მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

საერთაშორისო აღიარება ობლიგაციებისა და სავალუტო ბაზრებზე - პაატა მახარაძე თიბისის Euromoney-ს ჯილდოებზე

news image
mbc image

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Euromoney-მ თიბისი 2026 წლის ორ ნომინაციაში გამოარჩია - წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში ობლიგაციების ბაზარზე და საუკეთესო სავალუტო ბანკი საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების ბაზრის მიმართულებით აღნიშნული ჯილდო საქართველოში პირველად გაიცა.

საერთაშორისო აღიარება უკავშირდება თიბისის მიღწევებს სავალუტო ოპერაციების, ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით. 2025 წელს საქართველოში განხორციელებული სავალუტო ოპერაციების დაახლოებით 42% თიბისიზე მოდიოდა, ხოლო Bloomberg-ის პლატფორმის საშუალებით საერთაშორისო პარტნიორებთან განხორციელებული სავალუტო ოპერაციების მოცულობამ 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რა დგას Euromoney-ს ორი საერთაშორისო ჯილდოს უკან, რა შედეგებით გამოირჩეოდა თიბისი და რა მნიშვნელობა აქვს ამ აღიარებას ბანკის შემდგომი განვითარებისთვის - ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia თიბისის გლობალური ბაზრებისა და ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პაატა მახარაძეს ესაუბრა.

რას ნიშნავს Euromoney-ს ჯილდოები თიბისი ბანკისთვის და კონკრეტულად გლობალური ბაზრებისა და ხაზინის დეპარტამენტის გუნდისთვის?

პირველ რიგში, ეს არის ჩვენი გუნდის მრავალწლიანი შრომისა და იმ სტრატეგიული განვითარების აღიარება, რომელიც თიბისიმ გლობალური ბაზრებისა და ხაზინის მიმართულებით განახორციელა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო აღიარება ერთდროულად ორ მიმართულებაში მივიღეთ - როგორც სავალუტო, ისე ობლიგაციების ბაზარზე. ეს ორი განსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიმართულებაა და ორივე ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ბოლო წლებში გლობალური ბაზრებისა და ხაზინის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გაიარა. ტრადიციულ სახაზინო ფუნქციებთან ერთად, მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ სავაჭრო საქმიანობა, განვავითარეთ ახალი პროდუქტები და გავაძლიერეთ ჩვენი როლი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე.

ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს ფინანსურ ბაზრებზე წვდომა გავუმარტივოთ, შევთავაზოთ სწრაფი, კომფორტული და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება. ამავდროულად, ხელი შევუწყოთ საქართველოში უფრო განვითარებული, ლიკვიდური და საერთაშორისო სტანდარტების ფინანსური გარემოს შექმნას.

გუნდისთვის ეს ჯილდოები მნიშვნელოვანი მოტივაციაა, გავაგრძელოთ განვითარება და კიდევ უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე საქართველოს ფინანსური ბაზრისთვის.

რა იყო მთავარი მიზეზები და ნაჩვენები შედეგები, რისთვისაც თიბისიმ ეს ჯილდოები დაიმსახურა?

სავალუტო მიმართულებით თიბისი საქართველოს ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მონაწილეა. 2025 წელს ქვეყანაში განხორციელებული სავალუტო ოპერაციების ჯამური მოცულობის დაახლოებით 42% თიბისიზე მოდიოდა.

თუმცა, ჩვენთვის მთავარი მხოლოდ მასშტაბი არ არის. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მომსახურების ხარისხს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილებას.

ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა, რომ მომხმარებელმა სავალუტო ოპერაციები ციფრულ არხებში, თითოეულ მომხმარებელზე მორგებული ფასებით, რეალურ დროში განახორციელოს. მათ შორის, თავად მოითხოვოს მისაღები გაცვლითი კურსი და პასუხი მყისიერად მიიღოს. ის, რასაც ადრე დამატებითი კომუნიკაცია და დრო სჭირდებოდა, დღეს მომხმარებელს დამოუკიდებლად, რამდენიმე წამში შეუძლია გააკეთოს.

