რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე
მთავარია გჯეროდეს საკუთარი ძალების, მიზნების და იმისა, რომ ცნება „შეუძლებელი“ მხოლოდ დროებითი საზღვარია. სწორედ ამ რწმენამ, სხვადასხვა ეპოქაში, სამი ქართველი ქალის ისტორია უშბის მწვერვალზე ერთი იდეით გააერთიანა - ქალებს შეუძლიათ მწვერვალების დაპყრობა, მაშინაც კი, როცა გზა რთული, გარემო კი სტერეოტიპებით სავსეა.
11 თებერვალს, ლეგენდარული ქართველი მთამსვლელი ქალის და ქართული ალპინიზმის ფუძემდებლის, ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების დღეა. ამ თარიღის ირგვლივ თიბისიმ, სიმბოლურად, სხვადასხვა ეპოქის სამი ქალის - ალექსანდრა ჯაფარიძის, მარიამ გელაშვილისა და მაია სიჭინავას ისტორიები გააერთიანა. მათ შეუპოვრობით, მიზნისა და საკუთარი თავის დაჯერებით შეუძლებელი შეძლეს და უშბის მწვერვალებზე ავიდნენ.
1934 წელს ალექსანდრა ჯაფარიძემ ისტორია დაწერა - ეს გახდა მსოფლიო მასშტაბის მოვლენა, კარი ახალი თაობისთვის ქართული ალპინიზმის მომავალში, რადგან ალექსანდრა იყო პირველი ქალი, ვინც უშბის მწვერვალზე შედგა ფეხი.
„გინდა აჯობო ამ კლდეებს, აჯობო შენს თავსაც. მაშინ თითქოს სხვად იქცევი, და უფრო კარგი ხარ, უფრო ძლიერი“ - აღნიშნავდა ალექსანდრა ჯაფარიძე.
ალექსანდრა ჯაფარიძის დაწყებული გზა, 90 წლის შემდეგ, 2024 წელს ალპინისტებმა მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ განაგრძეს - პირველი ქართველი ქალები, რომლებმაც უშბის ჩრდილოეთ მწვერვალს დამოუკიდებლად მიაღწიეს. თიბისის ახალ ვიდეორგოლში მარიამი და მაია, ალექსანდრას მუდმივი შთაგონებით, მოგვითხრობენ:
„უშბაზე ასვლა საკუთარ თავზე გამარჯვებას ჰგავს. არც ზედმეტი სითამამე უყვარს, არც მარტივად გიღებს, თუმცა თუ მიგიღო - სამუდამოდ მისი ერთგული რჩები“ - მაია სიჭინავა.
„უშბამ ბევრი დაბრკოლება დაგვახვედრა გზად, მაგრამ თან ყველაზე მნიშვნელოვანი - მიზნისკენ ჯიუტად სვლა გვასწავლა. ის, რისიც ცხოვრებაში ასე ძალიან გჯერა, რისკენაც ასე შეუპოვრად მიდიხარ, შეუძლებელია არ გამოგივიდეს. ამ გზაზე, ხან საკუთარი თავის უნდა დაიჯერო და წინ იარო, ხანდახან კი, უნდა გაჩერდე კიდეც, იმიტომ რომ, ზოგჯერ, მწვერვალი სწორედ მაშინ გამოჩნდება, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები“ - მარიამ გელაშვილი.
ალექსანდრა ჯაფარიძის, მაია სიჭინავას და მარიამ გელაშვილის მიღწევები მაგალითია იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება რწმენა რეალურ ძალად, რომელიც მიუღწეველი მწვერვალების დაპყრობასაც კი შესაძლებელს ხდის.
ქალებისა და გოგოების გაძლიერება, საკუთარი მიზნებისკენ სვლის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა თიბისისთვის ათწლეულებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს აძლევს შესაძლებლობას, ირწმუნონ საკუთარი მიზნების, შესაძლებლობები და თამამად გადადგან ნაბიჯი წინ - სპორტში, ტექნოლოგიებში, განათლებასა თუ მეწარმეობაში.
სხვა სიახლეები
მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება - დავით ტყეშელაშვილი
04.09.2026.19:00
2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებითა და ახალი პროექტებით გამოირჩეოდა. კომპანიის რეგიონული მენეჯერი დავით ტყეშელაშვილი Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით Photomate-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლებითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების კონსოლიდაციის პერიოდი იყო. ამ ეტაპზე განსაკუთრებით გავაძლიერეთ ჩვენი სრული მომსახურების მოდელი, რომელიც ტექნოლოგიური მოწყობილობების მიწოდებასთან ერთად მოიცავს პროექტირებას, EPC მომსახურებას პარტნიორებთან ერთად, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას, ტექნიკურ მომსახურებასა და მონიტორინგს.
