Roots Coffee and More განვითარებას განაგრძობს და ახალ ფილიალს ხსნის
Roots Coffee and More არის თბილისის ცენტრში მდებარე კონცეპტუალური სივრცე, რომელიც ყავის კულტურას, დიზაინსა და lifestyle გამოცდილებას აერთიანებს. Business Insider Georgia არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Roots Coffee and More-ის კრეატიულ დირექტორს ნინჩო ჭანტურიას ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს Roots Coffee and More-ს და რა მიმართულებით ვითარდება კომპანია ამ ეტაპზე?
2025 წელი ჩვენთვის განვითარებისა და აღმოჩენების პერიოდი იყო და 2026 კიდევ უფრო საინტერესოდ დავიწყეთ.
მაისში ჩვენი ბრენდის 1 წლის დაბადების დღესთან ერთად, ახალი ფილიალის გახსნას აღვნიშნავთ - ეს ჩვენთვის უბრალოდ გაფართოება კი არა, ბრენდის ფილოსოფიის ახალ სივრცეში გადატანაა.
ამჯერად მთაწმინდაზე, პოლიკარპე კაკაბაძის 45-ში, თბილისის ულამაზესი ხედებით, კიდევ უფრო გემრიელი სასმელებით და რაც მთავარია, განახლებული მენიუთი დავხვდებით ჩვენს ერთგულ და ახალ მომხმარებლებს.

ხშირად გვეკითხებოდნენ, რა არის რუთსი?! რუთსი ქმნის კულტურას. ჩვენი გუნდის და ლოიალური მომხმარებლების სულისკვეთებით, რუთსი ჩამოყალიბდა, როგორც შეკრების ადგილი გემრიელი ყავის თანხლებით.
როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის დინამიკას? რამდენად მზარდია მოთხოვნის ტენდენცია?
დინამიკა ძალიან პოზიტიურია, ჩვენს პროგნოზებსაც კი გადააჭარბა.
ყველაზე მეტად ვამაყობთ, რომ ეს ზრდა ყოველგვარი რეკლამის გარეშე მოხდა.
Word of mouth-ით გაგვიცნეს ადამიანებმა და სწორედ ამიტომაც კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვქმნით თითოეულ პროდუქტსა თუ სიახლეს.

რა არის თქვენი განვითარების მთავარი პრიორიტეტები უახლოესი პერიოდისთვის?
ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი - ჩვენი გუნდია. თითოეულ პროდუქტს, თითოეულ დეტალს საკუთარი ხელებით ვქმნით და ვდებთ მასში სულსა და გულს.
ჩვენი უპირატესობა არა მასშტაბი ან სარეკლამო ბიუჯეტია, არამედ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ამ სივრცეში საუკეთესო ემოციებს ჩუქნიან სტუმრებს.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უცვლელია - ხარისხი, გუნდი და ემოციები, რაც Roots-ს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.

და რა თქმა უნდა - ჩვენი განსაკუთრებული მომხმარებლები, რომლებთან ერთადაც იქმნება ეს კულტურა. სწორედ ეს ბუნებრიობა ქმნის რუთსის ლოკალური თუ რეგიონალური გაფართოების პოტენციალს.
სხვა სიახლეები
მოიგებს თუ არა კვარაცხელია ოქროს ბურთს? | მოლოდინები
26.10.2026.14:37
საქართველოს ბანკი - ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
ოქროს ბურთის დაჯილდოება ახლოვდება: წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას 26 ოქტომბერს გავიგებთ. ამ დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ლონდონ პალადიუმის თეატრში მოიყრიან თავს, ინტრიგა კი ძალიან დიდია: ოქროს ბურთს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს და შანსები დიდი ხანია ასე გათანაბრებული არ ყოფილა.
ამიტომ წლევანდელ ოქროს ბურთს უკვე დიდი აჟიოტაჟი ახლავს. „ვინ გახდება წლის საუკეთესო ფეხბურთელი?“ ჟურნალისტები ამ კითხვას იმდენად ხშირად სვამენ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, უკმაყოფილებით განაცხადა: დავიღალე ამ დაუსრულებელი კითხვებითო.
