რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მევენახეებმა მოსავლის რეალიზაცია კარგ ფასად შეძლონ და კიდევ უფრო გაძლიერდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა.
შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ღვინის ექსპორტი, შარშან 30%-მდე ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა და წელსაც, 6 თვეში ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის - 103 მილიონი ლიტრი, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო. მინისტრის თქმით, ღვინის ექსპორტთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზეც.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო, მოსალოდნელია, რომ წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი არასათანადო ხარისხის იყოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მუხუზლა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.