლებს მოსვლას და მისთვის სასურველი გემოების აღმოჩენას.
როგორ შეიცვალა მომხმარებელთა მოთხოვნა და ქცევა ბოლო პერიოდში და რომელ პროდუქტებსა თუ მომსახურების მიმართულებებზე აისახა ეს ყველაზე მეტად?
ბოლო პერიოდში ვამჩნევთ, რომ მომხმარებლებისთვის მხოლოდ გემრიელი პროდუქტი აღარ არის საკმარისი. მათთვის მნიშვნელოვანია გარემო, მომსახურების ხარისხი, პროდუქტის ვიზუალური მხარე და ზოგადად ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენს სივრცეში იღებენ.
ასევე გაიზარდა ინტერესი მრავალფეროვანი შეთავაზებების მიმართ. მომხმარებლებს სურთ, ერთ სივრცეში ჰქონდეთ როგორც ტკბილი, ისე შედარებით ნოყიერი და ყოველდღიური კვებისთვის შესაფერისი არჩევანი. სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით გავაფართოეთ მენიუ და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ერთგული მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებას.
მრგვალ ბაღთან მდებარე ფილიალში საუზმის შეთავაზებაც დაიწყეთ. როგორია მომხმარებელთა ინტერესი ამ მიმართულების მიმართ და ხომ არ განიხილავთ მენიუს სხვა ახალი კატეგორიებით შევსებას?
საუზმის მიმართულების დამატება ჩვენი ახალი ფილიალის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. გვინდოდა, სტუმრებს დილის საათებშიც ჰქონოდათ ჩვენთან მოსვლის მიზეზი და შეეძლოთ დღის დაწყება სასიამოვნო გარემოში, გემრიელი საუზმითა და კარგი ყავით.
მომხმარებლების მხრიდან ამ მიმართულების მიმართ ინტერესი ნამდვილად სასიამოვნოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მენიუ მუდმივად ვითარდებოდეს და მომხმარებლის ინტერესებს პასუხობდეს. სამომავლოდაც განვიხილავთ ახალი პროდუქტებისა და კატეგორიების დამატებას, თუმცა ყველა სიახლე უნდა შეესაბამებოდეს „ფენქეიქის" კონცეფციას და ხარისხის იმ სტანდარტს, რომელსაც წლებია ვინარჩუნებთ.
როგორ ხედავთ „ფენქეიქის“ განვითარების შემდეგ ეტაპს - რა მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას და განიხილება თუ არა ახალი ფილიალების გახსნა?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არსებული ფილიალების განვითარება, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და მომხმარებელთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაა.
გვინდა, „ფენქეიქი" კიდევ უფრო ცნობადი და საყვარელი ადგილი გახდეს როგორც ჩვენი მუდმივი სტუმრებისთვის, ისე ახალი მომხმარებლებისთვის. პარალელურად, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ბიზნესის შემდგომ გაფართოებაზეც. ახალი ფილიალების გახსნა სამომავლო გეგმებიდან არ გამოგვირიცხავს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზრდა ეტაპობრივად და სწორად უნდა მოხდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ფილიალების რაოდენობის ზრდა, არამედ იმ ხარისხისა და გამოცდილების შენარჩუნება, რის გამოც მომხმარებლები „ფენქეიქს" ირჩევენ.