სწორედ ენრიკეს ხელმძღვანელობით მოთამაშე „პსჟ-ს“ ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, ფავორიტთა შორისაა. ხვიჩა ოქროს ბურთის 30-კაციან სიაში უკვე მესამედ მოხვდა. პირველად ეს მოხდა იმ სეზონის შემდეგ, როცა ხვიჩა დიდ საფეხბურთო სცენაზე გამოჩნდა, „ნაპოლიმ“ კი მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. მაშინ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, თუმცა ოქროს ბურთზე მე-17 ადგილს დასჯერდა. გასულ წელს უკეთესი შედეგი ჰქონდა: პარიზულ კლუბში ტრანსფერისა და ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ მე-12 ადგილი დაიკავა.
ხვიჩამ თავისი კვალი „პსჟ-ს“ სადებიუტო სეზონშივე დაატყო და ლუის ენრიკეს იდეალური გუნდის ჩამოყალიბების საშუალება მისცა. თუმცა გასულ წელს „პსჟ-ს“ თამაშზე ხვიჩას გავლენა, მისი დამაჯერებლობა და გადამწყვეტ მომენტებში ინიციატივის საკუთარ თავზე აღება გაცილებით თვალსაჩინო გახდა.
„პსჟ-მ“ ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი გაიმეორა, ხვიჩა კი სრულიად შეუდარებელი იყო: ათი გოლი გაიტანა, ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ყველაზე თვალსაჩინო კი პლეი-ოფის ეტაპზე მისი დომინაცია იყო. ლონდონის „ჩელსისთან“ სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, შემდეგ ლონდონელებს გოლი საპასუხო შეხვედრაშიც გაუტანა. მომდევნო შეხვედრაში კიდევ ერთი დაუვიწყარი გოლი გაიტანა „ლივერპულთან“: გიორგი მამარდაშვილს ოსტატურად აუარა გვერდი და ბურთი ცარიელ კარში გააგზავნა. შემდეგ იყო 9-გოლიანი ტრილერი „ბაიერნთან“, სადაც ხვიჩამ დუბლი შეასრულა, საპასუხო შეხვედრაშიც კი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ხვიჩას დომინანტურ სეზონზე მთელი საფეხბურთო სამყარო ლაპარაკობდა: ტიერი ანრი, ალესანდრო დელ პიერო, ფაბიო კაპელო და სხვები. მეორე მხრივ, ანალიტიკოსები თითქოს დანანებით აღნიშნავდნენ, რომ მუნდიალზე საქართველოს არყოფნა ხვიჩას შანსებზე შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო.
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში იყო მხოლოდ ერთი წელი, როდესაც ოქროს ბურთი ისეთმა ფეხბურთელმა მოიგო, რომელსაც იმ წელს მუნდიალზე არ უთამაშია. 1978 წელს ლეგენდარულ კევინ კიგანს „ჰამბურგში“ იმდენად შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა, რომ ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლის მიუხედავად, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო. ამას ხელი ისიც შეუწყო, რომ მუნდიალი არგენტინამ მოიგო, ოქროს ბურთი კი მაშინ მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს გადაეცემოდათ. მსოფლიო მედიამ, მათ შორის ფრანგულმა L’Équipe-მა, ამ საკითხს არაერთხელ გაუსვა ხაზი: წერდნენ, რომ შესაძლოა წელს ნავსი გატყდეს და ამდენი წლის შემდეგ ოქროს ბურთი მუნდიალის არამონაწილე ფეხბურთელმა მოიგოს.
სამწუხაროა, რომ ბოლო თამაშებში ხვიჩა ფორმაში არ იმყოფება, შედეგიანობას უკლო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. თუმცა ოქროს ბურთის მფლობელის, ლეგენდარული ფაბიო კანავაროს შეფასებით, საერთოდ არაა საკამათო, რომ ოქროს ბურთს კვარა იმსახურებს:
“ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს. როდესაც ოქროს ბურთზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ბოლო დღეებით არ უნდა ვიმსჯელოთ. გასულ წელს, საფეხბურთო თვალსაზრისით, ხვიჩა იყო ფეხბურთელი, რომელსაც თამაშზე ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა. ბევრი ფიქრობს მუნდიალზე, როგორც ოქროს ბურთის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორზე, საუბრობენ მბაპეზე და მესის კარიერაზე, თუმცა კვარამ გამაოგნებელი რაღაცები ჩაიდინა”.