ასევე ვთავაზობთ სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს/დერივატიულ პროდუქტებს, რომლებიც მათ სავალუტო რისკების მართვასა და ფინანსური საქმიანობის უკეთ დაგეგმვაში ეხმარება.

რაც შეეხება ობლიგაციების მიმართულებას, აქ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში შეტანილი წვლილია.

თიბისი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ერთ-ერთი წამყვანი პირველადი დილერი და მეორად ბაზარზე ლიკვიდურობის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. აქტიურად ვცდილობთ, ქართულ ბაზარზე დავამკვიდროთ საერთაშორისო სტანდარტები და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ინვესტორებისთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ამავდროულად, აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ქართული ფასიანი ქაღალდების ცნობადობა და ხელმისაწვდომობა საერთაშორისო ბაზრებზე, მოვიზიდოთ მეტი უცხოელი ინვესტორი და გავზარდოთ მათი მონაწილეობა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე.

2025 წელს ასევე მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ საქმიანობა საერთაშორისო ობლიგაციების ბაზრებზე და განვავითარეთ საინვესტიციო პორტფელი. ამან გააძლიერა ჩვენი საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურობა და გაამყარა ურთიერთობები გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებთან.

ამ სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოში პირველი სპეციალიზებული ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებისა და ფულადი ბაზრების სავაჭრო გუნდის შექმნაც.

საბოლოო ჯამში, ორივე მიმართულებით ჩვენი ამოცანა ერთია - მომხმარებლებს მეტი შესაძლებლობა შევთავაზოთ და ამავდროულად ხელი შევუწყოთ საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებას.

რატომაა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით საერთაშორისო აღიარება ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემისგან?

Euromoney პრესტიჟული საერთაშორისო ფინანსური გამოცემაა და მისი ჯილდოები ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვან აღიარებად ითვლება.

ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი მიზეზით.

პირველ რიგში, ეს არის ჩვენი საქმიანობის დამოუკიდებელი საერთაშორისო შეფასება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აღიარება მივიღეთ როგორც მომსახურების ხარისხისა და ტექნოლოგიური განვითარების, ისე ფინანსური ბაზრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

მეორე მხრივ, ასეთი აღიარება მხოლოდ თიბისისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური ბაზრის ცნობადობის ზრდას და საერთაშორისო ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან ინტერესის გაძლიერებას.

ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია, თიბისი იყოს დამაკავშირებელი რგოლი საქართველოსა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს შორის. გვინდა, ჩვენი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ქართული ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ ინტერესის ზრდას.

რაც უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტორი დაინტერესდება ქართული ბაზრით და რაც უფრო განვითარებული და ლიკვიდური იქნება ადგილობრივი ფინანსური ბაზარი, მით მეტი შესაძლებლობა შეიქმნება როგორც ინვესტორებისთვის, ისე ქართული ბიზნესისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის.

რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის Euromoney-ს საერთაშორისო აღიარება თიბისისთვის და რა მიმართულებით გეგმავს ბანკი ობლიგაციებისა და სავალუტო მომსახურების განვითარებას სამომავლოდ?

საერთაშორისო აღიარება კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პოზიციებს პარტნიორებთან ურთიერთობაში და ზრდის თიბისის ცნობადობას გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული მიზნისთვის - განვავითაროთ რეგიონში წამყვანი გლობალური ბაზრების მიმართულება, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს საქართველოსა და რეგიონის ბაზრებთან დააკავშირებს.

სავალუტო მიმართულებით ჩვენი პრიორიტეტია ციფრული შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, რათა მომხმარებლებისთვის სავალუტო ოპერაციები კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. ამასთან, ვგეგმავთ უფრო კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებასაც, განსაკუთრებით ბიზნესებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ სავალუტო რისკების მართვა.

ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების მიმართულებით ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ მარკეტმეიკინგი და ლიკვიდურობის მიწოდება ადგილობრივ ბაზარზე, გავაფართოოთ საერთაშორისო ინვესტორებთან თანამშრომლობა და განვავითაროთ საქმიანობა საერთაშორისო ობლიგაციების ბაზრებზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა საპროცენტო დერივატივების განვითარება. გვინდა, ჩვენს კლიენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მართონ და საჭიროების შემთხვევაში დაიზღვიონ არა მხოლოდ სავალუტო, არამედ საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით გამოწვეული რისკებიც. ეს ბიზნესებს დაეხმარება დაფინანსების ხარჯების უკეთ პროგნოზირებასა და ფინანსური საქმიანობის უფრო ეფექტიანად დაგეგმვაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ის ფინანსური ინსტრუმენტები და მომსახურება, რომლებიც განვითარებულ საერთაშორისო ბაზრებზე უკვე ფართოდ გამოიყენება.

რამდენად ასახავს Euromoney-ს ჯილდოები თიბისის კონკურენტულ უპირატესობას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და რა როლს ასრულებს ამ წარმატებაში ბანკის მიერ დანერგილი ფინანსური პროდუქტები და მომსახურება?

ვფიქრობ, ეს ორი ჯილდო კარგად ასახავს თიბისის გლობალური ბაზრებისა და ხაზინის მიმართულების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას - ჩვენ ვაერთიანებთ ბაზარზე მნიშვნელოვან მასშტაბს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, საერთაშორისო პარტნიორულ ქსელსა და პროფესიულ გამოცდილებას.

სავალუტო ბაზარზე ჩვენი მასშტაბი და ლიკვიდურობა საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს შევთავაზოთ კონკურენტული ფასები და საიმედო მომსახურება. ამავდროულად, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, დამოუკიდებლად, სწრაფად და მის საჭიროებებზე მორგებული პირობებით განახორციელოს სავალუტო ოპერაციები.

ობლიგაციების ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ეფუძნება ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას, ლიკვიდურობის მიწოდების შესაძლებლობასა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენ მხოლოდ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში არ ვმონაწილეობთ - აქტიურად ვმუშაობთ ბაზრის განვითარებაზე, ახალი ინვესტორების მოზიდვასა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაზე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუდმივად ვაფართოებთ პროდუქტების სპექტრს და ვავითარებთ როგორც სავალუტო, ისე საპროცენტო რისკების მართვის შესაძლებლობებს.

ჩვენი უპირატესობა სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობაშია. მიზანი მხოლოდ ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნება არ არის - გვინდა, ეს ლიდერობა მომხმარებლებისთვის უკეთეს მომსახურებად, მეტი შესაძლებლობის შექმნად და საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში რეალურ წვლილად გარდავქმნათ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს ქართველი სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

26.10.2026.18:29

Global Tech Weekend 2027 წელს ახალი, მასშტაბური გეგმებითა და უნიკალური ფორმატით იწყებს. 2026 წლის 5 დეკემბერს, მთაწმინდის პარკში, Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მომავალი წლის კონცეფცია, ხედვა, საერთაშორისო გაფართოების გეგმები და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობები ოფიციალურად დაანონსდება.

მთავარი სიახლე მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე გამართული აქტივობა იქნება: ქართველი სტარტაპები საკუთარ ბიზნესიდეებს საერთაშორისო ინვესტორებს ბორბლის კაბინებში წარუდგენენ.

“Pitch in a Ferris Wheel”: 6 წუთი, ერთი ბრუნი, მრავალი შესაძლებლობა

ორგანიზატორები ეძებდნენ ფორმატს, რომელიც სტარტაპის პრეზენტაციას სტანდარტული ბიზნესშეხვედრის ჩარჩოებიდან გამოიყვანდა და, ამავდროულად, რეალურ ბიზნესშესაძლებლობად აქცევდა. პანორამული ბორბლის იდეა სწორედ ამ ძიების შედეგად გაჩნდა. ისტორიაში პირველად, მთაწმინდის პანორამული ბორბალი მთლიანად ქართულ სტარტაპებსა და საერთაშორისო ინვესტორებს დაეთმობა, რომლებიც ღონისძიებისთვის სპეციალურად Global Tech Weekend-ის გლობალური ქსელიდან ჩამოვლენ.

თითოეულ დამფუძნებელს საკუთარი სტარტაპის წარსადგენად ბორბლის ერთი სრული ბრუნი, 6 წუთი ექნება. კაბინაში მხოლოდ დამფუძნებელი და ინვესტორები იქნებიან, სცენისა და აუდიტორიის გარეშე. 

