სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე Alibaba.com 50-ამდე ქართული კომპანია პრემიუმ სტატუსით განთავსდება - მიხეილ ხიდურელი
ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე Alibaba.com ქართული კომპანიების განთავსება იწყება. ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, ეს პროცესი ქართულ კომპანიებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, მოიზიდონ საერთაშორისო პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი.
„Alibaba.com-თან თანამშრომლობა ახალი ეტაპია საქართველოში ელექტრონული კომერციის მხარდასაჭერად. პირველ ეტაპზე იგეგმება პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის განთავსება. სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით. ეს არის ერთგვარი ვერიფიკაცია, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ შემსყიდველებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. უახლოეს პერიოდში იგეგმება Alibaba.com-ის გუნდის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც კომპანიის წარმომადგენლები გაეცნობიან ქართულ პროდუქციას. მომდევნო ეტაპზე დავატრენინგებთ შერჩეულ კომპანიებს და დავიწყებთ მათ განთავსებას პლატფორმაზე“- აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
Alibaba.com-ზე განსათავსებლად კომპანიების შერჩევა 2 ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე მოხდა სააგენტოს ელექტონულ პლატფორმაზე (tradewithgeorgia.com) წლების მანძილზე ყველაზე მაღალი ქულების მქონე კომპანიების რანჟირება. მეორე ეტაპზე, ხსენებული სიის Alibaba.com-ის გუნდისთვის წარდგენის შემდეგ, კომპანიები დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან.
Alibaba.com 1999 წელს დაარსდა. იგი ელექტრონული კომერციის წამყვანი B2B პლატფორმაა, რომელიც მყიდველებსა და მომწოდებლებს მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში ემსახურება. პლატფორმა მოიცავს კომერციის სხვადასხვა მიმართულებას, რაც ეხმარება ბიზნესებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ხოლო მყიდველებს — პროდუქციის აღმოჩენაში, მომწოდებლების პოვნასა და შეკვეთების სწრაფად და ეფექტიანად განთავსებაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.