სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის პროექტს ინვესტორებს აცნობს
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის პოტენციალის კვლევა ჩატარდა და ახლა ინვესტორების მოძიების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც სააგენტოს ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი დავით ტავლალაშვილი აცხადებს, პროექტის შეთავაზება პოტენციური ინვესტორებისთვის უკვე დაწყებულია და ამ მიზნით სააგენტომ პროექტი ორ საერთაშორისო გამოფენაზე უკვე წარადგინა კიდეც.
„საჰაერო ხომალდების შეკეთებისა და მომსახურების ცენტრის პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე ცენტრის, ე.წ. ანგარის გაკეთებას გულისხმობს, სადაც მოხდება თვითმფრინავების ჩამოყვანა, მათ შორის ერთი ნაწილის გეგმიურად, ნაწილის კი კონკრეტული სერვისის მისაღებად. ხომალდის შემოწმების სხვადასხვა ტიპი არსებობს (A, B, C, D Check).
ვფიქრობთ, ჯერ მარტივი სერვისების მიწოდებით დავიწყოთ და თანდათან სხვადასხვა ეტაპებზე გადავიდეთ“, - აღნიშნავს დავით ტავლალაშვილი.
მისივე თქმით, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა ისიც, რომ საქართველოს ჰყავს სათანადო სამუშაო ძალა და პოტენციალი განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რეგიონში იზრდება თვითმფრინავების ფლოტები და მსგავსი ტიპის ცენტრები უკვე გადატვირთულია.
„შესაბამისად, ჩვენი ამბიციაა, რომ მოვიზიდოთ ინვესტორი, რომელიც მსგავსი ტიპის ცენტრის პროექტს საქართველოში განახორციელებს“, - ამბობს დავით ტავლალაშვილი.
მისივე თქმით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ამ მიმართულებით უკვე იმყოფებოდა ორ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მონაწილეებს თვითმფრინავების ცენტრის პროექტი გააცნეს.
„ამ დროისათვის 3 კომპანიასთან გაქვს უფრო წინ წასული მოლაპარაკება და დაველოდოთ შედეგებს“, - აღნიშნავს დავით ტავლალაშვილი.
მისივე განმარტებით, სააგენტოს მიერ ჩატარდა კვლევები და არსებული კვლევებით საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის შესაქმნელად თბილისს უფრო მაღალი პოტენციალი აქვს.
დავით ტავლალაშვილის თქმით, კვლევის მიხედვით შერჩეული მოდელის პოტენციური საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.