მთელი პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ამიტომ თითოეული გამოსვლა ხილული იქნება არა მხოლოდ კაბინაში მყოფი ინვესტორებისთვის, არამედ ფართო აუდიტორიისთვისაც. გამარჯვებული სტარტაპი იმავე საღამოს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. ორგანიზატორების თქმით, ეს მხოლოდ დასამახსოვრებელი სანახაობა არ არის: ფორმატის მიზანი ქართული სტარტაპებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაკავშირებაა, რომელიც გრძელვადიან შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

პანორამულ ბორბალზე გამართულ სესიაში მონაწილეობისთვის სტარტაპებისა და ინვესტორების განაცხადების მიღება მალე დაიწყება. დეტალური ინფორმაცია Global Tech Weekend-ის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდება.

Global Tech Weekend 2027: ახალი ეტაპი

პანორამული ბორბლის სესიის შემდეგ Mtatsminda Hall-ში გაიმართება Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური პრეზენტაცია. ორგანიზატორები წარადგენენ მომავალი წლის სრულ კალენდარს, კონცეფციასა და განვითარების ხედვას, მოძრაობის საერთაშორისო გაფართოების გეგმებსა და ახალ სტრატეგიულ პარტნიორობებს.

ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს 10-ზე მეტი სექტორის წარმომადგენლებს: ტექნოლოგიურ კომპანიებს, ინვესტორებსა და ვენჩურულ ფონდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კორპორატიულ ლიდერებს, სტარტაპების დამფუძნებლებს, კრეატიულ ინდუსტრიებსა და მედიას.

„Global Tech Weekend-ის მისია ყოველთვის იყო ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მსოფლიოსთან დაკავშირება. 5 დეკემბერს ამ მისიას სრულიად ახალ განზომილებას შევძენთ. 2026 წელს სან-ფრანცისკოდან ტაშკენტამდე და თბილისამდე სხვადასხვა ტექნოლოგიური ეკოსისტემა დავაკავშირეთ. 2027 წელს გვინდა, საერთაშორისო მასშტაბი კიდევ უფრო გავზარდოთ, გავაფართოოთ პარტნიორთა ქსელი და გავაძლიეროთ კავშირები ქალაქებსა და ეკოსისტემებს შორის. ახალ სტრატეგიულ პარტნიორობებს ამ ხედვაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან ჩვენ მხოლოდ ღონისძიებების მასშტაბს არ ვზრდით. ჩვენ ვაშენებთ საერთაშორისო ქსელს, რომლის ღირებულებაც პარტნიორებს შორის უწყვეტ კავშირში, ცოდნის გაცვლასა და ახალ ბაზრებზე წვდომაშია", აცხადებს Global Tech Weekend-ის CEO მედეა ჯანჯღავა.

Global Tech Weekend 2026: სამი ქალაქი, ერთი გლობალური მოძრაობა

2026 წელი Global Tech Weekend-ისთვის საერთაშორისო გაფართოების წელი იყო. მოძრაობამ წელი მარტში San Francisco Business Week-ით დაიწყო, 15-17 მაისს Global Tech Weekend Tashkent გამართა, ხოლო 19-21 ივნისს თბილისში სამდღიან გლობალურ ტექნოლოგიურ ფესტივალს უმასპინძლა.

Global Tech Weekend  Tbilisi 2026 ციფრებში:

  • 10,000+ დამსწრე

  • 250+ სპიკერი

  • 300+ ინვესტორი

  • 150+ პარტნიორი

  • 12+ სექტორი

Global Tech Weekend 2027-ის გახსნა: დასწრება და რეგისტრაცია

Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება 2026 წლის 5 დეკემბერს,  Mtatsminda Hall-ში, დახურულ ფორმატში გაიმართება. მონაწილეობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით, Global Tech Weekend-ის ოფიციალურ Luma კალენდარში.

რეგისტრაცია: Luma-ს ბმული

დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეებისთვის ეწვიეთ Global Tech Weekend-ის ოფიციალურ ვებგვერდს: https://gtwt.ge/

სოციალური ქსელები: Instagram, Facebook, LinkedIn 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა