საერთაშორისო ბრენდებს სურთ, მინი-რეგიონული ლოგისტიკური ჰაბები სწორედ საქართველოს მიმართულებით განავითარონ - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორის, მიხეილ ნამადოვის განმარტებით, საქართველო ლოგისტიკური მიმართულებით თითქმის ყველა სექტორისთვის საინტერესო ხდება. როგორც მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ამ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნადი FMCG, რითეილ, ავტონაწილებისა და სამშენებლო სექტორებია, ხოლო საერთაშორისო ბრენდები უკვე საქართველოს მიმართულებით რეგიონული ჰაბების განვითარების ინტერესს გამოხატავენ.
„დღეს, ყოველდღიურ ჭრილში, პირველ რიგში, FMCG სექტორს ვუკავშირდებით, ასევე აქტიურად ვითარდება საცალო ვაჭრობა (რითეილი), სამშენებლო მასალების ბაზარი და, განსაკუთრებით გამოვყოფდი, ავტონაწილების სექტორს, რომელიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება. სხვათა შორის, დუბაი მთელ რეგიონში ერთ-ერთი საკვანძო ლოგისტიკური ჰაბი იყო, საიდანაც, მათ შორის, საქართველოც მარაგდებოდა. დღეს კი საერთაშორისო ბრენდები უკვე თავად გვიკავშირდებიან. მათ სურთ მინი ლოკალური და რეგიონული ჰაბების განვითარება სწორედ საქართველოს მიმართულებით. ამიტომ, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თითქმის ყველა სექტორისთვის საინტერესო პარტნიორი ვხდებით“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.
Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორის თქმით, ახლო აღმოსავლეთში რთულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ საზღვაო გადაზიდვები მნიშვნელოვნად დააზარალა, რის შედეგადაც ტვირთების ტრანზიტის ვადები მკვეთრად გაიზარდა. ნამადოვის შეფასებით, კომპანიებისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოკალური მარაგებისა და წარმომადგენლობების შექმნა, რადგან კონკურენცია მაღალია და ბაზარზე შეფერხებები ბიზნესისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის.
„როგორც მინიმუმ, ისინი ფიქრობენ ლოკალური წარმომადგენლობის გახსნაზე ან საკუთარი მარაგების დივერსიფიკაციაზე. ფაქტობრივად, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, უკვე ორი-სამი თვეა, სრული კოლაფსია უშუალოდ სპარსეთის ყურის რეგიონში. ამ ვითარებამ და შექმნილმა წნეხმა უარყოფითი გავლენა მოახდინა საზღვაო ხაზებზეც და გადაზიდვები მთლიანად არეულია. მაგალითად, თუ ადრე ჰამბურგიდან ფოთში კონტეინერი დაახლოებით 3-4 კვირაში ჩამოდიოდა, დღეს ეს პროცესი უკვე 2-2.5 თვემდე იწელება. აქედან გამომდინარე, ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რადგან ყველას კარგად ესმის, თუ დღეს პროდუქცია თაროზე არ გიდევს, ხვალ რომელიმე ლოკალური მოთამაშე ჩაგენაცვლება და ბაზრიდან ამოვარდები. კონკურენცია საკმაოდ მძაფრია“, - აღნიშნა ნამადოვმა.
სხვა სიახლეები
Wizz Air-მა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი პლატფორმა წარადგინა
13.07.2026.15:00
Wizz Air-მა ოფიციალურად წარადგინა WIZZ Holidays - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტურისტული პაკეტების დაჯავშნის ახალი პლატფორმა, რომელიც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის დაგეგმვას ამარტივებს.
WIZZ Holidays მოგზაურობის დაგეგმვისა და Wizz Air-ის რეისებზე დაფუძნებული ტურისტული პაკეტების დაჯავშნის უფრო გონივრულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს. ახალი სლოგანით „Unpackage Yourself“ პლატფორმა მოგზაურობის ახალ ეპოქას უსვამს ხაზს, სადაც რთული დაგეგმვის პროცესს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და მარტივი ორგანიზება ცვლის.
WIZZ Holidays იყენებს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობებს, რათა მომხმარებლებს ერთიან ჯავშანში გააერთიანონ ავიაბილეთები, სპეციალურად შერჩეული განთავსების ობიექტები და სახმელეთო ტრანსფერები.
ტრადიციული ტურისტული პაკეტებისგან განსხვავებით, WIZZ Holidays მრავალქალაქიანი და სხვადასხვა სახის ტრანსპორტის გამოყენებით დაგეგმილი მარშრუტების შექმნის შესაძლებლობასაც იძლევა. შედეგად, მოგზაურებს შეუძლიათ ერთი მოგზაურობის ფარგლებში რამდენიმე დანიშნულების ადგილი მოინახულონ, სხვადასხვა კავშირის ცალ-ცალკე ორგანიზების საჭიროების გარეშე.