საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონ დოლარამდეა, ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მილიონი დოლარია, რომელიც შენობის რეკონსტრუქციასა და მოწყობას მოხმარდება.
რადიო ქალაქი აჭარა კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და ის 16 ჰა. ტერიტორიაზე ინოვაციური და მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. რადიო ქალაქი სარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და გამაჯანსაღებელ სივრცეებს გააერთიანებს. აქვე მოეწყობა D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, საწარმოო და სახელოსნო ადგილები, რესტორნები, ბარები, სკეიტპარკი და სპორტული კორტები.
რადიო ქალაქის განვითარება 2023 წელს დაიწყო და პროექტის პირველი ფაზა 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.
„საქართველოს ბანკსა და აჭარა კოლექტივს 10 წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი საინტერესო და მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. ჩვენთვის საამაყოა ისეთ განსხვავებული კონცეფციის მქონე უნიკალურ პროექტში მონაწილეობა, როგორიც რადიო ქალაქია, რადგან პროექტს, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ვფიქრობთ, ამ პროექტის სახით, ქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, რაც, თავის მხრივ, ქალაქის განტვირთვას და სხვა უბნების განვითარებასა და გაძლიერებას შეუწობს ხელს.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ლალი ყელაურაძემ.
„მდგრადი და საზოგადოების ინტერესების ამსახველი პროექტების განვითარება სჭირდება ყველა ქალაქს, უბანს და რეგიონს. აჭარა კოლექტივის მიერ შექმნილი ქართული ბრენდები და პროექტები კი ქვეყანაში სწორედ ასეთი ბიზნეს-საქმიანობის მაგალითია. ჩვენთვის პროექტის წარმატება განისაზღვრება ორი ძირითადი კრიტერიურიმით — რამდენად შექმნა პროექტმა რაიმე ახალი, საინტერესო, განსხვავებული და რამდენად მოახდინა დადებითი გავლენა მის გარშემო სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენი გათვლებით, რადიო ქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის უამრავ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ - ამბობს აჭარა კოლექტივის აღმასრულებელი დირექტორი, ნატო ჯაფარიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.