საერთაშორისო სპეციალისტების ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანაში საერთო პროფესიულ დონეს მაღლა სწევს - გიორგი მარიამიძე
როდესაც ქართველი და არარეზიდენტი სპეციალისტები საერთაშორისო კომპანიაში ერთად მუშაობენ, ჩვენი კადრები იღებენ უცხოურ გამოცდილებას, მეტს სწავლობენ და ამით სპეციალისტების საერთო ხარისხი იზრდება, - ამის შესახებ სქილვილ შვეიცარიული კოლეჯის დამფუძნებელმა და თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი მარიამიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ICT და განსაკუთრებით IT სექტორში უცხოელი სპეციალისტების შემოსვლა ქართველ კადრებთან კონკურენციას არ ქმნის და უფრო შემავსებელ როლს ასრულებს.
„შესაძლოა საკითხი სენსიტიური იყოს და ჩნდებოდეს განცდა, თითქოს ადგილობრივები და არარეზიდენტები ერთმანეთს უწევენ კონკურენციას. თუმცა, IT და ტექნოლოგიების სფეროში კონკურენციის რისკს საერთოდ ვერ ვხედავ. ამ სექტორის ბაზარი, საბოლოო ჯამში, მთელი მსოფლიოა, ის იმდენად დიდია, რომ ჩვენი მცირე ქვეყნის პირობებში ადგილი ყველასთვის მოიძებნება. ვინც მაღალ კვალიფიკაციას ფლობს, ის პროექტს ამერიკაშიც იპოვის, დიდ ბრიტანეთშიც, ევროპასა თუ იაპონიის განვითარებულ ბაზრებზე.
შესაბამისად, ამ ნაწილში შიდა კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია. პირიქით, ვფიქრობ, საერთაშორისო სპეციალისტების ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანაში საერთო პროფესიულ დონეს მაღლა სწევს. როდესაც ქართველი და არარეზიდენტი სპეციალისტები საერთაშორისო კომპანიაში ერთად მუშაობენ, ჩვენი კადრები იღებენ უცხოურ გამოცდილებას, მეტს სწავლობენ და ამით სპეციალისტების საერთო ხარისხი იზრდება. ამიტომ, IT სექტორში ეს პროცესი ცალსახად დადებითია როგორც მთლიანი ეკონომიკისთვის, ისე ადგილობრივი კადრების განვითარებისთვის“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე.
სხვა სიახლეები
სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს - მიხეილ ნამადოვი
03.11.2026.19:00
სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს , - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.
გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.
ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.