საქართველო ღვინის სამშობლოა, მან მისცა მსოფლიოს ღვინო და ჩვენ ამით ვამაყობთ - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო ღვინის სამშობლოა, საქართველომ მისცა მსოფლიოს ღვინო და ჩვენ ამით ვამაყობთ –ამის შესახებ საქარველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ტურიზმის სფეროში ჩვენი ქვეყნის მზარდ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო პატარა, მაგრამ უნიკალური ქვეყანაა უნიკალური კულტურით, ხალხით, სტუმართმოყვარეობით, ღვინით და ულამაზესი ბუნებით.
„საქართველო ნამდვილად არის ღვინის სამშობლო. ჩვენ ვამაყობთ ამით და, რა თქმა უნდა, მისი პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ჩინეთში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, თუნდაც ტურისტული ცენტრების გახსნას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, ქართული ღვინისა და ზოგადად საქართველოს უფრო აქტიურ პოპულარიზაციას. ეს შეიძლება ჩინელი ტურისტებისთვისაც საინტერესო იყოს. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, პატარა ქვეყანაა, მაგრამ უნიკალური, ასე ვიტყოდი. მას უნიკალური კულტურა აქვს, უნიკალური ხალხით, სტუმართმოყვარეობით, ღვინითა და ულამაზესი ბუნებით.. საქართველოში 22 კლიმატური ზონაა. ერთ ადგილასაა ყველაფერი თავმოყრილი, - გვაქვს უდაბნო, სუბტროპიკული ზონა, მთები, შავი ზღვა, როგორც იცით , მდინარეები - 26 000 მდინარე - და ტბები. ამიტომ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უნიკალური ადგილია სანახავად.. ტურისტიც ბევრი გვყავს. პანდემიამდე, წელიწადში, 9.3 მილიონი ადამიანი სტუმრობდა ქვეყანას. საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 3.7 მილიონია. ამიტომ, პოტენციალი დიდია ამ მიმართულებით.. ჩინეთის მეტი მოქალაქე გვინდა ვიხილოთ საქართველოში ტურისტად ჩამოსული. საუბარი მაქვს ტურისტულ ჯგუფებსა და ტურისტულ სააგენტოებზე, რომლებმაც შეიძლება წარმომადგენლობები გახსნან და ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინონ. რა თქმა უნდა, მეტი ქართველიც უნდა ეწვიოს ჩინეთს - თქვენს მშვენიერ, უნიკალურ ქვეყანას. მაგრამ, ღვინო ნამდვილად ჩვენი სიამაყეა. საქართველომ მისცა მსოფლიოს ღვინო და ჩვენ ვამაყობთ ამით.",– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.