საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც კვიპროსში გაიმართა ასოციაციაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელეს, რის საფუძველზეც გადაწყდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის შექმნა, რომლის თავმჯდომარედ კომპანია „Wondernet"-ის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა მურჯიკნელი აირჩიეს.
ასევე, ცვლილებაა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, კერძოდ კი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ნინა კობახიძე საბჭოს ახალ წევრად აირჩიეს, რომელიც სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, და ამავდროულად, 2019 წლიდან BAG-ის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.
ასევე, სხდომაზე მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ახალ თავმჯდომარედ, თორნიკე კუჭავა აირჩიეს, რომელიც სამშენებლო კომპანია „ანაგის" საინვესტიციო დირექტორია, ხოლო ტურიზმის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარედ ელენე მაჭავარიანი, „სილქ ჰისფითალითის" აღმასრულებელი საოპერაციო დირექტორი.
სხდომის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ასოციაციის საქმიანობის ბოლო 6 (ექვსი) თვის ანგარიში გააცნო, რომელიც, საანგარიშგებო პერიოდში, ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ასოციაციის მიმდინარე საქმიანობას ეხებოდა. ასევე, დეტალურად განიხილეს ასოციაციის წევრობაზე წარდგენილი ახალი განაცხადები, რის შედეგადაც, გადაწყდა, რომ ასოციაციაში ოთხ ახალ კომპანიას მიეცემა გაწევრიანების საშუალება.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, როგორც ახალი კომიტეტის ფორმირებასთან დაკავშირებით, ასევე საბჭოს შემადგენლობის ზრდის თვალსაზრისით. მინდა წარმატება ვუსურვო ნინა კობახიძეს საქმიანობაში, ასევე წარმატებებს ვუსურვებ კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს. დარწმუნებული ვარ, მათი საქმიანობა პროდუქტიული და კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.