ჩვენი მიზანია, პროექტის ყველა ძირითადი ეტაპი - ტექნოლოგიის შერჩევიდან და პროექტირებიდან სადგურის გრძელვადიან ოპერირებამდე - ერთიან, კოორდინირებულ პროცესად ვაქციოთ. ამ მიდგომით მომხმარებელს უმარტივდება პროექტის მართვა, მცირდება ტექნიკური რისკები და იზრდება ინვესტიციის გრძელვადიანი ეფექტიანობა.
ამავე პერიოდში, ჩვენს პარტნიორ Helios Energy-სთან ერთად, აქტიურად ჩავერთეთ 78-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის პროექტში, სადაც პასუხისმგებლები ვართ როგორც სამშენებლო სამუშაოების ნაწილზე, ისე პროექტის ტექნიკურ ზედამხედველობაზე. წლის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებისა და კავკასიის ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გადმოტანის მიმართულებითაც.
როგორია მიმდინარე ძირითადი ტენდენციები განახლებადი ენერგიისა და მზის ენერგიის ბაზარზე? როგორ აისახება ეს ტენდენციები Photomate-ის საქმიანობასა და მოთხოვნაზე?
მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება. პროექტების მასშტაბის ზრდასთან ერთად, დეველოპერებსა და ინვესტორებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა პროექტირების, სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და სადგურის გრძელვადიანი ეფექტიანობის მიმართულებით.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა მზის გენერაციის ინტეგრაცია ენერგიის შემნახველ და ენერგომენეჯმენტის სისტემებთან. მომხმარებლისთვის უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ მაღალი ხარისხის პანელისა თუ ინვერტორის შეძენა. მისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად უსაფრთხოდ და ეფექტიანად იმუშავებს სისტემა მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, როგორ მოხდება მისი მონიტორინგი და რამდენად სწრაფად მიიღებს ტექნიკურ მხარდაჭერას.
ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება Photomate-ის საქმიანობაზე. მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ მოწყობილობებზე, არამედ სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე - პროექტირებაზე, ზედამხედველობაზე, EPC მომსახურებაზე, მონიტორინგსა და გაყიდვის შემდგომ მხარდაჭერაზე. განსაკუთრებით მაღალი ინტერესი შეინიშნება კომერციულ, ინდუსტრიულ და დიდი სიმძლავრის პროექტებში, სადაც ენერგიის ხარჯის შემცირებასთან ერთად გადამწყვეტია ენერგომომარაგების სტაბილურობა და ინვესტიციის პროგნოზირებადი შედეგი.
რა იქნება კომპანიის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რომელ მიმართულებებში ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება სრული მომსახურების მოდელის კიდევ უფრო გაძლიერება და მისი მასშტაბირება კავკასიის ბაზარზე.
პრიორიტეტულია მიმდინარე მსხვილ პროექტებში სამუშაოების მაღალი ხარისხითა და განსაზღვრულ ვადებში შესრულება. პარალელურად, გავაგრძელებთ პროექტირების, EPC მომსახურების, ტექნიკური ზედამხედველობის და მონიტორინგისა მიმართულებების განვითარებას.
მნიშვნელოვან პროგრესს ველოდებით ენერგიის შემნახველი და ენერგომენეჯმენტის სისტემების მიმართულებითაც. ბაზარი თანდათან გადადის ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებზე, სადაც მზის გენერაცია, ენერგიის დაგროვება და მოხმარების მართვა ერთ სისტემად მუშაობს.
ასევე ვმუშაობთ ახალი ოფისისა და თანამედროვე შოურუმის შექმნაზე. ეს იქნება სივრცე, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ გარემოში გაეცნონ თანამედროვე ენერგეტიკულ ტექნოლოგიებსა და მათ ინტეგრირებულ მუშაობას.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი მიღწევა კომპანიისთვის?
2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ველოდებით ზრდას როგორც მოწყობილობების მიწოდებისა და მიმდინარე პროექტების, ისე ტექნიკური და საინჟინრო მომსახურებების მიმართულებით.
ჩვენთვის წლის შედეგი მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებით არ განისაზღვრება. მთავარი მიღწევა იქნება Photomate Caucasus-ის პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცება, როგორც განახლებადი ენერგიის სრული ციკლის პარტნიორისა - კომპანიის, რომელიც საერთაშორისო ტექნოლოგიებს ადგილობრივ საინჟინრო გამოცდილებასა და გრძელვადიან ტექნიკურ მხარდაჭერას აერთიანებს.
თუ წლის ბოლოს წარმატებით განხორციელებული მსხვილი პროექტები, გაზრდილი მომსახურების პორტფელი და ენერგიის დაგროვებისა და მართვის მიმართულებით გაძლიერებული შეთავაზება გვექნება, ეს ჩვენი სტრატეგიის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება.