საქართველოს ბანკის 2024 წლის სტიპენდიატები Chevening-ის პროგრამაში ცნობილია
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი Chevening-ის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმ სტიპენდიატებს ასახელებს, რომელთაც დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას სრულად უფინანსებს. Chevening-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის 2024 წლის სტიპენდიატები მარიამ მაჭარაშვილი, ლევან თევდორაძე და ნანა გელაშვილი გახდნენ. მარიამ მაჭარაშვილი ექსეტერის უნივერსიტეტში ინკლუზიური განათლების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ლევან თევდორაძე ლონდონის კინგის კოლეჯის პოლიტიკური ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის, ხოლო ნანა გელაშვილი ლიდსის უნივერსიტეტში განათლების პროგრამის მაგისტრის ხარისხს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი გამარჯვებულებს არა მხოლოდ სწავლას, არამედ ისეთ ხარჯებსაც უფინანსებს, როგორებიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. „საქართველოს ბანკი 2013 წლიდან Chevening-ის პროგრამის პარტნიორია, თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ყოველწლიურად ვასახელებთ სტიპენდიატებს და მათ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლას სრულად ვუფინანსებთ. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მომავალში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი მიზანი კი უცვლელი რჩება - რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობა, რათა ხელი შევუწყოთ მათ, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ Chevening-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციისთვის, Chevening-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიატებისთვის სწავლის დაფინანსება სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.