რამდენად ახლოსაა ხვიჩა ოქროს ბურთთან, ამას ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს უახლესი პოსტიც მოწმობს. ცხადია, მას ვერ ექნება უტყუარი მონაცემები, თუ ვინ გახდება Ballon d’Or-ის მფლობელი, თუმცა მისი შიდა წყაროები სულ მცირე სანდო და გასათვალისწინებელია, ამიტომ ერთგვარ სურათს მაინც შეგვიქმნის. ფაბრიციოს შეფასებით, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის კანდიდატებში მე-2 ადგილზეა. მის პოსტში ვკითხულობთ: „ამდენი წლის ლოდინის შემდეგ, შესაძლოა ეს კილიან მბაპეს წელი გამოდგეს“.
კონკურენტები
მბაპეს მართლაც ფენომენალური სეზონი ჰქონდა, თუმცა გუნდური ტიტულები არ მოუგია. „რეალს“ სეზონი ჩაუვარდა, მბაპემ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ვერ ითამაშა. სამაგიეროდ, მისი ინდივიდუალური სტატისტიკა უდავოდ გამაოგნებელია: 58 გოლი და 14 ასისტი (მათ შორის, მუნდიალის ბომბარდირობა).
„ამაზე მეტი რა უნდა გამეკეთებინაო“: შესაძლოა, მსგავსი სიტყვები ჰარი კეინმაც თქვას, რომელმაც სეზონი 73 გოლითა და 8 ასისტით დაასრულა და მოიგო ბუნდესლიგა, თასი და სუპერთასი. მიუხედავად ამისა, მისგან, როგორც ინგლისის კაპიტნისგან, მუნდიალზე მეტს ელოდნენ. ინგლისი კი არგენტინასთან ნახევარფინალურ მატჩში ტურნირს ისე დაემშვიდობა, რომ შეხვედრის უდიდესი ნაწილი დაცვაში მყოფმა საკუთარ ნახევარზე გაატარა.
მსოფლიო ჩემპიონატამდე ლიონელ მესის 30-კაციან სიაშიც ნაკლებად განიხილავდნენ, მაგრამ არგენტინელმა ჯადოქარმა 8 გოლსა და 4 ასისტს მოუყარა თავი, არგენტინას ფინალში გაუძღვა და 39 წლის ასაკში შეგვახსენა, რას ნიშნავს საფეხბურთო ბრწყინვალება.
სხვა ვინ შეიძლება გადაეღობოს ხვიჩას? მსოფლიო ჩემპიონი როდრი ან ლამინ იამალი? ნაკლებად სავარაუდოა. ლამინ იამალს ესპანეთის ჩემპიონობაზე უდიდესი გავლენა არ მოუხდენია. ამ მხრივ როდრი უფრო გამორჩეული იყო: მოკრძალებული სტატისტიკით, მაგრამ თამაშზე უდიდესი გავლენის მოხდენის უნარით. თუმცა სეზონის განმავლობაში ტრავმიანობამ როდრის თავის გამოჩენის საშუალება ნაკლებად მისცა.
ფენომენალური სეზონი ჰქონდა მაიკლ ოლისესაც: „ბაიერნის“ შემტევმა 26 გოლი გაიტანა და 41 ასისტი შეასრულა (მუნდიალზე 7 საგოლე გადაცემა). თუმცა ამ რიცხვების მიუხედავად, ოლისეს ჩრდილი ის მიადგა, რომ არც ჩემპიონთა ლიგა მოუგია და არც მუნდიალი.
წინ ამაღელვებელი დაჯილდოება გველოდება. მოიგებს თუ არა ხვიჩა ოქროს ბურთს? სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ეს სრულებით შესაძლებელია, თუმცა არ უნდა შევიქმნათ არასწორი მოლოდინი და ვთქვათ, რომ ეს გარდაუვალია. ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელი ასეთ სიმაღლეზე, ყურადღების ასეთ ეპიცენტრში არასოდეს ყოფილა. ერთი რამ უტყუარია: ოქროს ბურთზე მისი საუკეთესო პოზიცია აუცილებლად განახლდება. ხოლო დაიწერება თუ არა მისი სახელი საფეხბურთო ისტორიის უმნიშვნელოვანეს ფურცელზე, ამას რამდენიმე დღეში შევიტყობთ.