საქართველოს ბანკი არქიტექტურის სტუდენტებისთვის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას იწყებს
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ლიდერული თვისებებით გამორჩეულ, შრომისმოყვარე და მოტივირებულ ახალგაზრდებს ფინანსური ინსტიტუტი ერთი წლის განმავლობაში პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლას დაუფინანსებს.
ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა. რაც ნიშნავს იმას, რომ ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება.
„სიმბოლურია, რომ საქართველოს ბანკის სათავო ოფისი გიორგი ჩახავას მიერ შექმნილ, მსოფლიოში ცნობილ შენობაშია განთავსებული. საქართველოს ბანკის გუნდისთვის განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ჩვენ ხელს ვუწყობთ კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების, გამორჩეული ქართველი ხელოვანების შესახებ ცნობიერებისა და ინტერესის ამაღლებას, რაც ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში გამოიხატება. ჩახავას სტიპენდიის შექმნა ჩვენი ღირებულებების გაერთიანების შედეგია - გვინდოდა ჩვენი რწმენა ახალგაზრდებსა და მათ პოტენციალში კულტურულ ნარატივში გადაგვეთარგმნა. ასე შევქმენით ჩახავას სტიპენდია, რომელიც გვინდა იქცეს ახალგაზრდებისთვის შეხსენებად, რომ მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის სრულად ათვისებით, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა მსოფლიო არქიტექტურის რუკაზე კიდევ ერთხელ განათავსონ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკის ჩახავას სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, თავად შეარჩევს. დეტალური ინფორმაციის მიღებას ახალგაზრდები თავად უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან ადმინისტრაციის დახმარებით შეძლებენ. სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.