რუსეთის ბაზართან რაც ნაკლები იქნება კავშირი, მით უფრო სტაბილური ვიქნებით - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია
რუსეთის ბაზარზე ავტომობილების რეექსპორტის კლების მიუხედავად, სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაცილებით კარგი პოზიციები აქვთ ალტერნატიულ ბაზრებზე, სადაც მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი.
შესაბამისად, რუსეთში რეექსპორტის შემცირებაში ბიზნესი პრობლემას ვერ ხედავს.
ავტომობილების იმპორტიორთა ასოციაციის დირექტორი ლაშა დარბაისელი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანში, სომხეთსა და შუა აზიის რამდენიმე ქვეყანაში გადის, რაც რეექსპორტზე პრიორიტეტია. დარბაისლის შეფასებით, რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის მცირე იყო პანდემიამდელ პერიოდში და ახლა სწორედ ამ მოცემულობას დაუბრუნდა.
„რუსეთში რეექსპორტის კლებით ჩვენს რეალურად არაფერი გვაკლდება. რეალურად დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რაც კოვიდამდე იყო. ამაში საგანგაშო არაფერია, ვინაიდან ჩვენი ბიზნესი, ხედვა და პერსპექტივა რუსეთის ბაზარზე არასდროს ყოფილა მიბმული. არასტაბილური ბაზარია, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები წყვეტს ბიზნესის ბედს. კარგი იქნება, თუ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ნელ-ნელა შემცირდება, რაც ნაკლები იქნება ეს კავშირი, მით მეტად სტაბილური ვიქნებით, ვინაიდან ყოველთვის შეიძლება პრობლემა შეიქმნას აგრესორი ქვეყნიდან სანქციების კუთხით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით.
ამდენად, შეიძლება, გარკვეული თანხა დააკლდათ კომპანიებს, მაგრამ ეს არ არის ის დანაკარგი, რომ შედეგზე ნეგატიურად აისახოს. ბიზნესს გათავისებული აქვს, რომ რუსეთთან საგარეო ვაჭრობა სანქციების თვალსაზრისით დიდ საფრთხეს შეიცავს, ამიტომ რეექსპორტის კლება უნდა გავიგოთ, როგორც გარკვეულწილად რისკისგან დაცვა, ამ კუთხით, კლების სტატისტიკა შეიძლება ბიზნესისთვის უკეთესიც იყოს, სამაგიეროდ, სხვა ალტერნატიული ბაზრებიდან მატულობს მოთხოვნა, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი და შუა აზიის ქვეყნები“, - აცხადებს ლაშა დარბაისელი.
ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან რუსეთში 4,951 ცალი მსუბუქი ავტომობილი შევიდა, რომლის ღირებულებაც 66,946.79 ათას ლარს შეადგენდა. რაც შეეხება თვიურ ჩაშლას, სახეზეა, რომ აგვისტო სექტემბერში საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მინიმუმზე დავიდა. მაგალითისთვის, აგვისტოში საქართველოდან რუსეთში სულ 85 ავტომობილი შევიდა, სექტემბერში კი მხოლოდ 26 ავტომობილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.